Accessibility links

logo-print

ჟურნალისტთა გაერთიანება სიტყვის თავისუფლების დასაცავად


დღეს, 7 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში ოფიციალურად დაფუძნდა ახალი ორგანიზაცია, სახელწოდებით ”ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის.”

ორგანიზაციის დაფუძნების იდეა მოდის, ძირითადად, იმ ჟურნალისტებისაგან, რომლებსაც პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები შეექმნათ ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან დაახლოებული მფლობელების მხრიდან ზეწოლის გამო. პროფესიული სოლიდარობის ნიშნით გაერთიანებული ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ უპირველესად შესაცვლელია საკანონმდებლო ბაზა და მედიაგარემო, რომელიც ბევრ ჟურნალისტს ღირსეული საქმიანობის საშუალებას უსპობს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა ”პოსტ-სკრიპტუმის” ყოფილ ჟურნალისტს, დათო ჩაგანავას, ტელევიზიიდან დათხოვნის მიზეზად ხშირი დაგვიანებები და უდისციპლინობა დაუსახელეს. მანამდე მის მიერ 2007 წლის ნოემბრის ცხელ დღეებში მომზადებული ორი საკმაოდ მწვავე სიუჟეტი ეთერში არ გავიდა. ერთი მათგანი, რომელიც ზუგდიდში მომხდარ ამბებს ეხებოდა, მაშინ პირდაპირ ანონსიდან ამოიღეს. საუბარია ყველანაირი ტრანსპორტის დაბლოკვაზე, რომ ხალხი თბილისისაკენ არ დაძრულიყო და მშვიდობიან მიტინგს არ შეერთებოდა:

[დათო ჩაგანავა] ”მივედი, ვნახე სიტუაცია და გადავიღე. ძალიან მარტივი იყო: პოლიციას გაჰყავდა სამარშრუტო ტაქსები, მატარებელს გადმოუგზავნეს ცოტა რაოდენობით ბილეთები და პროდიუსერს ავუხსენი იქიდანვე, რომ ეს იყო თემა, რომელიც უნდა გაკეთებულიყო, რადგან პრობლემა სისტემური იყო და არ იყო ისე, რომ ვიღაც აქტივისტი გამოვარდა და ბორბალი გახეთქა. დამთანხმდნენ, სიუჟეტი გავამზადე, ჩაჯდა ანონსში და კვირა დილით ანონსიდან ამოვარდა სიუჟეტი.”(სტილი დაცულია)
დღეს დათო ჩაგანავა ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მისი ტელევიზიიდან წამოსვლა კი არა, არამედ, საერთოდ, ამ სფეროში - ჟურნალისტიკაში - არსებული არაპროფესიონალიზმია. ერთ-ერთ გამოსავლად კი მას ჟურნალისტური სოლიდარობა მიაჩნია:

[დათო ჩაგანავა] ”მე ვფიქრობ, რომ რეალურია. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ამას ბევრი რამე სჭირდება. ბევრ ადგილას ბევრი ადამიანის ბრძოლა სჭირდება.”(სტილი დაცულია)

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ტელეარხი და პოპულარული საავტორო გადაცემა დაიხურა. ცნობილი ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ერთი იმათგანია, რომელსაც იძულებით რამდენიმე არხის დატოვება მოუხდა. ინგა გრიგოლიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ჟურნალისტთა პროფესიული ნიშნით გაერთიანებას მხარს უჭერს, თუმცა ეს წამოწყება საკმაოდ დაგვიანებულად მიაჩნია.

[დათო ჩაგანავა] ”მე, მაგალითად, ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს მხარდაჭერას ნებისმიერი ჟურნალისტის მიმართ, ვისაც სამსახურთან, სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში ექმნებოდა პრობლემები და გავაგრძელებ იგივეს. თუმცა, როგორც ასეთი, არ მჯერა ასეთი გაერთიანებების ქმედუნარიანობის. და მე მინდა, რომ ეს ისეთი ფორმალური კი არ იყოს, არამედ რეალობაში მართლა მოახერხოს იმის გაკეთება, რაც დღეს ჟურნალისტებს ძალიან სჭირდებათ - სიტყვის თავისუფლების დაცვა.”(სტილი დაცლია)

ჟურნალისტები სიტყვის დასაცავად სახალხო დამცველის ოფისში რამდენჯერმე შეიკრიბნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ახალი ორგანიზაციისთვის ასეთივე სახელი დაერქმიათ. ორგანიზაციის შექმნის იდეა კი საკაბელო ტელეკომპანია ”მაესტროს” დირექტორს მამუკა ღლონტს ეკუთვნის. აღნიშნულ ტელეკომპანიას ნოემბრის მოვლენების შემდეგ მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზია შეუჩერა. მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა აპრობირებულ საშუალებას გამოიყენებს:

[მამუკა ღლონტი] ”ვიმუშავებთ როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე არ მოვერიდებით მიტინგებისა და რაღაც აქციების ჩატარებასაც, მაგრამ მთავარი საქართველოში მაინც საკანონმდებლო კუთხით მუშაობაა, რათა გამოსწორდეს ის კანონები, რომელიც აძლევს მანიპულაციის საშუალებას ბევრ ბიუროკრატს.” (სტილი დაცულია)

ახალი ჟურნალისტების უფლებებისათვის ბრძოლას კონკრეტული გაერთიანების ფარგლებში მხარს უჭერენ, ძირითადად, ის ჟურნალისტები, რომლებსაც პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები შეექმნათ ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან დაახლოებული მფლობელების მხრიდან ზეწოლის გამო. ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი, რომელსაც პრინციპული მოსაზრებების გამო ცოტა ხნის წინ ასევე მოუწია ტელეკომპანია ”მზის” პროდიუსერის პოსტის დატოვება, მიიჩნევს, რომ ყველაზე უფრო ჟურნალისტებს ერთმანეთის მოსმენა სჭირდებათ:

[ნინო ჟიჟილაშვილი] ”ეს არის მართლა კარგი, რადგან ჩვენ მართლა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, გულახდილად საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ გულწრფელობა გვაკლია არა მხოლოდ ჩვენს მაყურებელთან და აუდიტორიასთან საუბრისას, არამედ ერთამენთთანაც. ისევ ჩვენი ბრალია, რაც ხდება. და იქნებ, როცა ერთად ვიქნებით და სოლიდარული ვიქნებით, ერთმანეთს უფრო ხშირად დაველაპარაკებით, იქნებ მეტი შევძლოთ. ფაქტია, რომ ძალიან დამარცხებულ პოზიციებში ვართ ახლა.”(სტილი დაცულია)

თუმცა ”დამარცხებულ პოზიციაში” თავს არ გრძნობენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესის მფლობელობაში არსებული ქართული ტელეკომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ჟურნალისტთა უფლებათა დამცველ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე უარი თქვეს.

თანაც, ერთი პრობლემაცაა. ყველა ქართველ ჟურნალისტს, ვინც თანაუგრძნობს მსგავსი გაერთიანების შექმნას, აწუხებს უმთავრესი კითხვა - როგორ მოახერხებს რომელიმე გაერთიანება აიძულოს კერძო სატელევიზიო არხებისა და ბეჭდური გამოცემების მენეჯერები, რომ სამსახურიდან არ დაითხოვონ გამოცდილი ჟურნალისტები და არ შეცვალონ მაღალრეიტინგული პოლიტიკური ტოკ-შოუ გასართობი ჟანრის გადაცემით მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე ჩინოვნიკს ესა თუ ის გადაცემა არ ესიამოვნება.
XS
SM
MD
LG