Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა აირჩია კომიტეტების თავმჯდომარეები და ორი ვიცე-სპიკერი


ახალი მოწვევის პარლამენტმა 11 ივნისის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა ორი ვიცე-სპიკერი და კომიტეტების თავმჯდომარეები.

სწორედ მათით უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტის ბიურო, რომელმაც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებები და რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილოს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ოპოზიციონერთა ნაწილის შესვლა-არშესვლის საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია, ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდა და ფრაქციის შესაქმნელად განსაზღვრული კვოტის შემცირება იგეგმება. “ანტიკრიზისული მემორანდუმის” ფარგლებში კი, ხელისუფლება სხვა კომპრომისზეც საუბრობს.

ახალი მოწვევის პარლამენტში უკვე გარკვეულია თავმჯდომარის ორი მოადგილის ვინაობა. პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად, არსებული რეგლამენტის მოთხოვნათა მიხედვით, ეს პოსტები დაიკავეს ხულოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა.

(დავით ბაქრაძის ხმა) “... 111 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი. გადაწყვეტილება მიღებულია (ტაში)... გილოცავთ, ბატონო ანზორ.... / დიდი მადლობა... 110 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი. Gგადაწყვეტილება მიღებულია. Bამიტომ მიხეილ მაჭავარიანს ვულოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობას...”

ვიდრე მოადგილეებს პოსტებზე დანიშვნას მიულოცავდა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოპოზიცია ახსენა და გარკვევით თქვა, რომ, თუკი დიალოგი შედგება, ვიცე-სპიკერების რიცხვი აუცილებლად გაიზრდება:

(დავით ბაქრაძის ხმა) “ჩვენ დღეს ვირჩევთ ვიცე-სპიკერებს, თავმჯდომარის მოადგილეებს, არსებული რეგლამენტით განსაზღვრული წესით, მაგრამ, გამომდინარე სამომავლო პოლიტიკური კონსულტაციებიდან, გამომდინარე იმ შეთანხმებიდან, რომელიც შეიძლება იქნეს მიღწეული და, იმედი მაქვს, იქნება მიღწეული სხვა პოლიტიკურ ძალებთან, შეიძლება შეიცვალოს წესიც, შეიძლება შეიცვალოს რეგლამენტიც და, აქედან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს არჩეული თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობაც და მათი კანდიდატურებიც.”

ასევე ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობითა და, როგორც მოსალოდნელი იყო, წინააღმდეგობათა გარეშე, დამტკიცდა კომიტეტების თავმჯდომარეების შემადგენლობა. სია ჯერ კიდევ სამშაბათს შეთანხმდა უმრავლესობის სხდომაზე.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ოთარ თოიძე უხელმძღვანელებს, აგრარულ საკითხთა კომიტეტს - გიორგი ღვინიაშვილი, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს - გია არსენიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - აკაკი ბობოხიძე, განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტს - გიორგი გაბაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - დათო დარჩიაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - გიორგი მელაძე ჩაუდგება სათავეში, რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს - ვანო ხუხუნაიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - ზურაბ მელიქიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - პავლე კუბლაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - ლაშა ჟვანია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს -გივი თარგამაძე, საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს კი კვლავ ხათუნა გოგორიშვილი ჩაუდგება სათავეში.

ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მიზნით შეთავაზებული ცვლილებები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა, ასევე ითვალისწინებს ფრაქციის შესაქმნელად განსაზღვრული 7-კაციანი კვოტის 6-მდე შემცირებას. დასახელებული ციფრი ზუსტად შეესაბამება ქრისტიან-დემოკრატებისა და ლეიბორისტების მიერ მოპოვებული სადეპუტატო მანდატების რაოდენობას. თუმცა ლეიბორისტები პარლამენტში შესვლაზე კვლავაც უარს აცხადებენ და, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს, მათ არც 6-კაციანი ფრაქციის იდეა იზიდავთ:

(გიორგი გუგავას ხმა) “სადაც აბსოლუტური უმრავლესობა გააჩნია სააკაშვილს, ვერანაირი გავლენის მქონე ვერ იქნება... არანაირი მომხიბვლელობა მაგას არა აქვს. ლეიბორისტული პარტია იბრძვის ყოველთვის ქვეყნის ინტერესებისათვის, ხალხის ინტერესებისათვის და არა თანამდებობებისათვის.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, ის პარლამენტში უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ პოსტებს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. გიორგი თარგამაძის პოლიტიკური ორგანიზაცია გამოხატავს დაინტერესებას, რომ ხელისუფლება მათ მიერ მომზადებული 13-პუნქტიანი “ანტიკრიზისული მემორანდუმის” პირობებზე დაიყოლიოს. პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტს “შემდგომი კონსულტაციებისა და შეთანხმებისთვის” საჭირო საკმაოდ კარგი საფუძველი უწოდა და ოპოზიცია დიალოგისთვის მიიწვია. თუმცა ლეიბორისტები და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მემორანდუმის განხილვასაც კი არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG