Accessibility links

რუსეთის მედია - ქსენოფობიისა და რასიზმის ხელშემწყობი


რასისტული თუ ეროვნული

სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს ათეულობით მსხვერპლი მოაქვს ყოველწლიურად რუსეთში. სიმდიდრის უთანასწორო განაწილების სისტემა, ასევე ოფიციალური პირების წაყრუება დამნაშავეთა მიმართ აქეზებს რასისტთა ძალადობას. ამ წაქეზებაში არაუშუალოდ ჩართულია რუსეთის მედიაც.

აი, ციტატა ერთი გაზეთიდან - მკითხველის წერილიდან, რომელიც რეაქციაა 2006 წლის თებერვალში მოსკოვის ბაუმანის ბაზარზე მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 70 ადამიანი შეეწირა. დახოცილები იყვნენ აზერბაიჯანელები, ქართველები, ტაჯიკები და უზბეკები:

“მადლობა ღმერთს, ეს არ მოხდა ნაშუადღევს, როცა ბაზარზე ბევრი მოსკოველია ხოლმე. იმ დროს იქ უმეტესად კავკასიელები იყვნენ.” - ეს დაბეჭდა “კომსომოლსკაია პრავდამ”, ერთობ პოპულარულმა გაზეთმა. მკითხველი იქვე აზრს უზიარებს თანამემამულეებს დახოცილთა ოჯახების კომპენსაციის თაობაზე და თავის იდეას აცნობს: ეს თანხა, უკეთესი იქნება, პენსიონერებს მოვახმაროთო. გაზეთი იუწყებოდა ასევე მკითხველის უკმაყოფილების შესახებ იმის გამო, რომ ”შავებმა”, როგორც რუსეთში უწოდებენ ხოლმე არასლავებს, ერთ მოხუცებულ კაცს საკუთარ კარ-მიდამოზე მოყვანილი ვაშლის გაყიდვა აუკრძალეს.
უფლებადამცავი ჯგუფები დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთის წამყვანმა მედიამ ხელი შეუწყო მთელ ქვეყანაში ქსენოფობიურ გამოვლინებებს, რასაც მარტო 2008 წელს 57 ადამიანი შეეწირა. ეს სტატისტიკა მხოლოდ აღწერილ შემთხვევებს მოიცავს.

ამგვარ დამნაშავეობას თვალყურს ადევნებს მოსკოვში მოქმედი ორგანიზაცია, “სოვას” სახელით ცნობილი საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი. იქ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე გალინა კოჟევნიკოვაა, რომელმაც ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ მასმედიაში იზრდება ქსენოფობიის ხელშემწყობი სტატიების რიცხვი:

(კოჟევნიკოვას ხმა)
“საკუთრივ ქსენოფობია არ იზრდება - “ლევადას” ცენტრის გამოკითხვების თანახმად, ის მოსახლეობის 55-57 პროცენტს ახასიათებს და ეს რიცხვი სტაბილურია. მაგრამ ქსენოფობიის ამ დონის შენარჩუნებას, კონფლიქტების პროვოცირებას და ფარული ქსენოფობიის ღია აგრესიაში გადაზრდას მედია უწყობს ხელს.”

კოჟევნიკოვა ამ პრობლემაზე მუშაობს. ის ამ თემაზე დაწერილი ბევრი წერილის ავტორია, მონაწილეობს ასევე სხვადასხვა დისკუსიასა და მრგვალ მაგიდაში ქსენოფობიის თემაზე. მისი დაკვირვებით, რუსეთის მედიაში რასისტული ბუნების კომენტარებს ყველაზე ხშირად “კომსომოლსკაია პრავდაში” წაიკითხავთ.

შარშან დაიბეჭდა, მაგალითად, სარედაქციო სტატია აზერბაიჯანელზე, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში გაასამართლეს მკვლელობისთვის.

გაზეთი წერდა: “ასეთი რამ ხომ უკვე მომხდარა სხვა რუსულ ქალაქებშიც: საქმის ქუჩური გარჩევები ცეცხლსასროლი იარაღით, თანაც, აუცილებლად ამაყი კავკასიელების მონაწილეობით.”
და იქვე ამ ყოველდღიური გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილე სერგეი პონომარიოვი განაგრძობდა: ”ასევე შეიძლება, ვინც გაწყენინებს, მისი ხანჯლით აკუწვა და ხმლით შუაზე გაპობა. მთიელების წესია, გესმით? და ამის შემდეგ რა მოპყრობას მოელით, ძვირფასო კავკასიელებო, რუსეთის ძირეული მოსახლეობისგან?” - სვამდა შეკითხვას გაზეთის რედაქტორის მოადგილე.

სიტყვამ მოიტანა და აქვე გაგახსენებთ ერთ სკანდალს, რომელიც მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის, “რუსეთის”, ეთერში, პროექტ “მოია როსიაში”, ნახმარ წინადადებას: გენერალ პეტრე ბაგრატიონს უწოდეს “კავკასიური ეროვნების თავადი”. ამის თაობაზე ჩვენი რადიოს საინტერნეტო საიტზე გამოქვეყნდა კომენტარი, რომლის ავტორია რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ინსტიტუტის დირექტორი მაქსიმ კრონგაუზი. ის განმარტავს, რომ ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოთქმა, “კავკასიური ეროვნების პირი”, პოლიტკორექტულობის ნიღაბია. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მისი ინფორმაციით, რუსულ ენაში გაჩნდა სიტყვათშეხამება: “ებრაული ეროვნების პირი”. ის გაჩნდა სახელმწიფო ანტისემიტიზმის დროს და დაკავშირებული იყო ისრაელში ებრაელთა მასობრივ გასვლასთან. საბჭოთა პერიოდში ერიდებოდნენ ხმარებას სიტყვისა “ებრაელი”, თუმცა ის ეროვნებას აღნიშნავს, ამბობს კრონგაუზი და ოდნავ ქვემოთ განაგრძობს, რომ არა მარტო ერიდებოდნენ, გაუჩნდათ მოთხოვნილება, ის სხვა გამოთქმით შეეცვალათ. და გაჩნდა თითქოს უფრო შერბილებული ვარიანტი, რომელშიც ეროვნების აღმნიშვნელი სიტყვა პრდაპირ არ გაისმოდა, არამედ ზედსართავის სახით: “ებრაული ეროვნება”. სახელმწიფო ამგვარად ნიღბავდა საკუთარ ანტისემიტიზმს. იგივე ხდება ახლა, ამბობს მაქსიმ კრონგაუზი, მაგრამ დღეს ფარისევლობა გაძლიერდა იმითაც, რომ კავკასიელობა არაა ეროვნება.

პატარა პროვინციული გაზეთები ბევრად უკეთესია. მაგალითად, რუსეთის ჩრდილოეთში - მურმანსკში - გამომავალ გაზეთში გამოქვეყნდა კულტურის თუ განათლების დონის ტესტი. ერთი შეკითხვა ასე ჟღერდა: გყავთ ებრაელი ოჯახში? - დადებითი პასუხის გამცემს ასე ამშვიდებდა გაზეთი: ნუ იდარდებთ. თქვენ სრული არარაობა ხართ, მაგრამ ხალხი მაინც გეთაყვანებათ.

ახლახან კი “ვეჩერნიაია მოსკვამ” გამოაქვეყნა ბოშების შესახებ წერილი, რომელშიც მათზე ლაპრაკი იყო როგორც გამოუსწორებელ დამნაშავეებზე. სტატიის ავტორს არგუმენტი მოჰყავდა: ბოშები წერა-კითხვის უცოდინრები არიან და კანონს არ იცნობენ, ამიტომაც არ შეუძლიათ კანონიერ საქმიანობას ხელი მოჰკიდონ და რაღა რჩებათ? - ან ნარკოტიკებით და ან ცოცხალი ხორცით ვაჭრობა, პროსტიტუციაო.

სანკტ-პეტერბურგში მოქმედებს ტაჯიკთა სათვისტომო, რომელსაც სათავეში რაზარ მირზოდა უდგას. ის პრესაში ამგვარი სტატიების ავტორთა მხრიდან დაზარალებულად მიიჩნევს მიგრანტებს, რომლებიც მძიმე სამუშაოს ასრულებენ ძალიან დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ, რათა ოჯახი არჩინონ. მირზოდა ამბობს, ამ ხალხს რუსეთის ჟურნალისტები ცილს სწამებენ, წერენ ხოლმე, ავადმყოფობა ჩამოაქვთ და ავრცელებენო:

(მირზოდას ხმა)
“ჩამოსულები ხომ დამნაშავეები და ქურდები არ არიან, მათი 70-80 პროცენტი მშენებელია. ისინი მშრომელები არიან, უბრალო ხალხია. მათზე არ წერენ. არ წერენ, რუსეთის შენობების რამდენი კვადრატული მეტრი ააშენეს მათ, მშენებელმა ტაჯიკებმა.”

რუსეთში ახლა კანონმდებლებმა კენჭი უნდა უყარონ ახალ კანონს, რომელიც აკრძალავს მედიაში დანაშაულის მსხვერპლისა და ჩამდენის შესახებ ცნობებში მათი ეროვნების დასახელებას. ამ კანონპროექტს მომხრეც ჰყავს და მოწინააღმდეგეც. ჩვენი რესპონდენტი - ”სოვას” დირექტორის მოადგილე კოჟევნიკოვა - ფიქრობს, რომ ეს კანონი ჟურნალისტებს ხელს არ შეუშლის ისეთი სიტყვების გამოყენებაში, როგორიც ”შავები” ან ”სამხრეთელებია”.
XS
SM
MD
LG