Accessibility links

logo-print

შეძლებს თუ არა ხელისუფლება დანაპირების შესრულებას


საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოს ხელისუფლება არაერთი მასშტაბური ინიციატივით გამოვიდა.

პარლამენტის მიერ მოწონებული პროგრამის თანახმად, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში 200 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა. ასევე ინვესტორების მოზიდვას ემსახურება ის ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცა. ლაპარაკია სეშემოსავლო გადასახადის 25-დან 15 პროცენტამდე დაწევაზე, თუმცა, არჩევნების დროს გაწეული ხარჯებისა და აღებული სოციალური ვალდებულებების გათვალისწინებით, ეკონომიკის ექსპერტების ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ ხელისუფლება დაპირების შესრულებას შეძლებს.

„ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ - ასე ჰქვია იმ სამთავრობო პროგრამას, რომელშიც ხელისუფლების მიერ არჩევნების წინ გაცემული თითქმის ყველა დაპირებაა თავმოყრილი. პროგრამის მიღებისას პარლამენტს ჯერ კიდევ ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე ადგენს, ნდობა გამოეცხადოს სამთავრობო პროგრამას „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”. გთხოვთ მოემზადოთ კენჭისყრისათვის. გმადლობთ.“

პროგრამის ავტორის ლადო გურგენიძის თქმით, 2009 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდება იმ საპროცენტო შემოსავალზე გადასახადი, რომელიც ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან ან ობლიგაციებიდან იანგარიშება. და კიდევ:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ამწუთას 25 პროცენტია და იწევს 15-მდე. ამის ზუსტი გრაფიკი კეთდება...“(სტილი დაცულია)

თუმცა ხუთწლიანი გრაფიკი, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა, პროგრამის მიღებიდან ხუთი თვის თავზეც არაა საბოლოოდ დამტკიცებული. მთავრობა და პარლამენტი, როგორც საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, ვადების განსაზღვრის მიზნით შეხვედრებს ახლა მართავენ:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „ეს არის სამუშაო შეხვედრა მთავრობის წევრებთან. ეტაპობრივად უნდა შემცირდეს, რამდენიმე წელზეა გასაწერი და დაიწყება 2009 წლის პირველი იანვრიდან.“(სტილი დაცულია)

არადა, 2009 წლიდან 2013 წლამდე გაწერილი გრაფიკი, როგორც ჩანს, მაინც არსებობდა. ყოფილი დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე განმარტავს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „კანონით კი არ არის აღნიშნული, არამედ არის დეკლარირებული, რა უნდა გააკეთონ. 2009 წელში ერთი პროცენტით შეამცირებენ, შემდეგ წელში კიდევ ერთი პროცენტით და ასე შემდეგ...“(სტილი დაცულია)

ზურაბ ტყემალაძე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას არჩევნების დროს გაცემული ყველა დანაპირების შესრულება გაუჭირდება. საქმე ის არის, რომ გადასახადების შემცირების პარალელურად ხელისუფლება აპირებს ბიუჯეტის თითქმის მესამედის, ანუ მილიარდ რვაასი მილიონი ლარის, სოციალური საჭიროებებისათვის მიმართვას. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირწმუნებიან, რომ გადასახადების შემცირება გავლენას არ იქონიებს სხვა ვალდებულების შესრულებაზე:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „რა თქმა უნდა, არ მოხდება არც ერთი მიმართულების ხარჯზე. გადასახადების შემცირების პარალელურად გაიზრდება პენსიები 100 დოლარამდე, განხორციელდება პროექტები სოფლად.“

სამთავრობო პროგრამის ავ-კარგზე ლაპარაკი არ სურს გაერთიანებულ ოპოზიციას. ეკონომისტი ნიკო ორველაშვილი ამბობს, რომ ზოგადად საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირება ცუდი არ არის, თუმცა, მისივე თქმით, მხოლოდ რიცხვების შეცვლა საკმარისი არ იქნება:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „იცით, მთელი საგადასახადო კოდექსი არის ფიქცია, როცა ქვეყანაში არ გაქვს სასამართლო, რომელსაც მიმართავ და რომელიც დაგიდასტურებს, რომ უნდა გადაგეხადა „იქსი“ და არა „ხუთი იქსი“. რა მნიშვნელობა აქვს რა ეწერება კანონში, როცა გადაწყვეტილება მიიღება მაინც იმის მიხედვით, თუ რა მოეპრიანება ლიდერს.“
XS
SM
MD
LG