Accessibility links

logo-print

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს


საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თითქმის ერთთვიანი დუმილი დაარღვია და 17 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვრცლად ილაპარაკა საკუთარ გეგმებზე.

გაირკვა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგაც ნინო ბურჯანაძე არ აპირებს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე უარის თქმას და, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აფუძნებს ფონდს, რომლის პირობითი სახელწოდებაა „დემოკრატიული განვითარებისათვის“. ბურჯანაძის თქმით, ფონდი შეისწავლის და გააანალიზებს როგორც ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს. საინტერესოა რის გაკეთებას აპირებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და როგორ შეხვდნენ მის ინიციატივას პოლიტიკის ექსპერტები.


[ნინო ბურჯანაძის ხმა] „ფონდის მთავარი ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ ძალიან მაღალ ექსპერტულ დონეზე გაკეთდეს სერიოზული შეფასებები ქვეყანაში არსებული პრობლემატიკისა და კონკრეტული გზები დაისახოს ამ პრობლემების გადაჭრის. ეს არ არის მხოლოდ ექსპერტული სამუშაო, ეს იქნება ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოსაზრებები, რეცეპტები, შეხედულებები...“ (ტილი დაცულია)

ნინო ბურჯანაძე მესამე სექტორში მოღვაწეობის სურვილის გამოთქმამდე ორი მოწვევის პარლამენტს ხელმძღვანელობდა. ორჯერ ასრულებდა იგი პრეზიდენტის მოვალეობასაც. ასევე ნინო ბურჯანაძე ედგა სათავეში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების წინ და იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ გამოცდილ პოლიტიკურ პარტნიორებს - სააკაშვილსა და ბურჯანაძეს - სრული იდილია ჰქონდათ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მე და ნინო რაც უფრო ხშირად ვუყურებთ, მით უფრო მოგვწონს ერთმანეთი ყველანაირი კუთხით, მათ შორის და განსაკუთრებით, პოლიტიკური კუთხით.“

თუმცა, ამგვარი ურთიერთობის მიუხედავად, მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა ნინო ბურჯანაძემ, მხარდამჭერებისა და ოპონენტების გასაოცრად, საარჩევნო სიის რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „ძალიან ხანგრძლივი და სერიოზული კონსულტაციების მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში. მე მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.“

გადაწყვეტილება მართლაც არ შეუცვლია, თუმცა არც არავინ დაიჯერა ის, რომ ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურ ასპარეზს სამუდამოდ დატოვებდა. რადიო ”თავისუფლებამ” პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სატელევიზიო გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი რიგით თბილისელებს სთხოვა.

[მამაკაცის ხმა] „ნინო ბურჯანაძე არის ბრწყინვალე ქალი, ბრწყინვალე ინტელექტის ქალი და შეწირული საქართველოს.“

[მამაკაცის ხმა] „მალე იხილავთ მაგას კარგ ადგილზე. გავა ხვალ და ზეგ და ყველაფერი კარგად იქნება.“

[მამაკაცის ხმა] „პატარა ქალი ხომ არაა, რომ დააგდოს ყველაფერი და გაიქცეს უცებ.“

გაქცევის ნაცვლად, ნინო ბურჯანაძემ, როგორც უკვე ვთქვით, არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობა გადაწყვიტა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - დავით ბერძენიშვილის - თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პენსიაში გადის:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „გუშინ ეტყობოდა, რომ პენსიაში გასვლას არ აპირებს. მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში რჩება ამჟამად ამ ფორმით და შემდეგ, თუ გამოუვა, ალბათ, ფონდის ბაზაზე პოლიტიკურ პარტიას გააკეთებს.“(სტილი დაცულია)

ნინო ბურჯანაძის გააქტიურება არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს გაჰკვირვებიათ. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ უჩვეულო არაფერი ხდება. მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები ქმნიან მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ქალბატონი ნინო საჯარო ფიგურა იყო, არის და იქნება, გამომდინარე მისი წარსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობიდან. ამა თუ იმ ფორმით ის რომ დარჩება საჯარო ფიგურად, ამაში ეჭვი ნაკლებად შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. სხვა ამბავია, თუ იგი გადაწყვეტს, ვიწრო გაგებით, პოლიტიკაში დაბრუნებას, ანუ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც მისი ნებაა.“(სტლი დაცულია)

დავით დარჩიაშვილის მსგავსად, პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძეც ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. შალვა ფიჩხაძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე შეეცდება დაიკავოს ქმედითი ოპოზიციის ნიშა:

[შალვა ფიჩხაძის ხმა] „გუშინდელი გამოსვლიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სურს ოთხ წლზე გათვლილი საარჩევნო კამპანიის დაწყება. ის წავიდა გუნდიდან და თავს აღარ აფიქსირებს ნაციონალურ მოძრაობაში, ანუ მან შეიქმნა პლაცდარმი იმისათვის, რომ ოპონირება გასწიოს. მეორე: არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთის ზოგიერთ წრეებში ის განიხილებოდეს როგორც არარადიკალური და პროდასავლური ოპოზიცია.“ (სტილი დაცულია)

ცხადია, იმას, თუ რას გააკეთებს ნინო ბურჯანაძე და მისი ფონდი, დრო გამოაჩენს. თუმცა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევების ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილიც ვარაუდობს, რომ ნინო ბურჯანაძე მხოლოდ პოლიტიკურ აქტიურობას არ დასჯერდება:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] „გამომდინარე მისი გამოცდილებიდან ამ სფეროში, გამომდინარე მისი ასაკიდან, გამომდინარე მისი წარსულიდან, გამომდინარე მისი საერთაშორისო მხარდაჭერიდან, გამომდინარე იმ პოტენციალიდან, რომელიც მას რეიტინგის სახით გააჩნია, მე ასე ვივარაუდებდი, რომ ის არა მხოლოდ აქტიურ პოლიტიკაში იქნება, არამედ იბრძოლებს სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად.“
XS
SM
MD
LG