Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, ახალ მთავრობაში არ შეიყვანონ”, - წერს პირველ გვერდზე ”რეზონანსი”.

”ახლო მომავალში კიდევ ერთი სამთავრობო ”კარუსელი” დატრიალდება. ამ ცვლილებების მთავარ ინტრიგად, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის უშიშროების საბჭოს მდივნად გადაყვანა იქცეს. ასეთი ინფორმაცია კულუარებში გავრცელდა, თუმცა მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ადასტურებენ. მოვლენების ამგვარად განვითარება შესაძლებლად მიაჩნიათ ოპოზიციაში. გოგა ხაინდრავას თქმით, მერაბიშვილის პერსონით განსაკუთრებით აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციაში არიან უკმაყოფილონი”, - წერს ”რეზონანსი”. ამავე გაზეთში დღეს წაიკითხავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა შენობის გაყიდვის საკითხს განიხილავს, რადგან მისი რეკონსტრუქციისთვის საჭირო ბიუჯეტი არ გააჩნია, და რომ შენობის გაყიდვით სავსებით შესაძლებელი იქნება ახალი ტელერადიოცენტრის აშენება და მისი თანამედროვე აპარატურით აღჭურვა. ”რეზონანსიდანვე” ცნობილი ხდება ”ტელეიმედის” საინფორმაციო სამსახურის მომავალი უფროსის ვინაობაც: მაია თაბაგარს ამ პოსტზე ბოლო დრომდე ”რუსთავი-2”-ის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი მანანა მანჯგალაძე ჩაანაცვლებს.

”მე მგონი, ამ წუთებში ოპოზიციაში კრიზისი კი არ არის, არამედ სტრატეგიის გადამუშავება ხდება. ალბათ, ხდება შეცდომებზე მუშაობა და მომავალი გეგმების დასახვა”, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ინტერვიუს დასასრულს ზაქარეიშვილი დასძენს: ”სააკაშვილი ვერ იტანს წარმატებულ ადამიანებს. ამიტომ ის თარგამაძეს არ გაახარებს. მით უმეტეს, არჩევნების წინ, ცნობილია, რომ თარგამაძემ ორი ფიგურა - აბაშიძე და პატარკაციშვილი -მოინელა. ამიტომ სააკაშვილი თარგამაძეს თავზე არ დაისვამს. როცა დასჭირდება, მოისვრის, მოსვამს. ანუ, სააკაშვილი ბოლომდე არ გაახარებს თარგამაძეს: ან ბოლომდე თავის გუნდში შეიყვანს და გუნდის წევრად აქცევს, ან განვითარების შანსს არ მისცემს”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილთან, რომელიც ფიქრობს, რომ ”ამ ეტაპზე მიტინგებით ბრძოლა გაუჭირდებათ. თუ ხალხს შემოდგომის ბოლოს კიდევ უფრო უარესი სოციალური სიტუაცია არ შეექმნა, აღარ გამოვა, ამაში დარწმუნებული ვარ. სხვათა შორის, როდესაც გასული წლის შემოდგომაზე ვამტკიცებდი, ხალხი ქუჩაში სოციალურმა უსამართლობამ გამოიყვანა-მეთქი, ზოგიერთი გაიძახოდა, ეს პოლიტიკური უსამართლობის ნაყოფიაო. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ამ საკითხს ბოლომდე ვერ ითავისებდნენ და შეცდომებიც ამიტომ დაუშვეს”, - ამბობს რამაზ კლიმიაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ”ალია” აქვეყნებს.

ოპოზიციის შეცდომებზე ”24 საათიც” წერს: ”ის, რასაც წინა ოპოზიციამ ოთხწლიანი ბრძოლით ვერ მიაღწია, გიორგი თარგამაძემ და გაერთიანებული ოპოზიციისგან გამიჯნულმა რამდენიმე პოლიტიკოსმა ხელისუფლებასთან ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ ადვილად მიიღეს”. ”24 საათშივე” წაიკითხავთ: ”სავარაუდოა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მხარდამჭერების ერთი ნაწილი ოპოზიციის ლიდერებისგან უფრო საქმიან ნაბიჯებს ელოდა, ვიდრე შიმშილობის არაფრის მომტანი აქცია იყო. მეორე ნაწილი კი ლიდერებისგან რადიკალურ ქმედებებზე გადასვლას ითხოვდა. ოპოზიციამ ვერც ერთის მოლოდინი ვერ გაამართლა. მან ვერც ბოლომდე რადიკალიზაცია შეძლო და ვერც კონკრეტული წინადადებების გატანა ხელისუფლებასთან დიალოგის გზით”, - წერს ავტორი პუბლიკაციისა, სათაურით ”ოპოზიციის ვატერლოო”, და დასძენს: ”ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი უცნაურობა აქვს - იქ, სადაც ჯონდი ბაღათურიაც კი ახერხებს მარგინალიზაციის ჭაობიდან ამოსვლას და პარლამენტში შესვლას, ყველა პოლიტიკოსს აქვს გადარჩენის შანსი. ხოლო იქ, სადაც ისტორიას ამ ტიპის პოლიტიკოსების დავიწყება უჭირს, ახალი ტიპის ოპოზიციის შექმნის შანსი სულ უფრო მცირდება”, - წერს ”24 საათის” მიმომხილველი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG