Accessibility links

logo-print

ეკონომიკური მიმოხილვა


შობადობის რიცხვმა საქართველოში 2007 წელს, 2006 წელთან შედარებით, 3,1%-ით მოიმატა და 49 287 ადამიანი შეადგინა. 2007 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები

სტატისტიკის დეპარტამენტმა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოაქვეყნა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში გარდაცვალების მაჩვენებელმა 2,5%-ით იკლო და 41 178 ადამიანი შეადგინა. შესაბამისად, ბუნებრივი მატება 46%-ით გაიზარდა და 8 109 კაცი შეადგინა.
2006 წელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი და 24 891 ერთეული შეადგინა. წინა წელთან შედარებით, 12,8%ით გაიზარდა რეგისტრირებული განქორწინებებიც _ 2 325 შემთხვევამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, 2007 წელს ქვეყანაში შემოსულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონ 493 ათასი, გასულთა რაოდენობამ კი 2 მილიონ 514 ათასი კაცი შეადგინა. აქედან გამომდინარე, დაფიქსირდა უარყოფითი მიგრაციული სალდო 20,7 ათასი კაცის ოდენობით.
2008 წლის 1 იანვრისთვის, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე 4 მილიონ 382 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2007 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 12,6 ათასი კაცით ანუ 0,3-%-ით ნაკლებია. მსგავსი მაღალი ბუნებრივი მატება 1992 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, მაგრამ უარყოფითმა მიგრაციულმა მოძრაობამ მოსახლეობის რიცხოვნობის კლება გამოიწვია.
საქართველოში საშუალო მომხმარებლის ოფიციალურად აღიარებული საარსებო მინიმუმი, 2007 წლის მონაცემებით, 10,7 ლარით გაიზარდა და 105 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 118,6 ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 11,3 პროცენტით აღემატება. საშუალო ოჯახის (3,7 წევრი) საარსებო მინიმუმმა კი 20,2 ლარით იმატა და 198,9 ლარი შეადგინა.
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვმა, რომელიც მხოლოდ დასაქმებულებს და სამუშაოს აქტიურად მაძიებელ უმუშევრებს მოიცავს, 2007 წელს 1 მილიონ 965 ათასი კაცი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის დეპარტამენტიდან გახდა ცნობილი. აღნიშნული მაჩვენებელი 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 63,35-ია.
2007 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმების დონე 54,1%-ით განისაზღვრა, რაც 0,3%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მათ შორის 37% დაქირავებით იყო დასაქმებული, ხოლო დანარჩენი 63% თვითდასაქმებულთა რიგს მიეკუთვნებოდა.
რაც შეეხება უმუშევრობის მაჩვენებლებს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონემ 2007 წლისთვის 13,3% შეადგინა და, 2006 წელთან შედარებით, 0,3%-ით შემცირდა.
უმუშევართა არმიას კიდევ უფრო მეტად გაზრდა ეროვნული ბანკის თანამშრომლების ხარჯზე ემუქრება. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბანკში მიმდინარე რეორგანიზაციის მოტივით ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულია სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
“უმორჩილესად გთხოვთ, შეახსენოთ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას თქვენ მიერ ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდებოდა ორგანიზაციებიდან თანამშრომელთა ქუჩაში გაყრა. ვიტოვებთ თქვენი შეწევნის იმედს და გულისხმიერებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას”, - ნათქვამია მიმართვაში.
თავად ბანკში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მიმდინარეობს. ცვლილებები მოქმედებს 15 აპრილიდან, რის შედეგადაც ზოგიერთი სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა, ზოგისაც გადაიხედა და, პირიქით, დასუსტდა. შემცირებაც ამ ცვლილების შედეგად ხორციელდება.
შემცირება ემუქრება კიდევ ერთ მარეგულირებელ კომისიას. პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოში წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისია წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისა და ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება. კომისიას პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში შევლენ: მთავრობის კანცელარიის უფროსი, იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და სხვები. სავარაუდოდ, სწორედ ამ სქემით მოხდება სემეკის გაუქმება.
სატრანსპორტო რეგულატორის გაუქმებას საქართველოს ავიაბაზარზე არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, მგზავრთნაკადი და ტვირთბრუნვა გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 265 560 მგზავრს მოემსახურა, ხოლო სულ საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილ იქნა 279 406 მგზავრი, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით მეტია.
ამავე პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა გადაამუშავა 6,2 მილიონი ტონა ტვირთი, რითაც ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55% შეადგინა.

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზრდილია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან რეგულარული საერთაშორისო გადაყვან-გადაზიდვების რეისების ოდენობაც. ავიაკომპანიების მიერ მიმდინარე წელს კვირაში 22 დამატებითი სიხშირე იქნა ათვისებული და კვირაში 134 სიხშირე შეადგინა.
2008 წლიდან რეგულარული რეისები დაემატა თბილისი-მოსკოვის, თბილისი-სოჭის, თბილისი-როსტოვის, თბილისი-ვილნიუსის, თბილისი-პრაღას, თბილისი-ს.პეტერბურგის, თბილისი-მინვოდის, თბილისი-ეკატერინბურგის, ქუთაისი-მოსკოვისა და მინსკი-ბათუმის მიმართულებით. უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია თბილისი-ბათუმი-მოსკოვის, მოსკოვი-ბათუმის, ბათუმი-ოდესის, ბათუმი-სოჭის, ბათუმი-ხარკოვის, ბათუმი-როსტოვის, თბილისი-ბათუმი-კიევის, თბილისი-ანტალიას რეგულარული და არარეგულარული რეისების დამატება. განხილვის პროცესშია ქუთაისის აეროპორტიდან უახლოეს პერიოდში დამატებით საერთაშორისო რეისების შესრულების საკითხებიც.
უახლოეს ხანებში საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ისლანდიას შორისაც დაიწყება. პირველ ეტაპზე “საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხების ტექსტი იქნება მიღებული.
მიმდინარე კვირას გაირკვა, რომ მიმოსვლისა და თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში დიდი პრობლემები შეექმნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს საქართველოში ფადი ასლის, რომელიც, თავისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის ფადი ნაჰასის მიმართ არსებული ვალის გადაუხდელობის გამო, გაკოტრებულად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიბანის სასამართლომ მიიღო.
გაკოტრებულად ცნობის შემდეგ ფადი ასლის, ლიბანის კანონმდებლობის თანახმად, ჩამოერთვა ყველა სამოქალაქო უფლება. შემდგომ ეტაპზე ლიბანის სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ეს თაღლითობის შედეგად დამდგარი გაკოტრება. უკვე დაყადაღდა ფადი ასლის ლიბანში არსებული პირადი ქონება და მასზე მეურვეობა გადაეცა მის იქაურ მეუღლეს.
ამ ფაქტმა, ცოტა არ იყოს, დაბნეულობა შეიტანა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებში, რომლებისთვისაც ეს ამბავი სრული სიურპრიზი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მისი ყოფილი პარტნიორის დაცვის მხარეს საქართველოში იმედი გაუჩნდა, რომ მოკლე ხანში საქართველოს სასამართლოები განიხილავენ და გადაწყვეტენ იმ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ფადი ნაჰასის მიერ აღძრულია ორი წლის წინ ფადი ასლის წინააღმდეგ და რომლებიც დღემდე არ განხილულა.
შესაბამისად, ლიბანში დაწყებულ ისტორიას, სავარაუდოდ, საქართველოშიც მალე მოჰყვება გაგრძელება.
XS
SM
MD
LG