Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ივნისს მსოფლიო ბავშვთა შრომის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს.


ბავშვთა დაცვის თაობაზე საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერის მიუხედავად, შუა აზიის ქვეყნებში ასიათასობით ბავშვი მუშაობს დიდების მსგავსად.

ზოგან ბავშვები იძულებულნი არიან ოჯახის სარჩენად იშრომონ, ზოგან კი ეს სახელმწიფოს პოლიტიკაა.

(საფარის ხმა) “მეამაყება, რომ ვმუშაობ და ფულს მიხდიან. დღიურ ლუკმას თვითონ ვშოულობ. თუმცა ვისურვებდი თანაკლასელებთან ერთად სკოლაში მევლო. მაგრამ ცხოვრება ძნელია და უნდა ვიმუშაო.”

საფარი, ეს დუშანბელი ბიჭუნა, ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. მას, ისევე როგორც უამრავ სხვა ბავშვს ტაჯიკეთში, ოჯახის შენახვაც კი უწევს. ამ ქვეყანაში სიღარიბეში ცხოვრება ბევრს უხდება. ტაჯიკეთისა და შუა აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზე 7-8 წლის ბავშვებსაც შეხვდებით, რომლებიც მზად არიან სხვადასხვა სახის სამუშაო შეასრულონ. მაგრამ მთავრობები ამ ფაქტებს უარყოფენ, ამბობენ, რომ ბავშვები სკოლის შემდეგ მშობლებს ეხმარებიან, განსაკუთრებით - სოფლად. სიღარიბით ხსნის ტაჯიკეთის სტრატეგიული კვლევის სამთავრობო ცენტრის ექსპერტი ფირუზ საიდოვი იმ გარემოებას, რომ ბავშვების შრომის გამოყენებასთან ბრძოლა თითქმის შეუძლებელია:

(საიდოვის ხმა) “ბავშვები დასაქმებულნი არიან ვაჭრობაში, სასოფლო-სამეურნეო სფეროში, ასევე ქუჩებში მანქანებს რეცხავენ. ძნელია ამას წინ აღუდგე ტაჯიკეთში. მათ უფლებებს არღვევენ დამსაქმებლებიც და პოლიციაც.”

ბამბის წარმოებაში ბავშვების შრომის გამოყენება ლამის ტრადიციაა უზბეკეთში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბამბას დიდი მოგება მოაქვს სახელმწიფოსთვის, უწინარესად კი, მმართველი ელიტისთვის. “გადაარჩინეთ ბავშვები” - ასე ჰქვია საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც ტაჯიკეთში ჯოვიდ ჯურაევი წარმოადგენს. მისი აზრით, პრობლემის მოგვარებისთვის არ არსებობს პოლიტიკური ნება:

(ჯურაევის ხმა) “ბავშვების გამოყენება ბამბის კრეფაში ეროვნულ კატასტროფად იქცა. 200 ათას ბავშვს აიძულებენ ამ მძიმე და მავნებელი საქმის კეთებას. ეს რიცხვი მოსავლის აღებისას იზრდება ხოლმე. მაოცებს ის, რომ, პრეზიდენტისა და მთავრობის განცხადებების მიუხედავად, ბავშვები კვლავ ეკონომიკური ჩაგვრის სუბიექტად რჩებიან და ვერავინ ბედავს შეებრძოლოს ამას.”

უზბეკეთი ბამბის მესამე მწარმოებელია მსოფლიოში. ამ სფეროში ბავშვთა შრომის გამოყენება იქ სახელმწიფო პოლიტიკაა. ბოლო ხანს, საერთაშორისო ზეწოლით, ქსოვილისა თუ ტანსაცმლის ზოგიერთი მწარმოებელი ფირმის მხრიდან უზბეკური ბამბის მიმართ ბოიკოტის შედეგად, ტაშკენტმა მიიღო ბავშთა დაცვის კანონი. შეიცვლება თუ არა პრაქტიკული პოლიტიკა, გამოჩნდება სექტემბერში, როცა მოსავლის აღების დრო დადგება.

ბამბის კრეფის პროცესში ბავშვები ჩაბმულნი არიან შუა აზიის კიდევ ერთ ქვეყანაში - თურქმენეთში. ბავშვთა დაცვის კონვენცია თურქმენეთსაც ხელმოწერილი აქვს, მაგრამ რეალური ვითარება განსხვავებულია. ამ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, მართალია, განაცხადა, რომ ბავშვები დაცულნი უნდა იქნენ, მაგრამ უფლებადამცველების თანახმად, ვითარება დიდად არ შეცვლილა.

ყაზახეთში ბავშვებს ამუშავებენ არა მხოლოდ ბამბის, არამედ თამბაქოს პლანტაციებშიც. მეზობელი უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან იქ ჩასული ბავშვები თავიანთ მშობლებთან ერთად მუშაობენ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ”ბავშვთა შრომის” ყაზახეთის პროექტის მონაწილეა დანა ჟანდაევა, რომელმაც გვითხრა, რომ ვითარება იქ მას შემდეგ გამოსწორდა, რაც ყაზახეთის მთავრობამ დაამტკიცა კონვენცია ბავშვთა დასაქმების ასაკის შეზღუდვის შესახებ და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართა:

(ჟანდაევას ხმა) “თავიდან მთავრობის პოზიცია არ იყო ერთგვაროვანი. ბევრი ამბობდა, ასეთი პრობლემა არ არსებობსო. შემდეგ აღიარეს მხოლოდ ის, რომ ასეთი პრობლემა ბამბის სფეროშია. ახლა აცხადებენ, რომ ყაზახეთს ასეთი პრობლემა აქვს, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც მეზობელ ქვეყნებში და რომ ამას მიხედვა უნდა. დღესდღეობით თითქოს სურთ პრობლემა უზბეკ ბავშვებს დაუკავშირონ, მაგრამ მე არა მაქვს საფუძველი დავადანაშაულო მთავრობა, რომ არ მოქმედებს და არ მიმართავს ზომებს.”

დანა ჟანდაევამ ისიც გვითხრა, რომ ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდშია ყირგიზეთის მთავრობა, რომელიც, მისივე ინფორმაციით, არა მარტო თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არამედ, ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, ფინანსურ სახსრებსაც გამოყოფს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG