Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


12 ივნისს გამოსული ქართული გაზეთების მთავარი თემებია საპარლამენტო უმრავლესობისა და ანტიკრიზისული მემორანდუმის მომხრე ოპოზიციონერების მოლაპარაკებები, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში მიმდინარე პროცესები და საპარლამენტო თანამდებობები.

თუმცა გაზეთი „რეზონანსი“ ვერც სამთავრობო გადაადგილებების საკითხს უვლის გვერდს. გაზეთის თანახმად, უახლოეს ხანში კვლავ დატრიალდება სამთავრობო კარუსელი, რომლის ძალითაც მთავრობაში ძველ პოსტებს დაუბრუნდებიან კობა სუბელიანი და ზაზა გამცემლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელს მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე გრიგოლ ვაშაძე დაიკავებს, ეკა ტყეშელაშვილს უზენაეს სასამართლოს ჩაუყენებენ სათავეში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდება, სამინისტროს ამჟამინდელი თავკაცი გენერალურ პორკურატურაში გადაინაცვლებს, ეკონომიკის სამინისტროს კი კახა ბენდუქიძის მარჯვენა ხელად ცნობილი ვახტანგ ლეჟავა ჩაიბარებს. „რეზონანსი“ ამ ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და შენიშნავს, რომ პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ პირველი, რაც გაკეთდება, სამთავრობო ცვლილებები იქნება.
გაზეთმა ”ალიამ” კი, როგორც თავად იუწყება, სახელისუფლებო წყაროებიდან შეიტყო, რომ ვადამდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, კანონით გათვალისწინებული 2010 წლის ნაცვლად, 2008 წლის შემოდგომაზე - დაახლოებით, ოქტომბრის ბოლოს - ჩატარდება. სააკაშვილის იდეას, შენიშნავს „ალია“, ფრთების შესხმა და პიარი სჭირდება, რისთვისაც ორიოდე დღის წინ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე დახმარება ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, სთხოვა. ინფორმაციის გადასამოწმებლად „ალია“ ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს დაუკავშირდა. აი, რა უთრა გაზეთს გიორგი თარგამაძემ: „ მე და სააკაშვილი ერთმანეთს არ შევხვედრივართ. სიმართლე გითხრათ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის წინააღმდეგი და, პირიქით, ვფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ვადის გადმოტანა, შესაძლოა, არა ამ შემოდგომაზე, თუნდაც გაზაფხულზე იქნებოდა სასარგებლო. თუმცა ამ თემაზე ჯერჯერობით ხელისუფლების პოზიცია არ მოგვისმენია.“ გაზეთ ”ალიას” თანახმად, ”მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნების 2008 წელს გამართვა რამდენიმე გარემოების გამო აძლევს ხელს: კერძოდ, 2010 წლისთვის ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების მოგება გაუჭირდება, რადგან მისი ისედაც შელახული იმიჯისგან არაფერი დარჩება, სააკაშვილი ვერ შეძლებს საპარლამენტო არჩევნების წინ უხვად გაცემული პირობების შესრულებას, ვერც მეორე საპრეზიდენტო ვადაში დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და სხვ.”, - წაიკითხავთ გაზეთ ”ალიას” ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში „ საიდუმლო შეხვედრა რეზიდენციაში?“

”ეროვნულ საბჭოში გაწმენდის პროცესი დაიწყო” – გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის რღვევის ფაქტს ეროვნული საბჭოს წევრი ეკა ბესელია, რომლის აზრითაც, ეს არის მტკივნეული, მაგრამ ჯანსაღი პროცესი, როდესაც ლუსტრაციის საფუძველზე წყალგამყოფი ივლება იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთა ერთი ნაწილი პარლამენტში მიდის, მეორე კი პოლიტიკურ და ზნეობრივ გადაწყვეტილებას ღებულობს და მანდატებს დებს. ”ქვეყანაში ერთი დიდი პოლიტიკური ბრძოლის რაუნდი დასრულდა მაშინ, როდესაც პარლამენტის პირველი სესია შედგა – 7 ივნისს. იწყება მეორე ეტაპი, როდესაც უნდა მოხდეს გარკვეული შეცდომების გაანალიზება. შეცდომები იყო როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.” გაზეთ „ახალ თაობასთან” საუბარში ეკა ბესელია შენიშნავს, რომ ახლა, პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე, გამოჩნდება სწორედ ვინ იბრძოდა ქვეყნის, ვინ კი თავისი პირადი ინტერესებისთვის.
XS
SM
MD
LG