Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაართან თალიბების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს


ავღანეთისა და ნატოს ჯარებმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებმაც ყანდაარის მახლობლად მდებარე სოფლებში შეღწევა მოახერხეს გასულ კვირაში.

სოფლების ინფილტრაციას წინ უსწრებდა ყანდაარის ციხიდან დიდი რაოდენობით პატიმართა გაქცევა. ვარაუდობენ, რომ თალიბანის რაზმების ნაწილს სწორედ ეს პატიმრები შეადგენენ.

[ვერტმფრენის ხმა]

დღეს დილით "აპაჩის" ტიპის ვერტმფრენმა გადაუფრინა ყანდაარის ჩრდილოეთით მდებარე რაიონს, როცა ავღანეთის ეროვნულმა არმიამ ნატოს ხელმძღვანლობით მოქმედი უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების მხარდაჭერით დაიწყო სამხედრო ოპერაცია თალბების წინააღმდეგ. როგორც ვარაუდობენ, თალიბები ყანდაარის ჩრდილოეთით, არღანდაბის რაიონში არიან კონცენტრირებული.

საბრძოლო მოქმედებების შესახებ ჩვენს რადიოს ესაუბრა ავღანეთში ნატოს ჯარებს წარმომადგენელი, გენერალი კარლოს ბრანკო:

[ბრანკოს ხმა] "ეს ოპერაცია არღანდაბში, რომელიც დღეს დილით დაიწყო, ნაწილია ფართო ოპერაციისა ყანდაარის პროვინციაში. მას ავღანელები უძღვებიან და მათ ეხმარება უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ავღანეთის ეროვნული არმია სამხედრო ოპერაციების წარმოებისა და გაძღოლის მაღალ უნარს ავლენს. ჯერჯერობით არ შევხვედრივართ დიდი რაოდენობით მეამბოხეებს. მხოლოდ მცირე კონტაქტი გვაქვს მათთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეამბოხეები არ არიან აქ."

ჩვენი რადიოს ავღანური რედაქციის, რადიო თავისუფალი ავღანეთის კორესპონდენტმა ყანდაარის პროვინციაში მოახერხა სამთავრობო ჯარების საკონტროლო პუნქტებში ჩასვლა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონის საზღვარზე მდებარეობს.

[მინაპალის ხმა] "ნატოს ვერტმფრენები და თვითმფრინავი მთელი დილის მანძილზე დაფრინავდნენ რეგიონის თავზე. ისმის მძიმე იარაღის და ავტომატების სროლის ხმა. სოფლის მოსახლეობა განაგრძობს საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან გაქცევას, ცდილობს რეგიონიდან ევაკუაციას. ისინი გასული დღეების მანძილზე გააფრთხილეს, რომ ევაკუაცია მოახდინონ. მაშინ, როცა ვერტმფრენები და სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ ჩემს თავზე, ვხედავ ორ სამიზნეს, რომლებიც მათ დაბომბეს. მესმის რაიონში ძლიერი აფეთქებების ხმა."

ჩვენი კორესპონდენტის თქმით, რაიონის ბუნება და საირიგაციო არხები კარგ პირობებს უქმნის თალიბებს დასამალად და სოფლებში ინფილტრაციისთვის.

400-მდე თალიპი პატიმარი გაიქცა ყანდაარის ციხიდან პარასკევს, 13 ივნისს, მას შემდეგ, რაც ციხის სიახლოვეს მეამბოხეებმა გაბედული იერიში განახორციელეს. აჰმედ ვალი კარზაიმ, ყანდაარის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმამ ჩენს რადიოს უთხრა, რომ, როგორც ვარაუდობენ, ალყაშემორტყმული თალიბების დიდ ნაწილს ციხიდან გაქცეული პატიმრები შეადგენენ. მაგრამ, მისივე თქმით, თალიბებმა მეამბოხეთა სხვა დაჯგუფებებისგანაც მიიღეს დახმარება.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ორი ჯარისკაცი და 20 თალიბი იქნენ მოკლული შეტაკებებში.
XS
SM
MD
LG