Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია ახალი პოლიტიკური ცენტრის ამოქმედებას აპირებს


გაერთიანებული ოპოზიციის წევრები “პოლიტიკური ცენტის” ამოქმედების იდეაზე მუშაობენ და აქტიური, შედეგიანი ბრძოლის გაგრძელების პირობას დებენ.

ახალი მემარჯვენეების ოფისში შეკრებილ კოლეგებს დღეს, 17 ივნისს, 5-პუნქტიანი მემორანდუმით პარტია “თავისუფლების” ლიდერმა მიმართა. კონსტანტინე გამსახურდიას მიერ წარდგენილ ტექსტში, მოსაზრებების პარალელურად, გარკვევით იკითხება ერთიანი ეროვნული საბჭოს არათანასწორი მართვით უკმაყოფილება. ეს ის პრობლემაა, რომელმაც საბჭოს რიგებიდან გამოთიშა სხვა პოლიტიკოსებიც. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, რამდენად მოხერხდება ახალი პოლიტიკური ცენტრის გაფართოება და გაძლიერება.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების იდეას ლეიბორისტები ეჭვით უყურებენ და, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს, სხვა ოპოზიციურ ძალებთან, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ კოორდინირებული მუშაობა თუ მოხერხდება:

(გიორგი გუგავას ხმა) “არც ერთ შემთხვევაში ჩვენ გაწევრიანებას არსად არ ვაპირებთ. ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია ვიყავით ყოველთვის. ყოველთვის დამოუკიდებლად განვსაზღვრავდით მოქმედების ტაქტიკასა და სტრატეგიას. ამას ჩვენ არ ვუღალატებთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეროვნულ საბჭოს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს, დაშლის პირასაა... დატოვა რამდენიმე წევრმა, კიდევ აპირებენ, თუ არ ვცდები... და კარგი იქნება, თუ საკუთარ თავში ჩამოყალიბდებიან ჯერ, გაარკვევენ ამ პრობლემებს და ამის შემდეგ კოორდინაცია შეიძლება...” (სტილი დაცულია)

სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთობლივ მუშაობას სავსებით რეალურად მიიჩნევს პარტია “თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუკი ერთიანი ეროვნული საბჭოს ბაზაზე დაარსებული ახალი პოლიტიკური ცენტრი მუშაობის ძველ მეთოდებს შეცვლის. მაგალითად, თუკი გაერთიანების შეხვედრის ადგილი აღარ იქნება ახალი მემარჯვენეების ორთაჭალაში მდებარე ოფისი, რომელსაც ზოგიერთები “ორთაჭალის პარლამენტად” მოიხსენიებენ. მართალია, 5-პუნქტიანი მემორანდუმი პარტია “თავისუფლების” ლიდერმა 17 ივნისს სწორედ ახალი მემარჯვენეების ოფისში მიიტანა, მაგრამ ოპოზიციის თავყრილობა მალევე დატოვა. ერთი სიტყვით, კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი სათქმელი გარკვევით თქვა: მას არ სურს, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრში შემავალმა პარტიებმა, რომელიმე ერთი პოლიტიკური სუბიექტის ან ადამიანთა ჯგუფის გავლენით, საკუთარი სახე დაკარგონ და ერთ პარტიად გადაიქცნენ.

სხვათა შორის, სწორედ ერთგვარ “დიქტატურაზე” საუბრობდნენ გია ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე, რომლებმაც 9 ივნისს ერთიანი ეროვნული საბჭოს რიგები დატოვეს. ოდნავ მოგვიანებით ცაგარეიშვილმა რადიო “თავისუფლებას” დეტალებიც განუმარტა:

(გია ცაგარეიშვილის ხმა) “იყო შტაბი შექმნილი და შტაბში იყო, ასე ვთქვათ, 3 მოთავე: ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ბატონი ლევან გაჩეჩილაძე, ბატონი დავით გამყრელიძე. ყოველ შემთხვევაში, ეს სამი ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, ახმოვანებდა ბატონი გამყრელიძე. საბჭოს ფორმატი, ფაქტიურად, 2 თვეა აღარ მუშაობს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით... და ის გადაწყვეტილებები, თუნდაც მანდატების დატოვება, თუნდაც ალტერნატიული პარლამენტის შექმნა, თუნდაც შემდგომ გახმოვანებული ბატონი გამყრელიძის ინიციატივა, რომ გაუქმდეს მარნეულის, გარდაბნის, ახალციხის და ახალქალაქის საარჩევნო ოლქების შედეგები და ჩვენ მოგვემატოს, ოპოზიციას, მანდატები, არც ეს განცხადება არ იყო არავისთან შეთანხმებული.” (სტილი დაცულია)

დიაქტატურის თემას არ იხილავს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური, თუმცა კონსტანტინე გამსახურდიას დასამშვიდებლად ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ საბჭოში პოლიტიკური ლიდერების “დაჩაგვრა” ძალიან ძნელი იქნება:

(ზვიად ძიძიგურის ხმა) “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ლიდერების ასეთი ის არის... კრებული არის გაერთიანებული ოპოზიცია და, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ლიდერს, ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს, გვერდზე ვერ მიაყენებს.” (სტილი დაცულია)

კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს მუშაობის ძველ რეჟიმში გაგრძელებას და, პოლიტიკური ცენტრის შექმნით, გაერთიანებულ საბჭოში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება. ჯერჯერობით დეტალები არ კონკრეტდება და ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოპოზიცია, სამომავლო გეგმების ჩამოსაყალიბებლად, შეხვედრებს კვლავაც განაგრძობს პოლიტიკური ტაიმ-აუტის შემდეგ, რომელიც ზაფხულის მანძილზე გაგრძელდება. სხვათა შორის, სამოქმედო გეგმის ზუსტად განსაზღვრის მოთხოვნას შეეხება პარტია “თავისუფლების” ლიდერის მემორანდუმის მე-3 პუნქტი. ნათელია, რომ გამსახურდია, ამ მხრივ, ერთიანი ეროვნული საბჭოს მუშაობას იწუნებს:

(კონსტანტინე გამსახურდიას ხმა) “სამოქმედო გეგმა არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ძალიან ხშირად მიტინგებზე ისმოდა საკითხი – რა ვქნათ...” (სტილი დაცულია)

ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტს გარეთ ბრძოლის გეგმებს კონკრეტულად ჩამოაყალიბებს, მათ დაუკითხავად, თუმცა მათთვის, პარლამენტში ზრუნავს ერთიანი ეროვნული საბჭოს რიგებიდან ახლახან გარიცხული ჯონდი ბაღათურია. ქართული დასის ლიდერი ცდილობს გამონახოს გზები, რომ ყოფილმა კოლეგებმა გადაწყვეტილება შეცვალონ და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩაერთონ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კი ბაღათურიას ვერაფრით აიმედებს. თუკი გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, რომლებმაც სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს, გადაწყვეტილებას ხუთშაბათამდე არ შეცვლიან, მათ აუცილებლად ჩამოერთმევათ მანდატები. მეთვალყურეები ფიქრობენ, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.





  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG