Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოცულობით გაიზარდა სამომხმარებლო ფასები და რა არის მისი ზრდის მიზეზი


საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დღითიდღე იზრდება სასურსათო პროდუქციის ფასები,

ძვირდება ნავთობპროდუქტები და ენერგომატარებლები, რაც ზოგადად სამომხმარებლო ფასების მატებას განაპირობებს. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასებმა დაახლოებით 11 პროცენტით მოიმატა. რა არის ამის მიზეზი და რამდენად ადეკვატურად იზრდება რიგითი მოქალაქეების შემოსავლები?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ თავისი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება გამოაცხადა, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც უკმაყოფილოა. რიგით მოქალაქეებს ყველაზე მეტად სამომხმარებლო ფასების ყოველდღიური ზრდა აწუხებს. ამაზე ლაპარაკობენ ჩემ მიერ თბილისის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები:

[მოქალაქეთა ხმა] ”რამდენად, არ ვიცი, მაგრამ რომ გაიზარდა, ამას ყველა ვხედავთ. ახლაც მაგაზე ვლაპარაკობდით მაღაზიაში. არ ვიცი მთავრობის ბრალია თუ დრომ მოიტანა ეს. არ ვიცი საით მივდივართ.”

”ყველაფერმა მოიმატა პროდუქტმა. აი, ზეთი თუ ღირდა შარშან 4 ლარი, ის წელს 5 ლარი ღირს. ჩვენი ბიუჯეტი არ იზრდება, მაგრამ მაინც ვახერხებთ როგორღაც.”

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ნაწილზე ფასების კლებაც კი შეიმჩნევა. მაგრამ პროდუქციის ის ნაწილი, რომელიც დღითიდღე ძვირდება, ზოგადად მაინც განაპირობებს სამომხმარებლო ფასების საშუალო მაჩვენებლის მატებას. სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ეკატერინე ჯოჯიშვილის განმარტება:

[ეკატერინე ჯოჯიშვილის ხმა] ”არსებობს ისეთი პროდუქტები, სურსათი, ალკოჰოლური სასმელები... ამ ჯგუფმა გადააჭარბა 1 პროცენტს. განსაკუთრებით, რაც გაძვირების ტენდენციით გამოირჩეოდა. ეს არის ბოსტნეული, ბაღჩეული და კარტოფილი. ეს ძალიან დიდი ზრდით გამოირჩეოდა. 15 პროცენტით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.”(სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობის განცხადებით, სამომხმარებლო ფასების ზრდა, ძირითადად, გარე ფაქტორებმა განაპირობა. ესენია ნავთობის, ხორბლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაძვირება. ამ ობიექტური მიზეზების გარდა, ფასებისა და, შესაბამისად, ინფლაციის ზრდას ლოკალური მოვლენებიც უწყობს ხელს. ეკონომიკის ექსპერტის ლადო პაპავას აზრით, ასეთ ფაქტორთა შორის არის მთავრობის სოციალური პოლიტიკა:

[ლადო პაპავას ხმა] „ის, რომ გაიზრდება პენსიები, გაიზრდება ხელფასები - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ, იმავდროულად, ეს ზრდა გამოიწვევს ინფლაციას, ფასების მომატებას. ”

ამ საშინაო ფაქტორზე მიანიშნებს ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაც”. თუმცა კი ასოციაციის ექსპერტი გიორგი ციმინტია აცხადებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდა სხვა ფაქტორებითაცაა განპირობებული.

[გიორგი ციმინტიას ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე. ანუ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს აქვს დიდი შემოსავლები. შეიძლება ეს იყოს 5-10 პროცენტი მაგრამ ეს კარგი მიზნობრივი ბაზარია გამყიდველებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის პროდუქციის გასასაღებლად.”

ის, რომ საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი იზრდება, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებიდანაც ჩანს. სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ეკატერინე ჯოჯიშვილის კომენტარი:

[ეკატერინე ჯოჯიშვილის ხმა] ”შვიდი პროცენტით გაიზარდა ერთი ჩვეულებრივი ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი. დამაიმედებელია ის, რომ საშუალო თვიური შემოსავლები უფრო მეტად გაიზარდა - 9.5 პროცენტით. ასე რომ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქმე ცუდისკენ მიდის.”

ამ სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე მეტყველებს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა მეოთხედი ჯერ კიდევ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG