Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ჩინგიზ აიტმატოვი


"მსოფლიო ლიტერატურამ დიდი დანაკლისი განიცადა" - ეს ტრაფარეტული და უაღრესად ბანალური ფრაზა ამჯერად ლიტონი სიტყვების ნაკრები არ არის:

ჩინგიზ აიტმატოვის გარდაცვალებით მსოფლიო ლიტერატურამ მართლაც დიდი, გამორჩეული ავტორი დაკარგა. ყირგიზი მწერლის ნაწარმოებები 170-მდე ენაზეა თარგმნილი და მათ შორის, ცხადია, ქართულიც არის. ასე რომ, აიტმატოვი ბევრი ქართველის საყვარელი მწერალიც არის.

იმ მწერლებს შორის, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, ჩინგიზ აიტმატოვს გამორჩეული ადგილი უკავია. ერთი მხრივ, იგი უდავოდ ეკუთვნის საბჭოთა მწერლობის უნიჭიერეს წარმომადგენელთა რიცხვს. მეორე მხრივ, აიტმატოვი საბჭოთა მწერლის განსახიერება იყო, ხოლო მის სამწერლო კარიერას თამამად შეიძლება ვუწოდოთ სოციალისტურ სახელმწიფოში მოღვაწე, მისივე მეხოტბე ავტორის ტიპური კარიერა: მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ყირგიზეთის ყრუ პროვინციიდან საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ჩასული ახალგაზრდა მუშაობდა ჟურნალისტად, რედაქტორად, მწერალთა კავშირის მდივნად... მოგვიანებით უზენაესი საბჭოს დეპუტატის მანდატის მფლობელიც გახდა.

ამავე დროს, 1958 წელს დაწერილმა სადიპლომო ნაშრომმა, მოთხრობა "ჯამილამ", ხალასი ნიჭის გარდა, ახალგაზრდა ავტორის მეამბოხე სულიც გამოავლინა: დამწყებ ავტორს ბევრმა უსაყვედურა, როგორ შეიძლება ქმრის ღალატის განდიდებაო; როგორ შეიძლება გაამართლო სიყვარული, რომელიც გათხოვილ ყირგიზ ქალს ფრონტზე ნაომარ ქმარს დაავიწყებს და სხვა მამაკაცისკენ გაახედებსო.

"ჯამილა" მხოლოდ ყირგიზულ ენაზე რომ გამოქვეყნებულიყო, ეს მოთხრობა, შესაძლოა, აიტმატოვის უკანასკნელი ნაწარმოებიც გამომდგარიყო. მაგრამ რუსულად გამოქვეყნებამ მას საერთაშორისო სარბიელისკენ გაუხსნა გზა. ფრანგულ ენაზე "ჯამილას" მთარგმნელმა, სიურრეალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და მგზნებარე კომუნისტმა ლუი არაგონმა ამ მოთხრობას "სიყვარულის თემაზე შექმნილი უმშვენიერესი ნაწარმოები" უწოდა და, შეიძლება ითქვას, სოციალისტური ლიტერატურული კრიტიკის ქარ-ცეცხლს გადაარჩინა იმხანად 30 წლის ავტორი.

კიდევ ერთი კომუნისტი, მოგვიანებით კი მგზნებარე ანტი-კომუნისტად ქცეული ართურ კესტლერი ერთ ესეში წერდა: "საბჭოთა მთავრობა კაცობრიობის ისტორიაში პირველი იყო, რომელმაც მოახერხა, სრული სახელმწიფო მონოპოლია დაეწესებინა არა მხოლოდ ქონების შექმნასა და განაწილებაზე, არამედ იდეების, აზრებისა და გრძნობების შექმნასა და განაწილებაზეც." წარმოშობით უნგრელი ბრიტანელი მწერლისა და კრიტიკოსის ეს მოსაზრება უდავოდ ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. ამავე დროს, საბჭოთა ლიტერატურაში აღმოცენებული და დამკვიდრებული სოციალისტური რეალიზმის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი მისი მრავალეროვნულობაც გახლდათ. ყველას გვახსოვს ლენინის ცნობილი პოსტულატი იმის შესახებ, როგორი უნდა ყოფილიყო ლიტერატურული ნაწარმოები: "ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური". ლიტერატურის საბჭოთა თეორეტიკოსების მიერ გამოგონილი "მრავალეროვნულობის" ასპექტი კი იმასაც ნიშნავდა, რომ ხელისუფლება ყოველმხრივ მხარს უჭერდა და აქეზებდა ეროვნულ უმცირესობათა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილი. ასეთთა შორის კი უდავოდ იყო ჩინგიზ აიტმატოვიც.

მის თაყვანისმცემელთაგან ერთ-ერთია საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი, რომელმაც აიტმატოვი ჯერ თავის მრჩევლად, შემდეგ კი ლუქსემბურგში საბჭოთა კავშირის ელჩად დანიშნა. მოგვიანებით, 90-იან წლებში, ყირგიზი მწერალი უკვე დამოუკიდებელი ყირგიზეთის ელჩად მუშაობდა ევროპის კავშირში, ნატოში, იუნესკოსა და ბენილუქსის ქვეყნებში. დიპლომატიურ ასპარეზზე გასული ავტორი ბოლო წლებში ნაკლებს წერდა. 1998 წელს გამოიცა აიტმატოვის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "ბავშვობა ყირგიზეთში", ხოლო 2005-ში - ეკოლოგიის თემაზე შექმნილი მისი რომანი "როცა მთები იშლება".

ეს წიგნები, ისევე, როგორც აიტმატოვის ნაწარმოებთა უმრავლესობა, რუსულად დაიწერა. საერთოდ, ძნელი სათქმელია, მოიპოვებდა თუ არა აიტმატოვი მსოფლიო აღიარებას, ყირგიზულ ენაზე რომ ეწერა. მსოფლიო აღიარება კი მან მართლაც მოიპოვა. "ჯამილა" უკვე ვახსენეთ. მას მოჰყვა "გამოთხოვება გიულსარისთან", "თეთრი გემი", "და დღე იყო წუთისოფელზე უფრო გრძელი", "საჯალათო კუნძი".

როგორც რადიო "თავისუფლების" ყირგიზული სამსახურის დირექტორმა ტინჩტიყბეკ ჩოროევმა მითხრა, აიტმატოვი ორ საწყისს აერთიანებდა. ერთი იყო ეროვნული, ყირგიზული საწყისი, ხოლო მეორე - საერთო-საბჭოთა, რაც რუსული ენის მეშვეობით ხორციელდებოდა. აიტმატოვი იმ იდეოლოგიური სტრუქტურის ნაწილი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირს ვუწოდებდით და რუსულ ენაში იგი ხედავდა შანსს, გამცდარიყო ყირგიზეთის ვიწრო ჩარჩოებს და მსოფლიოს ლიტერატურულ ასპარეზზე გასულიყო.

თავად აიტმატოვი რადიო "თავისუფლების" ყირგიზული გადაცემების ერთგული მსმენელი იყო. აი, რა თქვა მან ამ ნახევარი წლის წინათ, ჩვენი ყირგიზი კოლეგებისთვის მიცემულ ინტერვიუში:

[ჩინგიზ აიტმატოვის ხმა]: "მინდა გითხრათ, რომ უწინაც და "პერესტროიკის" წლებშიც ძალიან გაგვიჭირდებოდა ცხოვრება რადიო "თავისუფლების" გადაცემების გარეშე. და ვფიქრობ, რადიო "თავისუფლება" დღესაც მნიშვნელოვან მისიას ასრულებს. დემოკრატია ერთი ხელის დაკვრით ვერ აშენდება, ერთ ღამეში ვერ განვითარდება. დემოკრატია გამუდმებულ მოძრაობაში უნდა იყოს, როგორც ერთგვარი დინება. რადიო "თავისუფლება" ამ პროცესს ემსახურება."

ჩინგიზ აიტმაიტოვი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის ერთ-ერთ საავადმყოფოში. მას 14 ივნისს, მშობლიურ ყირგიზეთში დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG