Accessibility links

logo-print

რა მოჰყვება ანტიკრიზისული მემორანდუმის მიღებას?


ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, თავისი ექვსკაციანი ჯგუფით, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობაში ჩართვას არ გამორიცხავს

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ანტიკრიზისული მემორანდუმით გათვალისწინებულ ცვლილებებზე დათანხმდება. 13 პუნქტისგან შემდგარი მემორანდუმი განსახილველად საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს გადაეცათ - მათ შორის, მათაც, ვინც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში სავალდებულო ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციისათვის გამიზნული მემორანდუმი სისტემური ცვლილებების გატარებას 4 მიმართულებით განსაზღვრავს.

საარჩევნო სისტემა, სამართლებრივი სისტემა, მედია და პარლამენტი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ის 4 სფეროა, რომელიც, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის მემორანდუმის თანახმად, ახალი გამოწვევების შესაბამისად მოდერნიზებას საჭიროებს.კერძოდ, საარჩევნო სისტემა, მემორანდუმის მიხედვით, მოითხოვს კოდექსში ცვლილებების შეტანას, მომავალი საპარლამენტო არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კონსენსუსის წესით დანიშვნას, მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევნებს და საპარლამენტო არჩევნებისას მომხდარი დარღვევების ზედმიწევნით გამოძიებას. თავის მხრივ, ოთხი პუნქტისგან შედგება სამართლებრივ სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებების ბლოკიც. მათ შორისაა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ოპოზიციასთან შეთანხმებით დანიშვნის, გენერალურ პროკურატურაზე საპარლამენტო კონტროლის ამოქმედებისა და სისტემაში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხი.

რაც შეეხება მედიასა და პარლამენტს, მემორანდუმის თანახმად, მედია პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, პარლამენტში კი ოპოზიციასთან შეთანხმებით განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, შეიქმნას მთავრობის ხარჯების კონტროლის კომიტეტი და შემუშავდეს კანონი ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის შესახებ. როგორც ეგრეთ წოდებული „ანტიკრიზისული მემორანდუმის“ პრეზენტაციაზე ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ქართული დემოკრატიის სრულყოფისათვის გაცილებით უფრო კონცეპტუალური პროექტის მომზადებაც შეიძლებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მემორანდუმში სწორედ ის პუნქტები მოხვდა, რომელთა განხორციელებაც, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ხელისუფლებას არ გაუჭირდება:

[გიორგი თარგამაძის ხმა]“ ამ მემორანდუმის გარშემო მიღწეულ შეთანხმებაზე და მის დაწყებაზე არის დიდწლად დამოკიდებული, რამდენად იარსებებს მოტივაცია, მთლიანობაში, ოპოზიციური სპექტრისთვის და, კონკრეტულად, ქრისტიან–დემოკრატებისთვის პარლამენტში მუშაობისათვის. ასე რომ, ამ მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებაზე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული.”

გიორგი თარგამაძეს ანტიკრიზისული მემორანდუმის პრეზენტაციიდან სამიოდე საათში გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, მემორანდუმის პუნქტებზე დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოხატა:

[დავით ბაქრაძის ხმა] “ამ დოკუმენტში არის ბევრი პუნქტი, რომელთან დაკავშირებითაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია პრინციპული კომპრომისის მიღწევა. ბუნებრივია, ეს არ შეეხება ყველა პუნქტს, მაგრამ ამ მომენტში ნაადრევია შინაარსობრივი კომენტარის გაკეთება. ის, რაც მე შემიძლია გითხრათ, ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად, როგორც უშუალოდ ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებთან, ისე ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერთან და ყველა იმ პოლიტიკური ძალის ლიდერთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია შედგეს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.“

მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ ამ მემორანდუმის საფუძველზე ხელისუფლებასთან დიალოგი შესაძლებელია, ძირითადად, არიან გაერთიანებული ოპოზიციიდან გასული პირები, კერძოდ, პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონის“ ლიდერი პაატა დავითაია.

[პაატა დავითაიას ხმა] “დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა ის პუნქტები, რომელიც არის ჩამოთვლილი ამ მემორანდუმში, მოხდება ინსტიტუციური ცვლილებები ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება ნორმალური საპარლამენტო მუშაობის განხორციელება.“ (სტილი დაცულია)

წინააღმდეგ შემთხვევაში, პაატა დავითაია პარლამენტში მუშაობაზე უარს განაცხადებს. მისგან განსხვავებით, ხელისუფლებასთან დიალოგი დაუშვებლად მიაჩნია ლეიბორისტულ პარტიას. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ერთადერთი მემორანდუმი, რომელსაც ლეიბორისტული პარტია მოაწერს ხელს, ახალი მოწვევის პარლამენტის დათხოვნა და ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებაა. ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ანტიკრიზისული მემორანდუმის ხელისმომწერებს შორის არ არიან არც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ეროვნულ საბჭოში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 13 ივნისს ისინი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ.
XS
SM
MD
LG