Accessibility links

logo-print

ევროკავშირი რუსეთთან სამიტისთვის ეზადება


ევროპის კავშირის წარმომადგენლები ევროკავშირისა და რუსეთის სამიტს, რომელიც 26-27 ივნისს გაიმართება რუსეთში, მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსად განიხილავენ.

ოთხშაბათს სტრასბურგში ევროპის პარლამენტში გამართულ დებატებზე ევროპელებმა აშკარად შემრიგებლური პოზიცია დაიკავეს რუსეთის მიმართ და ევროკავშირის უდიდეს მეზობელს უფრო პრაგმატულ პოლიტიკას დაჰპირდნენ.

"საერთო ინტერესები" ყველაზე მოდურ გამოთქმად იქცა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერობების კვლავ გაუმჯობესებაზე საუბრობენ რამდენიმე წლის რთული ურთიერთობების შემდეგ.

ამის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირში სულ უფრო მეტად აღიარებენ რუსეთის მზარდ ძალაუფლებას. ამის მიზეზია თავად ევროკავშირის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობაც მთელ რიგ საკითხებზე, რაც მის საგარეო პოლიტიკას ხშირად აფერხებს ხოლმე.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ოთხშაბათს ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობებს ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს:

[ფერერო-ვალდნერის ხმა] "მე ვფიქრობ, ჩვენს ხელთაა შანსი, მთელი რიგი საერთო ინტერესების საფუძველზე ხელახლა განვსაზღვროთ ჩვენს უდიდეს მეზობელთან ურთიერთობები. ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სწორად წარმართვა, ჩემი აზრით, ევროპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა."

ევროპის კავშირს იმედი აქვს, რომ რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შეიძლება ახალი სტიმული მისცეს ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გამოცოცხლებას.

ფერერო-ვალდნერმა ოთხშაბათს აღნიშნა, რომ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მთავარი საკითხია.

მომავალ კვირაში რუსეთის ქალაქ ხანტიმანსიისკში დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემები იქნება ეკონომიკა, საშინაო უსაფრხოება, საგარეო უსაფრთხოება, განათლება და კულტურა. საერთო ინტერესების სფეროში შედის აგრეთვე ენერგიის სფეროში თანამშრომლობა და ადამიანის უფლებები.

მოლაპარაკებების დღის წესრიგში ყველაზე მგრძნობიარე თემაა რუსეთის ურთიერთობა მის მეზობლებთან ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის ფარგლებში.

ფერერო-ვალდნერმა გააფრთხილა რუსეთი, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელთაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ზოგიერთი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

[ფერერო-ვალდნერის ხმა] "სამიტის ფარგლებში გაყინული კონფლიქტებზე დისკუსიებში აუცილებლად გავუსვამთ ხაზს იმას, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცულ უნდა იქნეს."

ევროკომისარმა განაცხადა, რომ ის რუსეთთან არაკონფრონტაციულ დიალოგს ესწრაფვის. მან მოუწოდა რუსეთს, მეზობლების მიმართ პოზიტიური ურთიერთობების პოლიტიკა გაატაროს. მაგრამ მან საქართველოსაც მოუწოდა თავშეკავებისკენ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მეტი ანგარიშგაწევისკენ.
XS
SM
MD
LG