Accessibility links

logo-print

აფხაზეთიდან დევნილებს შორის არიან ისეთები, რომლებიც უფლებების შელახვაზე რეაგირებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სთხოვენ


შინ დაბრუნების ხანგრძლივ მოლოდინში, აფხაზეთიდან დევნილების ცალკეულმა წარმომადგენლებმა მოახერხეს საკუთარ შელახულ უფლებებზე რეაგირება

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მოეთხოვათ... დევნილთა რამდენიმე სარჩელი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში ადვოკატმა პავლე ბერიამ გაგზავნა.. ეს არის შემთხვევები, როდესაც მოსარჩელე მხარე აფხაზეთში მისი უფლებების შელახვის გამო რუსეთის ფედერაციას უჩივის და ზარალის ანაზღაურებას სთხოვს..

ადვოკატი პავლე ბერია თავადაც აფხაზეთიდან დევნილია და ამბობს, რომ მის პირად ინტერესში იყო დახმარებოდა დევნილებს, რომლებსაც სურდათ საკუთარი შელახული უფლებების გამო სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოსთვის მიემართათ... პავლე ბერიას უშუალო ძალისხმევით, სტრასბურგის სასამართლოში დღემდე დევნილთა 8 საქმეა გაგზავნილი... მსურველი გაცილებით მეტი იყო. სამართლის ევროპულ სასამართლოში ძიებისთვის იურიდიული დახმარება აფხაზეთიდან დევნილ ადვოკატს გაცილებით მეტმა თანამემამულემ სთხოვა, მაგრამ სტრასბრუგში საქმის გაგზავნა, შრომის გარდა, თანხებთანაც არის დაკავშირებული... საქმეზე უფრო მეტ მუშაობას ერთი ადვოკატი ვერ შეძლებდა, სტრასბურგში სარჩელის გაგზავნის მოსურნე დევნილებს კი, ხშირ შემთხვევაში, არ მოეპოვებათ ის აუცილებელი ფულადი სახსარი, რაც ევროპულ სასამართლომდე მათი მოთხოვნის ჩაღწევას სჭირდება. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ერთი ადვოკატის ძალისხმევით გაგზავნილ სარჩელებზე და, როგორ უკვე ვთქვით, მათი რაოდენობა მხოლოდ რვაა.. მოსარჩელეები, აფხაზეთიდან დევნილები - მათ შორის არიან სოხუმიდან, გაგრიდან, ასევე გალის რაიონიდან დევნილები - აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო მიღებული მატერიალური თუ მორალური ზარალის ანაზღაურებას რუსეთის ფედერაციისგან ითხოვენ. ადვოკატის თქმით, ფაქტია, რომ რუსეთი ახორციელებს კონტროლს ტერიტორიაზე, საიდანაც ეს ადამიანები იქნენ გამოდევნილნი და სადაც ამ ადამიანებს დაბრუნება დღემდე ეკრძალებათ.. სტრასბურგში გაგზავნილი 8 სარჩელიდან 2-ის განხილვა დაჩქარებულ ვადაში გადაწყდა. ადვოკატის თქმით, მსგავს შემთხვევებში ზარალის საკომპენსაციო თანხა მაინცდამაინც დიდი არ არის. ხდება ზარალის დადგენა მტკიცებულებების მიხედვით. საინტერესო ისაა, რომ ამ გზას საქართველოში ცოტა იყენებს. არადა , აფხაზეთიდან დევნილების რაოდენობა 300 000 -ს აჭარბებს.. შინ დაბრუნების 15 წლიანი მოლოდინის შემდეგ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ეს ადამიანები არიან ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი.. და შეკითხვას, რატომ არ შეუძლიათ მათ დაბრუნდნენ სახლში, სოხუმში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად ისე უპასუხებენ, როგორც დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ უპასუხა:

[სტანისლავ ლაკობას ხმა] ’”არსებობს შეთანხმება, რომელშიც ლაპარაკია დევნილების დაბრუნებაზე, უპირველესად, გალის რაიონში და, თუ ვინმეს დაავიწყდა ამ დოკუმენტის არსებობა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. პუტინმაც აღნიშნა, რომ, დაახლოებით 50000 ადამიანია დაბრუნებული გალის რაიონში. ჩვენ არ შეგვიძლია პროცესის უსასრულოდ გაგრძელება ჩვენი ინტერესების დათმობის ხარჯზე.”

”გაეროს დოკუმენტებში მართლაც არის ნახსენები დევნილების დაბრუნება, უპირველესად, გალის რაიონში, მაგრამ ეს სულაც არ ქმნის საფუძველს ისეთი ინტერპრეტაციისთვის, როგორსაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთო ”, - თქვა რადიო ”თავისუფლებასთან ” საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრმა შოთა მალაშხიამ:

[შოთა მალაშხიას ხმა] ” ყველა დოკუმენტში ლაპარაკია, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ მთლიანად აფახზეთში , ოღონდ, უპირველესად, გალში. და არა ისე, რა ინტერპრეტაციასაც აკეთებს დე ფაქტო ხელისუფლება. ”

ამას გარდა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილთა დაბრუნების საკითხზე საუბრისას სისტემატურად აღნიშნავენ, რომ პირობა დევნილების უპირველსად გალში დაბრუნებისა მათ შეასრულეს... ამასთან დაკავშირებით სტანისლავ ლაკობამ, როგორც ვნახეთ, ვლადიმირ პუტინის ნათქვამი დაიმოწმა... შოთა მალაშხია კი განმარტავს:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე, - ძირითადად, გალში, - გაეროს მონაცემებით, დაბრუნებული არის მხოლოდ 312 ადამიანი. ”

ეს ნიშნავს, რომ, გაეროს გავლით, აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიაზე მხოლოდ 312 ადამიანია დაბრუნებული და მხოლოდ 312 ადამიანი ითვლება დაბრუნებულად... აქედან გამომდინარე , შოთა მალაშხიას აზრით, ლაპარაკი გალის რაიონში 50000 კაცის დაბრუნებაზე უსაფუძვლოა, რადგან ამ რიცხვის უკან იგულისხმებიან საკუთარ სახლში სპონტანურად დაბრუნებული ადამიანები - ადამიანები, რომლესაც დაბრუნებისთვის ვერავინ შეუქმნა უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ გალის რაიონიდან ზუგდიდისკენ და პირიქით და რომლებსაც გალის რაიონში ყველა მიმართულებით ეზღუდებათ ძირითადი უფლებები. ერთადერთი, რაც გალის რაიონში სიცოცხლის რისკით გადასული ადამიანებისთვის გაკეთდა, არის შემდეგი: საქართველოს მხარის მრავალწლიანი მოთხოვნის შედეგად, გალის რაიონში, როგორც იქნა, გაიხსნა გაეროს მეთვალყურეთა ოფისი, თუმცა, შოთა მალაშხიას თქმით, ის ფუნქციონირებს აფხაზთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ამ დროისთვის არავითარი ეფექტის მომტანი არ არის.
XS
SM
MD
LG