Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო: არეულობის საშიშროების ფონზე, ახალი კონსტიტუცია იწყებს მოქმედებას


კვირას, 15 ივნისს, სერბიის ყოფილმა ოლქმა, კოსოვომ, თავისი ახალი, გამოუცდელი სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაციის მიზნით,

ახალი კონსტიტუციის ამოქმედება გამოაცხადა. მაგრამ ევროპის ამ ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს სამომავლო სტაბილურობას კვლავ საფრთხეს უქმნის სერბიის და მისი გავლენიანი მოკავშირის, რუსეთის, ქმედებები.

[კოსოვოს ჰიმნი]

ოთხშაბათს, 11 ივნისს, კოსოვოს პარლამენტმა სახელმწიფო ჰიმნი დაამტკიცა. კვირას, 15 ივნისს, კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი ბოლო ეტაპი უნდა ყოფილიყო ამ ახალი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში.

მაგრამ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ქვეყნის - კოსოვოს - გაჩენასთან დაკავშირებით აღმატებულ ხარისხში გაკეთებული განცხადებების ფონზე, სულ უფრო მეტად იზრდება შიში, რომ იქ დესტაბილიზაციის ახალი ტალღაა მოსალოდნელი.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კოსოვოს პროექტის დირექტორის ალექს ანდერსონის აზრით, ეს შიში დიდწილად საზრდოობს პრიშტინის მთავრობის რეალური გავლენისა და საერთაშორისო ინსტიტუტების როლის შესახებ არსებული ეჭვებით:

[ანდერსონის ხმა]
”იმედი მაქვს, 15 ივნისის შემდეგ მოვლენები მშვიდად, დრამატიზმის გარეშე განვითარდება. ჩემი აზრით, ცხადია, იმის მოლოდინი, რომ კოსოვოს მთავრობა მთელ კოსოვოსა და მისი მართვის ყველა ასპექტზე მყისიერად გაავრცელებს უფლებამოსილებას, არარეალურია.”
კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის დარტყმის მიყენების მიზნით, სერბია ორ ფრონტზე მოქმედებს. იქვე, ადგილზე, ბელგრადი კოსოვოს ჩრდილოეთზე ცდილობს კონტროლის გამყარებას: ეს მხარე ძირითადად ეთნიკური სერბებითაა დასახლებული -ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები წარმოადგენენ. ამასთან, მისი მოკავშირე რუსეთის დახმარებით, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს, სერბია ცდილობს აღკვეთოს კოსოვოში ევროკავშირის მისიის განთავსება, იქ კანონის უზენაესობის დამყარების მიზნით.

სერბიის საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პარალელურად, 11 მაისს ჩრდილოეთ კოსოვოს ზოგიერთმა რეგიონმაც მოაწყო არასანქცირებული არჩევნები. ნაციონალისტებისა და სოციალისტებისგან შემდგარი კოალიცია ახლა იქ კოსოვოელ სერბთა პარლამენტის დაარსებას ცდილობს.

კოსოვოს სერბული მუნიციპალიტეტებისა და ანკლავების გაერთიანების პრეზიდენტმა მარკო იაკსიჩმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბები რეგიონს ბელგრადის მმართველობას აკუთვნებენ:

[იაკსიჩი]
”ჩვენ, სერბები, ამ მონსტრ სახელმწიფოს არ ვცნობთ. ჩვენ ვთვლით, რომ სერბიის ტერიტორიაზე კანონიერი მხოლოდ ერთი კონსტიტუცია შეიძლება იყოს - და ეს სერბიაში მიღებული კონსტიტუციაა. ჩვენ 11 მაისის არჩევნების შედეგების ირგვლივ ვიქნებით მობილიზებული.”

იმის მიუხედავად, რომ კოსოვოს მთავრობას ჩრდილოეთზე თითქმის არანაირი უფლებამოსილება არა აქვს, ოფიციალური პრიშტინა ირწმუნება, რომ რეგიონს, დე იურე, სწორედ ის განაგებს. კოსოვოს ვიცე-პრემიერი ჰაირედინ კუჩი აცხადებს, რომ პრიშტინა ჩრდილოეთზე კონტროლს მალე რეალურადაც დაამყარებს:
[კუჩი]
”როგორც კოსოვოს სასამართლოსა და მისი პარლამენტის მიერაა დადგენილი, წამყვანი პრინციპი კანონის უზენაესობა იქნება. სხვა კანონი არ არსებობს და არც სხვაგვარი მმართველობა იარსებებს. არსებობს მხოლოდ ილუზიები, მაგრამ ამ ილუზიებს მალე რეალობასთან დაპირისპირება მოუწევს.”

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ჩრდილოეთზე კონტროლის განმტკიცებით სერბ ნაციონალისტებს სურთ კოსოვო ჯერ დაანაწევრონ, მერე კი ის მსოფლიოს წარუმატებელ პროექტად წარუდგინონ.

პრიშტინაში მცხოვრები პოლიტოლოგის დრიტონ ლაიცის თქმით, ეს სტრატეგია კოსოვოს მთავრობას სამოქმედოდ ბევრ გზას არ უტოვებს:

[ლაიცი]
”ეს გავლენას იქონიებს, იმიტომ რომ ამით კოსოვოს კონსტიტუციას მთელ ტერიტორიაზე ამოქმედების საშუალება არ მიეცემა. კოსოვოს მთავრობა და ხალხი დილემის წინაშე დგანან. ამ სტრუქტურებთან დაპირისპირება შეუძლებელია, მაგრამ მოცემულ ვითარებაში მათთან თანამშრომლობაც მიუღებელია. ჩემი აზრით, ერთადერთი გზა ამ სტრუქტურებთან თანდათანობითი თანამშრომლობა და კოსოვოს ახალ სახელმწიფოში მცხოვრებ სერბებთან შეთანხმების მიღწევაა.”

ნიშანდობლივია, რომ ბელგრადის სტრატეგიას სერბიის ყველა ოფიციალური პირი არ ეთანხმება. 11 მაისის არჩევნების შემდეგ, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, ბელგრადში პოლიტიკოსებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს მთავრობის ფორმირება. პრეზიდენტ ბორის ტადიჩის დემოკრატიული პარტია, რომელიც იმედოვნებს, რომ კოალიციურ მთავრობას სათავეში ჩაუდგება, მთავრობის შექმნამდე კოსოვოსთან მიმართებით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისგან თავის შეკავების მოწოდებით გამოდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კოსოვოს სამომავლო პერსპექტივას სირთულეს უქმნის, სერბიის მოკავშირის, რუსეთის, ქმედებებია. რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ახალ მისიას კოსოვოში სრულად განთავსების საშუალება არ მიეცეს.

როდესაც კოსოვომ თებერვალში დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დასახული გეგმა ითვალისწინებდა კოსოვოში მოქმედი გაეროს მისიის მიერ ფუნქციების ევროკავშირისთვის გადაბარებას. გაეროს მისიას მანდატი კვირას, 15 ივნისს, ეწურება. კოსოვოს დამოუკიდებლობის ადრეულ ფაზაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის ევროკავშირს წამყვანი როლი უნდა დაკისრებოდა.

მაგრამ, გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენების მუქარით, რუსეთმა გაეროს მხრიდან უფლებამოსილების ევროკავშირისთვის გადაცემის დაბლოკვა შეძლო. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი და სერბია ევროკავშირის მისიას იმის გამო ეწინააღმდეგებიან, რომ, გაეროს მისიასთან შედარებით, მისი ამოქმედების პირობებში მათი გავლენა შემცირდება.

მაისში ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბლოკის საპოლიციო ძალები კოსოვოში ყველაზე ადრე სექტემბერში შეძლებენ განთავსებას. მანამდე სიცარიელის შევსება ნატომ ითავა - ხუთშაბათს ალიანსმა გადაწყვიტა კოსოვოში თავისი მისია გააფართოოს და ქვეყნის უსაფრთხოების ძალთა გაწვრთნის ფუნქციაც შეითავსოს. ნატოს წარმომადგენლების თქმით, ამის გაკეთება მოქმედი - გაეროს მიერ სანქცირებული - მანდატით არის შესაძლებელი. შესაბამისად, უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს უფლება ვერაფერს შეცვლის.

ვეტოს უფლების ამოქმედების თავიდან აცილების კიდევ ერთი მცდელობა იყო ინიციატივა, რომლითაც გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ხუთშაბათს გამოვიდა. ინიციატივა ითვალისწინებს კოსოვოში გაეროს მისიის შეცვლას და ევროკავშირისთვის პოლიციის, სასამართლოებისა და სხვა უწყებების გაკონტროლების საშუალების მიცემას. ანალიტიკოსების თქმით, ამ გზით ევროკავშირი გაეროს ეგიდით იმოქმედებს და, შესაბამისად, საჭირო არ იქნება გაეროს უშიშროების საბჭომ ახალი რეზოლუცია მიღოს, რომელსაც რუსეთი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს.

რუსეთი ამ ინიციატივას აღშფოთებით შეხვდა და კოსოვოში გაეროს მისიის ხელმძღვანელის იოახიმ რუკერის გადადგომა მოითხოვა. რუსეთის განცხადებით, ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ რუკერი, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე, გაეროს მისიის შეცვლის საქმეში მონაწილეობს.





  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG