Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მაია სარიშვილი რა გადახდა თავს, რა განიცადა, რა იფიქრა გასულ კვირაში?

– თავის დღიურს წაგიკითხავთ პოეტი მაია სარიშვილი.



8 ივნისი, კვირა
მეორეკლასელი ტასო წერს: “დღეს ყველაზე ძნელი თემის დაწერა დაგვავალა მაიამ. იმისი სათაურია ‘ადამიანი’. ადამიანი არის გარედან ხორცი და შიგნიდან ძვალი. შიგნით კიდევ არის კუჭი, ტვინი, ნაწლავები და სისხლი. ტვინი არის ის, რაც რაღაცას გაშლევინებს ან არ გაშლევინებს. გული არის წითელი, კუჭი – ყავისფერი, ნაწლავები – ყვითელი და ტვინი – ჭრელი. ადამიანს საქორწინო ბეჭედიც აქვს.”
დილიდანვე თვრამეტივე ბავშვის ნამუშევრებს ვახარისხებ, რადგან არდადეგები დაიწყო და უახლოეს დღეებში ყველა მშობელს უნდა შევხვდე, რომ გულდასმით ვისაუბროთ მათ შვილებზე. რატომღაც მგონია, რომ მთელი დღიური ბავშვებზე იქნება – ჩემებზე და სხვისებზე.
უკვე საღამოა. წეღან ერთი ისტორია შემემთხვა და აუცილებლად უნდა დავწერო. სახლიდან წამლების საყიდლად ვიყავი გასული. მოულოდნელად ქუჩაში ერთი ქალი წინ გადამიდგა და მორიდებით მისაყვედურა: რატომ არ გამოჩნდი, კაბები რატომ არ მომიტანეო. შიშისაგან ადგილზე გავქვავდი, რადგან არავისი ისე არ მეშინია ამქვეყნად, როგორც შეშლილი ქალების. მერე ნელ-ნელა ამომიტივტივდა მეხსიერებაში მისი სახე და მოვეშვი. ამ ქალს რამდენიმე დღის წინ გამოველაპარაკე ვაჟა-ფშაველას დასაწყისში, როცა ხატია ამხანაგის დაბადების დღიდან მომყავდა. ატირებული მათხოვრობდა: 18 წლის გოგო გამიგიჟდა, ასათიანზე მიწევს, დედამთილი აგდებდა ფანჯრიდან და შეიშალაო. ისეა ჭკუიდან გადასული, ყველაფერს ლეწავს და ტანზე ტანსაცმელს არ იჩერებს, სულ იფლეთს ყველაფერსო. ამ დილით ზეწარში გახვეული დავტოვე, რადგან ახალი კაბა აღარ მქონდაო. მაშინ შევპირდი, მეც მოგიტან ერთ-ორ კაბას მეთქი და აი, შემარცხვინა. თანამშრომელს რომ მოვუყევი, არ დაიჯერა – გატყუებს, თორემ განა არ შეიძლება ისეთი ქსოვილისაგან შეკერილი კაბა ჩააცვან, რომელსაც ვერ დახევსო? ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. თუმცა მირჩევნია, ტყუილი იყოს ეს ამბავი და არ იწვეს ფსიქიატრიულში 18 წლის პატარა გოგო, რომელიც ყველაფერს ლეწავს და ტანსაცმელს ტანზე იხევს. არ იყოს დედამისი ის მათხოვარი, რომელსაც ლუიზა ქვია და რომელიც ატირებული ზის ვაჟა-ფშაველას დასაწყისში, სუპერმარკეტის წინ.

9 ივნისი, ორშაბათი
რომ ვიცოდე, რომ ამ დღიურს ერთი X ადამიანი არასოდეს წაიკითხავს, დღევანდელ დღეზე უამრავ რამეს დავწერდი, მაგრამ ვინაიდან ამის გარანტია არ არსებობს, ჩუმად უნდა ვიყო და სხვა საინტერესო რამე გავიხსენო...
სკოლა, სადაც მე ვმუშაობ, ქუთაისის ქუჩასთან არის ახლოს. ქუთაისის ქუჩაზე კი ავტონაწილების უამრავი მაღაზიაა. ერთხელ, სახლში დაბრუნება მაგვიანდებოდა და ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში აღმოვაჩინე ტელეფონი, რომლიდან სახლში დარეკვის უფლება დაუმადლებლად მომცეს. საოცარი მაღაზია იყო – ჭერამდე ამოვსებული უამრავი ჩემთვის უცნობი რკინის უხეში დეტალით. და ეს სხვადასხვა ფორმის რკინები ისეთ გასაოცარ განწყობას ქმნიდნენ, რომ ახსნა შეუძლებელია. უცებ დავინახე რომ ერთ-ერთ დახლზე, ამ დამტვერილ, განსაკუთრებულად უსულგულო რკინის ნაწილებს შორის ღვთისმშობლის ხატი მიეყუდებინათ. პატარა ხატი იყო, უჩარჩოო, კიდეებგადაკეცილი, მაგრამ ისეთ უსაზღვრო სითბოს ასხივებდა, ტაძარშიც რომ არ მიგრძვნია არასდროს. ვერაფრით აღვწერ, როგორ უხდებოდა სხვადასხვა ავტონაწილებით ამოვსებულ, ოფლიანი და ნახევრადშიშველი კაცებით ამოვსებულ ამ მაღაზიას ეს პატარა ღვთისმშობლის ხატი… მას მერე, სულ მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა ეს ამბავი და აი, ახლა დავწერე...

10 ივნისი, სამშაბათი
დღეს №39 ავტობუსში ერთი ქალი შევნიშნე, რომელიც ჩემკენ ზურგით იჯდა და დაუჯერებლად ჰგავდა ჩემს გარდაცვლილ დედას. თმები რომ შეისწორა, ცრემლები გადმომცვივდა, რადგან თითებიც ზუსტად დედაჩემის თითებს მიუგავდა. რატომღაც შემეშინდა და ავტობუსიდან ისე ჩავედი, სახეზე ვერც კი შევხედე...
წერეთელზე, მგონი №137-ში, ასეთ აბრას ვხედავდი კარგა ხანს – “საჩაიე ლილი”. ლილი კი დედაჩემის სახელია და სულ მინდოდა და ვერასდროს მოვხვდი იქ. ამას წინათ კი გადავწყვიტე, აუცილებლად შევსულიყავი იმ საჩაიეში, მაგრამ რომ მივედი, აბრა გამოცვლილი დამხვდა და “მიმოზა” თუ რაღაც ამდაგვარი ეწერა ზედ. ძალიან მოვიწყინე. გზაში გამიწვიმდა. ვიფიქრე, სახლამდე ფეხით ვივლი ამ წვიმაში-მეთქი და კარგადაც გავილუმპე, მაგრამ ერთ-ერთ გაჩერებაზე №46 ავტობუსი შევნიშნე და სასწრაფოდ შიგ შევხტი. საოცრად თბილოდა ავტობუსში. სითბო კი დიდი ნუგეშია და უცებ დავმშვიდდი…
აქვე მინდა ჩავწერო ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის, დათუნას თემა:
“წერილი დედას
დედა, გახსოვს, მამამ რამსისქე ყინული ჩატეხა ფეხით? მამა ძლიერია და ბევრი ცნობილი მეგობარი ჰყავს. შენ კი გემრიელ ჩაის აკეთებ... დედა, ჩემი შავი დღე იყო, როცა სიცხე ორმოცი გქონდა... მომწონს, რომ ახლა ბევრ თხილს ჭამ და უფრო და უფრო ჯანმრთელი ხდები. მე არ მომწონს, რომ თმები გადაირეცხე და ისევ ყავისფერი გაგიხდა, როგორც თავიდან... დედა, დღეს მაიამ გვკითხა, პეპელა რა არისო. მე ხელი არ ავიწიე და გულში ვთქვი პასუხი: პეპელა იგივე მატლია, ოღონდ ფრთები აქვს-მეთქი.”

11 ივნისი, ოთხშაბათი
დღეს სულ არაფერი მომხდარა საინტერესო. მხოლოდ დილით, აივანზე სარეცხს რომ ვფენდი, ჩემი სამი წლის დიტო დამადგა თავზე მუდარიანი სახით – ახალი წელი ვიპოვე და გეხვეწები, არ გადამიგდოო. რა ახალი წელი-მეთქი – გავიკვირვე, და ჯიბეში მიდევს, მაგრამ გოგოები წამართმევენ და ვერ ამოვიღებო – თავის დებზე მიმანიშნა. სად ნახე-მეთქი და ფეხსაცმლის კარადაშიო. სასწრაფოდ ჯიბეში ჩავუყავი ხელი და იქიდან პატარა ნაკუწები ამოვათრიე ნაძვის ხის მოსართავი ვერცხლისფერი წვიმის. განწირული ხმით მიკივლა – არ წამართვაო, სასწრაფოდ უკან დავუბრუნე და ცივი და სველი ხელებით ისე ძლიერ მივიკარი გულზე, კინაღამ შევისრუტე...

12 ივნისი, ხუთშაბათი
თურმე ყველა მასწავლებელია მზად მშობლებთან შესახვედრად. მე კი ჯერ ბევრი რამ მაქვს დასაწერი და დასახარისხებელი. ძალიან მრცხვენია მთელი სკოლის და სულ ველოდები, როდის მეტყვიან: ხომ არ ჯობია, სახლში იჯდე და ლექსები წეროო.
საღამოს ბავშვები თვალებგაფართოებულები შესცქეროდნენ ტელევიზორს: ერაყში გარდაცვლილი კიდევ ერთი მებრძოლი დაკრძალეს, სამგორის რაიონში კი ოთხსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და მამა-შვილია ძალიან მძიმედ. ერთი ჩემი ამხანაგი მეუბნება, ტელევიზორი შენზე კარგ სამსახურს უწევს მაგ ბავშვებს – აფხიზლებს, ნერვებს უკაჟებს და სირთულეებს აჩვევსო. მე კი ზოგჯერ მართლაც მირჩევნია, საერთოდ არ გვქონდეს ტელევიზორი – ეს მართლაც ტროას ცხენი. მარინა გამახსენდა – ჩვენი ყოფილი მეზობელი: იცი, რა კარგია შავ-თეთრი ტელევიზორი? აღარაფრის მეშინია, სისხლი-მისხლი, ყველაფერი შავ-თეთრად ჩანსო…

13 ივნისი, პარასკევი
ქარია. ხატია მამიდასთანაა დიდ დიღომში. არ მიყვარს ბავშვების სადმე გაშვება. პურზე რომ ჩადიან, ისიც კი არ მომწონს. მინდა ოთხი ხელი მქონდეს, ყველას სათითაოდ ჩავეჭიდო და არასდროს და არსად გავუშვა. ეს დიდი სიგიჟეა, რომელსაც გამუდმებით ვებრძვი... ახლა ოთახებში სამნი დაბოდიალობენ. ერთი სიამოვნებაა მათთვის ჩუმად ყურის გდება. ანასტასია პიანინოს მიადგა და თავის გამოგონილ მელოდიას გაჰკივის. წეღან მეც ვუკრავდი, მაგრამ ძალიან სასაცილოდ, რადგან თან ჭადებს ვაცხობდი და თან დებიუსის ვიხსენებდი – “Лунный свет”-ს, რომელიც ძალიან მიყვარს. ტაფასა და პიანინოს შორის დავრბოდი და ძალიან მომწონდა ასე. სამი ხაზი დებიუსი და ორი ჭადის კვერის გადმობრუნება. კიდევ სამი ხაზი დებიუსი და თითები ახლა სიმინდის ფქვილის ცომში. გაზი რომ გამოვრთე, დაკვრაც შევწყვიტე. ასე, რამდენიმე წუთით წამომივლის ხოლმე დაკვრის სიგიჟე და მერე მიქრება.
საღამოა. სკოლიდან ისევ დამირეკეს. ჩვენი საწყალი ბებერი კომპიუტერი კი გაფუჭდა და ბავშვების შეფასების ფურცლების კეთება თავიდან მიწევს. სხვა მასწავლებლები უკვე შეხვდნენ მშობლებს. ყველამ ყველაფერი მოაწესრიგა. მე კი ისევ მაჩანჩალა ვარ. ბავშვობიდან მოყოლებული იმას ვგეგმავ, რომ რომელიმე ორშაბათიდან აუცილებლად გამოვსწორდები, ანუ გავხდები დღის გონიერად დამგეგმავი და პირადი თუ საზოგადო საქმეების პატიოსნად შემსრულებელი, მაგრამ არაფრით გამომდის და ვიცი, სიკვდილამდე ასე ვიქნები.
როცა ამგვარი სევდიანი ფიქრები მომეძალებიან, ტანსაცმლის კარადას გამოვხსნი ხოლმე და იქ ვჯდები. ასეთი სიმყუდროვე მთელ სახლში არსად არ არის. ვარ ხოლმე მარტო ჩემთვის და არაფერზე ვფიქრობ. ეს უფრო თვალღია გამოძინებას ჰგავს. მერე ვდგები, კარადის კარს მჭიდროდ ვხურავ და ვითომ ჩვეულებრივი ვხდები.

14 ივნისი, შაბათი
წუხელ ინგრიდს ველაპარაკე ტელეფონით. მთელი კვირაა შეხვედრას ვგეგმავთ და არაფრით გამოგვდის. მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩვენს ქალაქში – სიფრიფანა ბელგიელი, რომელიც ზოგჯერ მომწვანო-მოცისფრო, მაღალ და გამჭვირვალე საყვავილეს მაგონებს. საყვავილეს – ძალიან იშვიათი, დახვეწილი და გრძელღეროიანი ყვავილებით.
ვიდრე ტელეფონით ვლაპარაკობდი, ბავშვებმა ძველისძველ პომადას მიაგნეს და საშინლად მოთუთხნეს ერთმანეთი. მერე დიტო მომადგა: ვარდისფერი გული თუ რამეს ახატია, ის რამე გოგოსიაო? კი-მეთქი – ვუპასუხე. და თუ ობობა ახატიაო? ჭიამაიები და გულები გოგოებისაა, ობობები და ბაღლინჯოები ბიჭების-მეთქი. ანასტასიას გულიანად გაეცინა.
ამ დილით კი ნატას გვერდით მიძინებული დიტოს მაჯაზე საათი შევნიშნე – ლურჯი ობობები ეხატა ზედ და მისი გაჩერებული ისრები ძალიან დიდ სისულელეს უჩვენებდნენ...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG