Accessibility links

logo-print

რა ცვლილებების გამო მოხვდა საქართველო მსოფლიოს რეფორმატორი ქვეყნების ათეულში?


ავტორიტეტიანმა ეკონომიკურმა ფორუმმა ”რეფორმატორთა კლუბმა” საქართველო მსოფლიოში რეფორმატორი ქვეყნების საუკეთესო ათეულში დაასახელა.

ეს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ”რეფორმატორთა კლუბის” ეკონომიკურ ფორუმზე გამოცხადდა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს სპეციალური ჯილდოც გადაეცა. საუკეთესო რეფორმატორებს შორის საქართველო ხუთი ათასი რესპონდენტის - ბიზნესმენების, ბანკირების, იურისტების, ეკონომისტებისა და მოსამართლეების - გამოკითხვის შედეგად დასახელდა.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველო საუკეთესო რეფორმატორთა ათეულში აღმოჩნდა. რეიტინგი მსოფლიოს ქვეყნების სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების მიხედვით მომზადდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს, ბიზნესის დაწყების, ქონების რეგისტრაციის, ინვესტორთა დაცვის, საგადასახადო სისტემის, საგარეო ვაჭრობისა და სულ 10 სფეროს რეფორმირებით, გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ჰოლანდიას ან საფრანგეთს. ამის აღსანიშნავად ნიუ-იორკში ”რეფორმატორთა კლუბმა” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

[ეკატერინე შარაშიძის ხმა] ”საქართველოში ბოლო პერიოდში ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. შედეგად, საქართველო წარმატებულ რეფორმატორ ქვეყნებს შორის წამყვან ადგილზეა. ჩვენი მიზანია ეკონომიკური მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესება. მადლობა ჯილდოსთვის - ეს თითოეული ქართველის დამსახურებაა.” (სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო რეფორმატორ ქვეყნად აღიარებას საფუძვლად დაედო მსოფლიო ბანკის გასული წლის კვლევის შედეგები. მოხსენებაში ”ბიზნესის წარმოება 2008” აღნიშნულია, რომ, საქართველოში მომხდარი ცვლილებების შედეგად, ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის გაცილებით უკეთესი პირობებია შექმნილი, ვიდრე გერმანიაში ან, თუნდაც, ბელგიაში. 2007 წლის ბოლოს გამოქვეყნებულმა ამ შედეგმა მრავალი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რიგით მოქალაქეებში.

[ონერი ძოძუას ხმა] ”ბიზნესის დაწყება, კი ბატონო, დაიწყე, მაგრამ ხვალ რა იქნება, არავინ იცის, იმიტომ რომ კანონები იცვლება ყოველ წუთს, ყოველ წამს და არავინ იცის, რა იქნება დღეს დაწყებული საქმის მომავალი.”

[მოქალაქის ხმა] ”რეალური არ მგონია, იმიტომ რომ ისრაელის და გერმანიის წინ რომ დააყენებენ საქართველოს, არა მგონია,რეალური იყოს.”

ის, რაც ჩემ მიერ გამოკითხულ ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს არარეალურად ეჩვენებათ, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის შედეგებმა აჩვენა. ამ კვლევის ავტორის, მსოფლიო ბანკის ექსპერტის, სიმეონ დიანკოვის განცხადებით, რეიტინგის შედეგებს ქვეყნის რიგითი მოსახლეობა 3-4 წლის შემდეგ იგრძნობს და არა მყისიერად. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის განცხადებით, თუ რეფორმები კვლავ გაგრძელდა, გაუმჯობესება თვალსაჩინო 5-6 წლის შემდეგ გახდება.

[გია ჯანდიერის ხმა] ”5-6 წლის შემდეგ, თუ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, ეს აუცილებლად მოიტანს საერთო დონის გაუმჯობესებას...” (სტილი დაცულია)

გია ჯანდიერი, ისევე როგორც ეკონომიკის ბევრი საერთაშორისო ექსპერტი, მიიჩნევს, რომ საქართველოს ცვლილებების გაგრძელება კიდევ ესაჭიროება. გასაუმჯობესებელია მდგომარეობა საკუთრების დაცვის თვალსაზრისით, სასამართლო სისტემაში და მონეტარულ პოლიტიკაში, ისევე როგორც საჭიროა მთავრობის ხარჯების ზრდის შეჩერება და სხვა.
XS
SM
MD
LG