Accessibility links

logo-print

კონფერენცია ჟურნალისტთა ეთიკის შესახებ

  • ნიკო ნერგაძე

ჟურნალისტების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის შესახებ ბოლო დროს ბევრს მსჯელობენ. რამდენიმე დღის წინ ახალი ორგანიზაციაც დაფუძნდა,

”ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისათვის”, რომელშიც პროფესიული სოლიდარობის ნიშნით გაერთიანებული ჟურნალისტები გაწევრიანდნენ. ასეთი ტიპის ორგანიზაციაში აქცენტი უფრო ჟურნალისტის უფლებებზე კეთდება, ვიდრე მოვალეობებზე ან ეთიკის დაცვაზე. როდესაც ბევრი ძალიან განსხვავებული ჟურნალისტი ერთიანდება, სხვანაირად არც გამოდის. 14 ივნისს კი ჩატარდა კონფერენცია, რომლის მიზანი სწორედ ჟურნალისტების საერთო ეთიკის პრინციპების შემუშავება და მათი მონიტორინგია. ინიციატივა საქართველოს რეგიონების ჟურნალისტებისგან მოდის.


[დისკუსიის ხმები] ”მეც ჩემს საკუთარ კოლეგაზე მიჭირს თქმა, რომ არაეთიკურად წერს. მე ვერ განვსჯი.”
”მიჭირს ერთია, მაგრამ...”
”არა, როგორ არ მიჭირს, ჩემს კოლეგაზე ვერ ვიტყვი. შეიძლება მეგობრულად ვურჩიო,მაგრამ ხმამაღლა ვერ ვიტყვი, რა...
თუმცა ჩვენ თუ არ ვიტყვით, ვინ იტყვის...”

ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების შემუშავება და მათი დაცვა ქართული პრესისა და რადიოსთვის ფუფუნება კი არა, სასიცოცხლო აუცილებლობაა, - ამბობდნენ კონფერენციაზე, რომელსაც 20-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა თბილისიდან და რეგიონებიდან. კონფერენცია პროექტის ”ქართული მედია მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანისთვის” ფარგლებში ჩატარდა. ამ პროექტს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და რეგიონალური მედიის ასოციაცია ახორციელებს.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი ია ანთაძე, ამბობს, ბუნებრივია, რომ ეთიკის საერთო პრინციპების შემუშავების იდეა რეგიონალურ მედიაში, განსაკუთრებით პრესასა და რადიოში პოვებს ყველაზე დიდ მხარდაჭერას.

[ია ანთაძის ხმა] ”ჯერ ერთი, გაზეთის შენახვა და რადიოს შენახვა უფრო იაფია და ადვილია, ვიდრე ტელეკომპანიების. ამიტომ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ტელეკომპანიების დაფინანსების წყაროები არის დიდწილად გაუმჭვირვალე. მაგრამ გაზეთს და რადიოს შეუძლია, რომ საკუთარი მენეჯმენტით, ძალისხმევით და დონორების დახმარებით ირჩინოს თავი და ასეც ხდება. იქ, სადაც გამჭვირვალე ფინანსებია, პასუხისმგებლობაც მეტი არის ჟურნალისტების მხრიდან. ”

პასუხიმგებლობის გრძნობას ისიც აძლიერებს, რომ ეთიკური პრინციპების დაცვა პირდაპირ აისახება გაზეთის შემოსავალზე. ქუთაისის ”ახალი გაზეთის” რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი ამბობს, რომ ეთიკურობა ზრდის სანდოობას, სანდო გაზეთი კი უკეთ იყიდება. ამას გარდა, მეტი შანსი ეძლევა მიიღოს დონორის დაფინანსება, რაც დღითიდღე უფრო რთული ხდება, რადგან დაფინანსებამ ბოლო ხანებში საგრძნობლად იკლო:

[მაია მეცხვარიშვილის ხმა]” თუკი ჩვენ გვეყოლება აუდიტორია, რომელიც გვენდობა, და ამ სანდოობის გარანტია იქნება ზუსტად ის გამჭვირვალე დაფინანსება ან ეთიკური პრინციპები, რაც ჩვენს აუდიტორიას ეცოდინება, ეს შემდეგ გავლენას მოახდენს ჩვენი ზემოქმედების არეალზე და ჩვენს გავლენაზე. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენთვის არის სასარგებლო.”

თუმცა ჟურნალისტები საერთო ეთიკური პრინციპების შემუშავებას მხოლოდ გავლენის ან მოგების გაზრდის გამო არ ცდილობენ. ჟურნალისტი გელა მთიულიშვილი, მაგალითად, ასე ხსნის, თუ რატომ სურს მიიღოს მონაწილეობა ამ პრინციპების შემუშავებაში, რაც თავისთავად გულისხმობს დამატებითი პასუხისმგებლობის კისრად ღებას მაშინ, როდესაც ამას თითქოს არავინ ავალდებულებს.

[გელა მთიულიშვილი] ”არ გვავალდებულებს ერთია, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ არ მქონია შემთხვევა, რომ ეთიკური პრინციპები არ დამერღვიოს. წარსულში ყოფილა ასეთი შემთხვევები და შეიძლება ახლაც არის, მაგრამ, როდესაც დოკუმენტზე გაქვს ხელი მოწერილი, ეს უფრო გავალდებულებს, რომ ამ დოკუმენტით დადგენილი მოთხოვნები დაიცვა. ცხადია, ახლაც ხარ ვალდებული.”

იმისათვის, რომ ჟურნალისტებს ეთიკური პრინციპების დავაში დაეხმარონ და შემდეგ შემუშავებული პრინციპები, უბრალოდ, ქაღალდზე არ დარჩეს. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს იმის თაობაზე, რომ შეიქმნას ამ პრინციპების მონიტორინგის ორგანო. საერთო ღირებულებებზე ხელისმომწერებს ექნებათ ერთგვარი ხარისხის ნიშანი, რომელსაც დაკარგავენ იმ შემთხვევაში, თუ ერთად შემუშავებულ პრინციპებს დაარღვევენ.

XS
SM
MD
LG