Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური ძალადობა გრძელდება


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა თქმით, გრძელდება მათი მხარდამჭერების დევნა-შევიწროება.

საქმე ისაა, რომ 10 ივნისს დაუდგენელი პირები თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბიძას, ზურაბ გიგუაშვილს, დაესხნენ თავს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას, თქმით, დაზარალებული ოთხმა ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა საკუთარი სახლის სადარბაზოდან გაიტაცა, ფონიჭალაში წაიყვანა და სასტიკად სცემა. ექიმების თქმით, გიგუაშვილს დაზიანებული აქვს ნეკნი და ფილტვის ქსოვილი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ძალადობის ფაქტებმა განსაკუთრებით არჩევნების დასრულების შემდეგ იმატა.

არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აწარმოებენ, არჩევნების შემდეგ, ანუ 21 მაისიდან, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და აქტივისტებზე ცამეტი თავდასხმა განხორციელდა:

[დავით გამყრელიძის ხმა] „როცა სახლიდან მოდიოდა, დიღმის ხიდთან წინ გადაუდგა მანქანა, საიდანაც გადმოხტნენ ნიღბიანი ადამიანები და რკინის ხელკეტებით სცემეს. ამჟამად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მოტეხილი აქვს ფეხი...“

ასე აღწერდნენ ახალი მემარჯვენეების ლიდერები თანაპარტიელის, სამხედრო აკადემიის რექტორის, გიორგი თავდგირიძის მდგომარეობას თავდასხმის შემდეგ. სახალხო დამცველის მოადგილემ სოფო ხორგუანმა კი ძალადობის ფაქტების გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, თავდამსხმელები ერთი ხელწერით მოქმედებენ:

[სოფო ხორგუანის ხმა] „ერთადერთი შემთხვევა გვაქვს, როცა წინასწარ დაემუქრნენ და აუსრულეს... გორში იყო ასეთი რამ. დანარჩენ შემთხვევებში სცენარი ერთი და იგივეა. ძირითადად, 4-5 ადამიანი, ნიღბით და კასტეტებით. სახეში არ ურტყამენ, ძირითადად, ასეთი ტექსტებით: ძვლები არ დაუმტვრიოთ, თირკმელებში და ფილტვებში... ანუ ისე სცემონ, რომ ძალიან არ დააზიანონ, მაგრამ ურტყამენ გამეტებით. გაჰყავთ ქალაქგარეთ, სცემენ და ტოვებენ ტყეში.“


დაახლოებით ასეთივე სცენარით მოქმედებდნენ ის ბოროტმოქმედები, რომლებიც 10 ივნისს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბიძას, ზურა გიგუაშვილს, დაესხნენ თავს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას, თქმით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სხეულის განზრახ დაზიანების სახით, ჩადენილია სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული:

[ეკა ბესელიას ხმა] „ქვეყანაში არის ტერორი, ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით... ზურა გიგუაშვილს წაართვეს ”ნოუტბუკი” და მობილური ტელეფონი. ეს არ არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა. ამას გამოვრიცხავ იმის გამო, რომ, ცემის გარდა, ეუბნებოდნენ, რომ ჩამოშორდი ოქრუაშვილის პარტიასო.“(სტილი დაცულია)

ოპოზიციის მხარდამჭერებზე განხორციელებული თავდასხმები აშფოთებს სახალხო დამცველსაც. სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფამ სისტემური ხასიათი მიიღო:

[სოზარ სუბარის ხმა] „ეს ადამიანები, რომლებიც სასტიკად სცემეს ნიღბიანებმა, არჩევნების პერიოდში ხელისუფლების ოპონენტები იყვნენ. შესაბამისად, სიმართლეზე თვალის დახუჭვა იქნება, მათ მიმართ განხორციელებული ანგარიშსწორება რომ რიგით კრიმინალს მივაწეროთ. მთავარი მიზანი, რასაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიზანმიმართული ცემა ემსახურება, არის არა იმდენად მათი დასჯა, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის დაშინება.“

თუმცა ამგვარ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ამბობს, რომ უკლებლივ ყველა არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპონენტებს დღენიადაგ თანამშრომლობას სთავაზობს, ძალადობა არაფერში სჭირდება:

[გიგი წერეთლის ხმა] „ოპოზიციას ვთავაზობთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობებს, საპარლამენტო მართვაში უფრო მაღალი დონის მონაწილეობას, აგერ მემორანდუმზე გვაქვს საუბარი და ამ დროს ახორციელებდეს ტერორს?! სად არის აქ ლოგიკა?“

გიგი წერეთლი არ გამორიცხავს იმას, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებით სხვა რომელიმე ძალა იყოს დაინტერესებული. ამიტომ, დეპუტატის თქმით, შესაძლო პროვოკაციების გამოსარიცხად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუხსნელი არ უნდა დატოვოს ხელისუფლების ოპონენტებზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი. თუმცა ჯერჯერობით გამოძიებას, გარდა იმისა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG