Accessibility links

გაერთიანებული ოპოზიცია დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობს და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს


როგორც მოსალოდნელი იყო, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება დაწერეს

და დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნა მოითხოვეს. განცხადებაში, რომელსაც, გია თორთლაძის, ჯონდი ბაღათურიასა და გიორგი ცაგარეიშვილის გარდა, თითქმის ყველა ლიდერი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ ცნობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, არ აღიარებს გაყალბებული პროცედურების შედეგად შექმნილ პარლამენტს და უარს ამბობს დეპუტატის მანდატებზე. გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, ჩაებან წინააღმდეგობის მოძრაობაში, რათა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ვინ და რატომ უგანა გაერთიანებულ ოპოზიცას?

პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადების დაწერა ყველას პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ დაასწრო. თითქმის ერთი დღის დაგვიანებით, იგივე გააკეთეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა საჯაროდ, პარლამენტის შენობის წინ, მოითხოვეს:

[დავით გამყრელიძის ხმა] „საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემიწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და თითოეული ჩვენგანი აქ ახლა მოვაწერთ ხელს...“

დავით გამყრელიძის შემდეგ განცხადებას ხელი გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც - მათ შორის, ეკა ბესელიამ და ზვიად ძიძიგურმაც - მოაწერეს.

[ეკა ბესელიას ხმა] „მე უარს ვამბობ დეპუტატის მანდატზე და ეს არის ჩემი პასუხი იმ ძალადობის, იმ გაყალბების და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში წესად იქცა.“

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ჩვენ ჩავხსენით ბლოკის საარჩევნო სიები, დავჭერით დროებით მანდატები და ახლა ვწერთ განცხადებას.“

ზვიად ძიძიგურისა და მისი თანამებრძოლების განცხადებებმა პარლამენტის თავმჯდომარემდე რამდენიმე საათში მიაღწია. დავით ბაქრაძის კომენტარი:

[დავით ბაქრაძის ხმა] „მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირად ვერ გავიზიარებ ვერც ამ განცხადებების პათოსს და ვერც ამ განცხადებების შეფასებით ნაწილს, ბუნებრივია, ჩვენ იძულებული ვართ, კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, დავეთანხმოთ განცხადების იმ ნაწილს, სადაც პარლამენტის წევრები ითხოვენ უფლებამოსილების შეწყვეტას. ამ განცხადებებს მიეცემა შესაბამისი მსვლელობა.“(სტილი დაცულია)

კანონით დადგენილი წესი კი, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს, ასეთია:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] „პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებებს გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, კომიტეტი შვიდი დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება მიეწოდება პარლამენტის ბიუროს და შედის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში და გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით.“

ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში არ შეუწყდებათ, თუკი შვიდი დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით მიმართავენ, თუმცა ამის გაკეთებას ოპოზიციის ლიდერები არ აპირებენ. უფრო მეტიც, ისინი პარლამენტის დატოვებას ყოფილ თანამებრძოლებსაც ურჩევენ:

[კობა დავითაშვილის ხმა] „მე მოვუწოდებ ლეიბორისტულ პარტიასაც, ქრისტიან-დემოკრატებსაც, საბჭოს იმ წევრებსაც, რომლებიც აქ არ არიან, დავდგეთ ერთად.“

თუმცა, კობა დავითაშვილის ამ მოწოდების მიუხედავად, პოზიციას არ იცვლიან ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერები. გიორგი თარგამაძისა და იოსებ შატბერაშვილის კომენტარები:

[გიორგი თარგამაძის ხმა] „შეცდომად მიმაჩნია, თუ ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, თუ უარს იტყვის იმ ერთი მძლავრი იარაღის გამოყენებაზე, რასაც ჰქვია პარლამენტში ალტერნატიული აზრი და მისთვის ყოველდღიური ბრძოლა.“

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება, რადაგნ ჩვენ იქ არ შევდივართ და სადაც არ შევდივართ, იქიდან როგორ უნდა გამოვიდეთ? არც ხელფასს ვიღებთ, არც სკამი დაგვიკავებია, მანდატები დავჭერით.“

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი წევრის, პარტია ”ქართული დასის”, თავმჯდომარის პოზიციას, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ საერთო ოპოზიციური ერთობა, რომელიც მიზნად პარლამენტის ბოიკოტს ისახავდა, ვერ შედგა:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე პარლამენტის დეპუტატის სტატუსზე უარის თქმა მიგვაჩნია უპერსპექტივო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებად, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტად კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში; არასერიოზულად მიგვაჩნია პარლამენტის ალტერნატიული ორგანოების შექმნა. ამიტომ მოგიწოდებთ ეროვნული საბჭოს ყველა ლიდერს შეცვალეთ თქვენი გადაწყვეტილება.“

თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას ჯერჯერობით არც ერთი ლიდერი არ აპირებს. მტყუან-მართლის გარჩევა უჭირთ რიგით თბილისელებსაც.

[მამაკაცის ხმა] „თუ პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილი თავს თვლის ჯაშუშად, მაშინ ის არც ოპოზიციაა და არც დეპუტატი. საკითხი დგას რადიკალურად: ან იქით, ან აქეთ. რა აზრი აქვს მატყუარა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რამდენჯერ უნდა მოგატყუონ?“

[მამაკაცის ხმა] „თუ გქვია კაცი და გაქვს სინდის-ნამუსი, გარეთ იქნები თუ შიგნით, მაინც ოპოზიცია იქნები, მაგას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ჩემი ინტერესები დაიცვა იქაც და აქაც. მაგრამ ჯობს პარლამენტში კაცურად, კანონიერად, ვიდრე ქუჩაში ხელჩართული ბრძოლით.“

[ქალბატონის ხმა] „რა გითხრათ? ოპოზიციაშიც ვერ ვხედავ ისეთ ხალხს, ვისი იმედიც უნდა მქონდეს. არადა, მქონდა მათი იმედი, მაგრამ გამიცრუვდა.“


არადა, ამ იმედგაცრუებულ ადამიანებს სულ მალე კვლავ მოუწევთ არჩევანის გაკეთება. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, იმის გამო, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულმა დავით საგანელიძემ და დავით გამყრელიძემ უარი თქვეს დეპუტატობაზე, დიდუბისა და ვაკის ოლქებში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. ცესკოს წარმომადგენელი ზურაბ კაჭკაჭიშვილი განმარტავს:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] „კანონი ითვალისწინებს, რომ ეს არჩევნები უნდა დაინიშნოს სექტემბერში ან ოქტომბერში და ამ არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს ცესკო ორი თვით ადრე.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG