Accessibility links

logo-print

”პოლიტიკური ქორწილი არ შედგება” - ამ სათაურით ქვეყნდება ”24 საათში”


”პოლიტიკური ქორწილი არ შედგება” - ამ სათაურით ქვეყნდება ”24 საათში” ექსპერტების - არჩილ გეგეშეძისა და გია ხუხაშვილის - მოსაზრებები

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგისა და შეთანხმების პერსპექტივის შესახებ. არჩილ გეგეშიძე: ”საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ინტერესებშია ის, რომ ბატალიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. თუმცა დღევანდელ ვითარებაში შეხების წერტილის პოვნა, კონსენსუსის პოვნა ძნელია. ოპოზიციის თვალთახედვით, ხელისუფლებას არ გააჩნია ლეგიტიმაცია. ბუნებრივია, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე პროცესების შეტანა დარბაზებში მათ სამომავლო ავტორიტეტზე ცუდად იმოქმედებს”, - ამბობს არჩილ გეგეშიძე. გია ხუხაშვილის აზრით კი, ”პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა პარლამენტში ნულოვანია. ხელისუფლება იქცევა როგორც საქმრო, რომელიც მხოლოდ ქორწინებამდე იძლევა მომხიბვლელ დაპირებებს. ოპოზიცია კი გამოიწრთო იმდენად, რომ არ ენდობა სიტყვებზე და არ მიჰყვება ცოლად, გარანტიებს ითხოვს. იმდენად დიდი უპირატესობა აქვს ხელისუფლებას, რომ გარანტიების გარეშე კონტრაქტის საფუძველიც კი არ არსებობს. ასე რომ, ქორწილი არ იქნება”, - ამბობს ხუხაშვილი.

”რეზონანსი” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ცინცაძე შენიშნავს, რომ ”ოპოზიციისთვის ეს არჩევნები უკანასკნელი შანსი იყო ადგილობრივ არჩევნებამდე. თანაც, ოპოზიციამ დროზე ადრე დაიწყო ცოცხალი დათვის გატყავება. მესმის, რომ ბევრი რამ მოულოდნელი იყო, მაგრამ პოლიტიკაში მოულოდნელი არაფერია. ჯერ კიდევ როდის დაიწყეს ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდებაო. როგორც ჩანს, მარტო ლაპარაკობდნენ და არ ემზადებოდნენ. ოპოზიციიდან ყველაზე გონივრულად იქცევიან რესპუბლიკელები. საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობენ და მშვიდ გარემოში აანალიზებენ საკუთარ შეცდომებს”, - ამბობს სოსო ცინცაძე.

”ვერსია”: ”გინდ ფეხები აბაკუნე, გინდ ”ჩიჩოტკა” გააჩაღე, გინდ პიკეტი გამართე, გინდ პარკეტი დააგე, ქვეყანას ახალი პარლამენტი ჰყავს და ამ ახალ პარლამენტს - ახალი თავმჯდომარე”, - წერს ავტორი. ”ვერსიაში” დღეს ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან, სათაურით ”გია ცაგარეიშვილის აღსარება”. რესპონდენტი ამბობს: ”ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მასში ოპოზიცია არ მონაწილეობს. ჩვენ კი ორი შეხვედრა გვქონდა ”ენდიაისთან”, რომელიც მთელ რიგ პირობებს გვთავაზობს და ეს პირობები, სხვათა შორის, იმ ჩვიდმეტპუნქტიანი მემორანდუმის საკითხებსაც იმეორებს, რომელიც სამი თვის წინ ხელისუფლებამ თავზე დაგვახია. თუ ეს პირობები შესრულდა, უმცირესობის უფლებები პარლამენტში დაცული იქნება და მაშინ გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ. კარჩაკეტილობა ქართულ პოლიტიკას ხეირს არ მოუტანს”, - ასკვნის ცაგარეიშვილი ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”საქართველოს რესპუბლიკა”, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი - მაგდა ანიკაშვილი: ”ვფიქრობ, ოპოზიცია საკუთარი განცხადებებისა და წინასაარჩევნო დაპირებების მძევალია. ისინი ამ ხელისუფლებას შეცვლიდნენ 22 მაისს ან დაიწყებდნენ აჯანყებას - ეს იყო დაპირება. ამიტომ ახლა ჩიხში არიან შესულნი. ჩვენი დაპირება კი ასეთი იყო: ჩვენ არ გპირდებით აჯანყებას, არამედ გპირდებით ცვლილებებს. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ხალხის აჯანყების შანსი არ არსებობს”, - ამბობს მაგდა ანიკაშვილი.

დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი თემა გახლავთ საპატიმროებში არსებული მდგომარეობა. ”რეზონანსი” და ”ახალი თაობა” მკითხველს შეახსენებენ, რომ მიმდინარეობს პატიმარი ქალების შიმშილობის აქცია. ”რეზონანსისთვის” უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს უთქვამს, არ არის უსაფუძვლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი პატიმარი ციხეში კვდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაშიო. ”ახალი თაობა” ადვოკატ ლალი აფციაურს ესაუბრა. მისი აზრით, ციხეებში არსებული პირობების გამო განგაშია ასატეხი. ”მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ქალთა კოლონიაში პატიმრებს სცემენ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცემაზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ნაკლებია ის პირობები, რომ მორიგეობით სძინავთ საწოლებზე, საათობით დგანან ტუალეტის რიგში, ის, რომ შეზღუდულია ოჯახთან კონტაქტი...” - ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG