Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებელი - მასშტაბური ცვლილებების ზღვარზე


უკვე რამდენიმე თვეა არ წყდება დავა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო.

ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამტკიცებენ, რომ ტელეარხი არაობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მაუწყებლის ხელმძღვანელობა და სამეურვეო საბჭოს წევრები ირწმუნებიან, რომ არ განიცდიან ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან და არხიც, შესაძლებლობების ფარგლებში, მიუკერძოებლად და ბალანსის დაცვით მაუწყებლობს. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა სახის პრობლემებს აწყდება საზოგადოებრივი მაუწყებელი და როგორ აპირებს სამეურვეო საბჭო მათ დაძლევას.

საქართველოში არავინ დავობს იმაზე, რომ ტელევიზიებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე მეტად დაბალანსებულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი მისამართით პერიოდულად მაინც გაისმის შემდეგი შინაარსის ბრალდებები:

[ისმის ხმა] „ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის არალეგიტიმური სახელწოდება. რჩება ისევ პირველ არხად. შევარდნაძის დროს იყო შევარდნაძის ტელევიზია, ახლა არის სააკაშვილის ტელევიზია.“

ამ ბრალდების პასუხად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებიც ამბობენ, რომ კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიამ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. საბჭოს წევრი ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის შეფასებაზე მეტად ანგარიშგასაწევია საზოგადოების დამოკიდებულება:

[ირმა სოხაძის ხმა] „მთავარი ჩემთვის არის ის, რომ მაყურებელი იყო შეშფოთებული და კითხულობდა, რატომ ვერ თავისუფლდება მაუწყებელი ძველი სტერეოტიპებისა და კლიშეებისგან, რომელიც მას ამდენი წელი ჰქონდა, როცა იყო სახელმწიფო ტელევიზია... რა გვაქვს დასამალი, გარკვეული აზრით, დღესაც სახელმწიფო ტელევიზია ვართ, თუმცა ვცდილობთ, რომ გავთავისუფლდეთ ამ სახელმწიფოს გავლენისგან.“

თუმცა სამეურვეო საბჭოს წევრები ამტკიცებენ, რომ არ განიცდიან ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან და რომ, ხშირ შემთხვევაში, დაბალი პროფესიონალიზმის გამო სცოდავენ ჟურნალისტები. გიორგი ანჩაბაძესა და მარინე ვეკუას მოუსმინეთ:

[გიორგი ანჩაბაძის ხმა] „რაიმე სახის ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან საბჭოზე არ ყოფილა. ჩემს თავზე მოგახსენებთ, არ ყოფილა მინიშნებაც კი...“

[მარინე ვეკუას ხმა] „კადრები გვიჭირს. ძალიან ბევრი გვაკლია იმისათვის, რომ დახვეწილი და კარგად გამართული პროფესიული კადრები ასრულებდნენ იმას, რასაც ჟურნალისტიკა ჰქვია. ასე რომ, ის წუნი, რაზეც ირმამ ილაპარაკა, არ იყო იმიტომ, რომ რაღაც ჩანაფიქრი გვქონდა. არ ჰყოფნით პროფესიონალიზმი და გამოცდილება ჩვენს ჟურნალისტებს.“ (სტილი დაცულია)

ვითარების შესაცვლელად, ანუ ჟურნალისტების პროფესონალიზმის ასამაღლებლად, როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გახელაძე ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიასა და გერმანულ ტალღასთან:

[ლევან გახელაძის ხმა] „ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში ბი-ბი-სი-ს წარმომადგენლების ჩამოსვლას და მოეწერება ხელი ხელშეკრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევრიანი თანამშრომლობის შესახებ და ეს, სავარაუდოდ, იქნება პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობს მთლიანი შემადგენლობის (დაწყებული ვიზაჟისტიდან, დასრულებული ტოპ-მენეჯმენტით) გადამზადებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს თანამედროვე ჟურნალისტური ტექნიკის ათვისებას...“

გარდა ამისა, ლევან გახელაძის თქმით, იგეგმება ტელევიზიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრული გადაიარაღება. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სრულად განკარგავს მის მფლობელობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, ფინანსური სახსრების მოძიება არ გაჭირდება.

[ლევან გახელაძის ხმა] „ჩვენ, ალბათ, წავალთ იმ გზით, რომ ავაშენებთ ახალი ტელერადიოცენტრის შენობას, რომელიც იქნება აღჭურვილი თავიდან ბოლომდე უახლესი, თანამედროვე აპარატურით და ასევე იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც გადავა ციფრული მაუწყებლობის ფორმატზე საქართველოში და ციფრული მაუწყებლობის ჩართვის შემდეგ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ, ერთი ძირითადი არხის გარდა, მაუწყებელს ჰქონდეს ერთი წმინდა საინფორმაციო არხი, ერთი სპორტული არხი, ერთი კინოარხი და ერთი შემეცნებით-კულტურული არხი.“(სტილი დაცულია)

ლევან გახელაძე იმასაც ამბობს, რომ ამ მასშტაბური ცვლილებების განხორციელებაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. გარდა ამისა, მაღალი ალბათობით, შეიცვლება მაუწყებლის ლოგოც. წინასწარი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრებაში არსებული სავაჭრო მარკის - პირველი არხის -დაბრუნებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG