Accessibility links

logo-print

ნოემბრის მიტინგის დაშლისას ძალის გადამეტების ფაქტები კვლავ გამოუძიებელია


ცოტა ხანში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოაქვეყნებენ ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

მასში ყურადღება განსაკუთრებით იქნება გამახვილებული 7 ნოემბრის მიტინგის დაშლის დროს გადამეტებული ძალის გამოყენების, ნიღბიანი ადამიანების მიერ მოქალაქეთა ცემისა და დაშინების ფაქტებზე. ანგარიშის ავტორების თანახმად, არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სამართალდამცველ ორგანოებს დღემდე არ დაუდგენიათ ვინაობა იმ პირებისა, ვინც 7 ნოემბერს სასტიკად სცემა საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბარსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, კობა დავითაშვილს.

ყოფილი პოლიტპატიმარი და ცნობილი უფლებათდამცველი ნანა კაკაბაძე ერთ-ერთი თანაავტორია იმ ანგარიშისა, რომლის პრეზენტაციაც თვის ბოლოს გაიმართება თბილისში. ანგარიშში, რომლის შედგენაშიც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ მიიღო მონაწილეობა, თავმოყრილია ძალიან ბევრი ფაქტი ცალკეული პირების პოლიტიკური ნიშნით დევნისა, რაც უფლებათდამცველთა დაკვირვებით მეტისმეტად გახშირდა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ. ნანა კაკაბაძის თქმით, მათი არაერთი აპელაციის მიუხედავად, სამართალდამცველ ორგანოებს საქართველოში არ გამოუძიებიათ ის რეზონანსული საქმეები, რომელთა შესახებაც ნოემბრის დღეებში მსოფლიო პრესა და საერთაშორისო ორგანიზაციები წერდნენ:

[ნანა კაკაბაძე] ”არანაირი დასკვნა მაგათზე არ არსებობს. [ავთანდილ] ჯორბენაძეზე პირდაპირ კადრები გვაქვს და თითონაც აქვს ჯორბენაძეს ეს კადრები, თუ როგორ სცემეს. სოზარსაც[სუბარი] აქვს რაღაც ნაწილი კადრებისა, თავის ცემის. იყო დაპირება და იყო მოთხოვნა... იმავდროულად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა განსაკუთრებით სუბარზე გააკეთეს, არ ვიცი მე, რა. მაგრამ - არაფერი.”(სტილი დაცულია)

ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ბიულეტენში ძალიან ხშირად წერს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, სააშკარაოზე გამოაქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვისა და მოხელეთა თვითნებობის შემთხვევები. ეკა ქევანიშვილი ფიქრობს, რომ დაუსჯელობის გამო საქართველოში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ზოგჯერ თავად გამოცდილ ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაერკვნენ, თუ ვინ ესხმის თავს და რატომ სცემენ სასტიკად ოპოზიციის აქტივისტებს:

[ეკა ქევანიშვილი] ”ახლა, ამას წინათ ზუსტად ჟურნალისტებს გვქონდა ამაზე ლაპარაკი, რომ ხომ არ ხდება რაღაც ხელოვნურად, ან ხომ არ ეჩვენებათ უკვე ამ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი უკვე პოლიტიკური ნიშნით ხდება. მაგრამ, თუ, ვთქვათ, გავითავლისწინებთ მათ რაღაც პოლიტიკურ ”ბეგრაუნდს”, ან ვინ რას წერდა და ვინ რას საქმიანობდა, მე მაინც მგონია, რომ მაინც არის იმ შიშის და ტერორის პოლიტიკის გაგრძელება.”(სტილი დაცულია)

ჟურნალისტს მხედველობაში აქვს ბოლო ხანს მომხდარი რამდენიმე გახმაურებული ინციდენტი, მათ შორის, უეფას პრეს-ოფიცრის მამუკა კვარაცხელიას, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის გიორგი თავდგირიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის ცემის ფაქტები. თანაც, ყველა ეს ადამიანი ან ოპოზიციის აქტივისტია, ან თანამგრძნობი. 7 ნოემბრის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარი ხელყოფისა და ცემის ფაქტების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ემხრობა ახლად არჩეული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი. თუმცა, როგორც არსენიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, მას სჭირდება გარკვეული დროც და მოტივაციაც:

[გიორგი არსენიშვილი] ” მე გავერკვევი ამ საკითხებში. რა თქმა უნდა, ჩვენამდე არსებობს ბევრი პიროვნება, რომელმაც უშუალოდ უნდა გასცეს ამაზე პასუხი, მაგრამ მე გავერკვევი ამ ყველაფერში და თავად მინდა ჩამომიყალიბდეს საბოლოო აზრი. როგორც ყოველთვის, არის ხოლმე სიმართლე, არის მოჩვენებითი სიმართლე და არის, უბრალოდ, ტყუილი. ეს მე ჯერ ჩემთვის უნდა გავარკვიო.”

ადამიანის უფლებების ხელყოფაში დამნაშავე მოხელეების დასჯა ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობაა და ეს მოვალეობა 7 ნოემბრის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არაერთხელ შეახსენეს საქართველოს ხელისუფლებას - მათ შორის, გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუიზ არბურმა, რომელიც საქართველოში თებერვლის ბოლოს იმყოფებოდა:

[ლუიზ არბური] ”მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საჯაროობა გასული წლის ნოემბრის მოვლენათა გამოძიების შედეგებისა. როგორც ვიცი, გამოძიებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მე მოვუწოდებ მთავრობას ამ გამოძიების პროცესი და შედეგები საჯარო გახადოს. ამასთან, ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უნდა გამოავლინოს როგორც სისტემური შეცდომები, აგრეთვე მოვლენებში მონაწილე ნებისმიერი საჯარო მოხელის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.”


მაგრამ სამართალდამცველი ორგანოები არ ჩქარობენ გამოიძიონ და საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ, თუ ვინ იყვნენ ის ნიღბიანი ადამიანები, ვინც 7 ნოემბერს სასტიკად სცემდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, უმსხვრევდნენ ტელეკამერებს ჟურნალისტებს და ვინც დღესაც მუშტებითა და ხელკეტებით უსწორდება ოპოზიციის აქტივისტებს. და სანამ გამოძიების დასკვნები არ არსებობს, ბევრი ადამიანი საქართველოში იძულებულია იფიქროს ისე, როგორც უფლებათდამცველი ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ფიქრობს:

[ეკა ქევანიშვილი] ”რა ვიცი, მე მგონია, ძალიან გულუბრყვილოა ვიფიქროთ, რომ ეს არის რთული გამოსაძიებლად. ეს არის, უბრალოდ, ძალიან მარტივი მიზეზი, რომ ამ ხელისუფლებას ეს არ აწყობს.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG