Accessibility links

logo-print

''საზოგადოებრივი მაუწყებლობა ახლა ბევრად უფრო საჭიროა, ვიდრე უწინ''. ინტერვიუ უილიამ ბეიკერთან


რამდენიმე დღის წინ ჩვენი რადიოს პრაღის შტაბბინას შეერთებული შტატების მედიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ესტუმრა.

უილიამ ბეიკერი უკვე წლებია სათავეში უდგას ამერიკის საგანმანათლებლო მაუწყებლობის კორპორაციას, რომელსაც უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების საქმეში. საზოგადოებრივი მაუწყებლობა შეერთებულ შტატებში ასობით ტელეარხზე გადაიცემა და მათ შორის საგანმანათლებლო მაუწყებლობის კორპორაციის მიერ დაფუძნებული არხები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კორპორაციის ხელმძღვანელობის პარალელურად, უილიამ ბეიკერი არაერთი საინტერესო და წარმატებული საგანმანათლებლო და კულტურული პროექტის პროდიუსერი იყო. მაგალითად, 2001 წელს, მისი ხელმძღვანელობით გადაიღეს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი ”სახე: იესო ხელოვნებაში”. ფილმში მოთხრობილი იყო, როგორ აისახა იესო ქრისტეს სახე სხვადასხვა კულტურაში ორი ათასწლეულის განმავლობაში. ყოველივე ამასთან ერთად, უილიამ ბეიკერი შეერთებული შტატების ტელევიზიის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორიცაა. ამ საინტერესო სტუმარს - უილიამ ბეიკერს - რადიო ”თავისუფლების” პრაღის სტუდიაში ჩვენი კოლეგა, სალომე ასათიანი, ესაუბრა. სწორედ ამ ინტერვიუს ჩანაწერს გთავაზობთ ახლა:

-
თუ შეიძლება, ზოგადი საკითხით დავიწყოთ. თქვენ შეერთებულ შტატებში ტელეარხების სიმრავლეზე საუბრობდით - აღნიშნეთ, რომ საკაბელო ტელევიზია დაახლოებით 500 არხს მოიცავს. ისიც აღნიშნეთ, რაოდენ სწრაფად განვითარდა მედიის სხვადასხვა ფორმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. რატომ არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა კვლავაც საჭირო განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში - მაგალითად, შეერთებულ შტატებში?

-
მე ვიტყოდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ალბათ, ახლა ბევრად უფრო საჭიროც კია, ვიდრე უწინ. ნიშანდობლივია, რომ ამერიკელი ხალხი ფიქრობს ასე. ის, რომ მე ვარ ამ პოზიციაზე, გასაკვირი არ არის - მე უკვე 20 წელია ამ სფეროში ვმუშაობ, ქვეყნის ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ტელევიზიის პრეზიდენტი ვარ და, ბუნებრივია, ასე ვიფიქრებ. ნიშანდობლივია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივ მაუწყებლობას მთავრობა ან სხვა ძალები რაიმე პრობლემას უქმნიან, ამის შესახებ პროტესტს, პირველ რიგში, ამერიკელი ხალხი გამოთქვამს - გამოთქვამს ჩვენზე ადრეც კი. შეერთებულ შტატებში ტელევიზია ძალიან ფრაგმენტირებულია, უამრავი წყარო მაუწყებლობს და უამრავი არხი მუშაობს. კომერციალიზაცია კი გადაცემების ხარისხს სულ უფრო და უფრო აუარესებს. შინაარსმა, ინტელექტუალურმა სიღრმემ მნიშვნელოვნად დაიკლო. ტელეარხები თითქოს ერთმანეთს ზედაპირულობასა და ცუდ გემოვნებაში ეჯიბრებიან. ამ გარემოში კი ჩვენ მიმზიდველები ვხდებით, გამოვირჩევით. ხალხი ქუჩაში მაჩერებს ხოლმე, მადლობას მიხდის - მეუბნება, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ და რომ სულ უფრო ვაუმჯობესებთ ჩვენს გადაცემებს. მე კი ვპასუხობ ხოლმე, ჩვენ კი არ გავუმჯობესდით, ყველა დანარჩენი გაუარესდა და ამის გამო ისე ჩანს, თითქოს უწინდელთან შედარებით უკეთეს პროდუქციას ვქმნიდეთ-მეთქი.

-
ეს თქვენს რეიტინგზეც აისახა?

-
კაბელურ ტელევიზიასა და მის ასობით არხთან შედარებით, ამერიკაში საზოგადოებრივი ტელევიზია ბევრად ძლიერია აუდიტორიის სიდიდის თვალსაზრისით. საშუალოდ, ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივ ტელევიზიას 90 მილიონი ამერიკელი უყურებს - სულ კი იქ 300 მილიონი ცხოვრობს. ეს ძალიან ბევრია - გამოდის, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას მთელი მოსახლეობის მესამედი უყურებს. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტელევიზიას მართლაც ჰყავს თავისი ჩამოყალიბებული, ძლიერი აუდიტორია.

-
თქვენ დღეს ბევრი ისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკაში მედიას საფრთხე, პირველ რიგში, ეკონომიკური პროცესებისგან, კომერციალიზაციისგან ემუქრება. ამავე დროს, არის ბევრი ქვეყანა, - პოსტსაბჭოთა რეგიონში, მაგალითად, - სადაც მედიას პრობლემებს, უწინარესად, პოლიტიკური ძალები უქმნიან. კვლავაც იგრძნობა საბჭოთა კავშირის გავლენა; მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი მთავრობის წევრებს უჭირთ მედიის თავიანთი კონტროლის სფეროდან გაშვება და კრიტიკასთან შერიგება. როგორ უნდა გაუმკლავდეს მედია ამგვარ პოლიტიკურ გარემოს ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, საქართველოა?

-
ეს ძალიან აქტუალური და უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის - ქვეყნებისთვის, სადაც ერთი სამთავრობო სისტემა მეორით შეიცვალა, მაგრამ ძველი სისტემა კვლავაც ინარჩუნებს გავლენას. მაგრამ ეს ნაწილობრივ ამერიკაშიც ხდება. ძალაუფლების მქონე პირებს - მთავრობის ან კორპორაციების წარმომადგენლებს - არ სურთ გააკრიტიკონ, რაც სრულიად ბუნებრივი რამაა. კრიტიკის ობიექტად ქცევა, აბა, ვის უნდა!.. ბუნებრივი ტენდენციაა, რომ მთავრობები - მათ შორის შეერთებული შტატების მთავრობაც - ცდილობენ თავი აარიდონ კრიტიკას. კომუნისტურ მთავრობებს ხომ საერთოდ სრული კონტროლი ჰქონდათ დამყარებული მედიაზე - ასეთი რამ ამერიკის მთავრობას არასოდეს ჰქონია. საქართველოს მსგავს ქვეყნებში მთავრობა თავად იყო მედია.
როგორ ვებრძოლოთ ამას? როგორ მივაღწიოთ ჭეშმარიტად თავისუფალ მედიას? შეერთებულ შტატებში ამას, უწინარესად, თავად ჟურნალისტები აკეთებენ, ძალაუფლების მქონე პირებსა და სტრუქტურებთან კრიტიკული აზრით მუდმივი დაპირისპირების გზით. ჟურნალისტები რთულ შეკითხვებს სვამენ; ნიშანდობლივია, რომ ასეთ მედიას აუდიტორიაც აფასებს და უყურებს. ასეთივე ვითარება - ოღონდ, ცხადია, ბევრად უფრო რთული - არის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ძლიერი რეჟიმები აკონტროლებდნენ. შეერთებულ შტატებში თავისუფალი სიტყვის სისტემა მოქმედებს - მთავრობის გაკრიტიკების გამო არავინ ჩამსვამს ციხეში. შესაძლოა, ეს არ მოეწონოთ; შესაძლოა, პრობლემებიც შემიქმნან. მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, მაინც ვერაფერს გახდებიან - მთავრობის კრიტიკა ჩემი უფლებაა. სხვა ქვეყნებში მთავრობის კრიტიკის გამო შეიძლება დაგაპატიმრონ, დაგემუქრონ, სამსახურიდან გაგათავისუფლონ. ამდენად, ამ ქვეყნებში სიმართლის მაძიებელ ჟურნალისტებს წარმოუდგენელი სიმამაცის გამოჩენა უწევთ. მაგრამ როგორც კი ძალაუფლების წარმომადგენლებს და სტრუქტურებს ჟურნალისტი მართებულად და უშიშრად გააკრიტიკებს, ის ავტორიტეტს იძენს და მისი უგულებელყოფა შეუძლებელი ხდება. თუმცა პოსტსაბჭოთა რეგიონში არაერთი შემთხვევა ვიცით, როდესაც ასეთ ავტორიტეტიან ჟურნალისტებს კლავენ. ამიტომაც მე ქედს ვიხრი იმ ჟურნალისტებისა და მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეთ ქვეყნებში მოღვაწეობენ - ყოფნით გამბედაობა, რომ თავიანთი საქმე კეთილსინდისიერად აკეთონ და ძალაუფლებას დაუპირისპირდნენ.

-
ზოგიერთ ქვეყანაში ისეც ხდება, რომ მთავრობა თითქმის ღიად ამბობს - პლურალიზმი და დემოკრატია ახლა ჩვენთვის ფუფუნებაა, ახლა სახელმწიფოს ვაშენებთ ან მტრებს ვიგერიებთ - ამას რომ მოვრჩებით, დემოკრატია მერე დამყარდებაო. ალბათ, გსმენიათ ამგვარი არგუმენტაცია. როგორ უპასუხებდით ამას?

-
ეს ძალიან გავრცელებული, ლოგიკური არგუმენტაციაა. ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მაინც ამის მსგავსი არგუმენტი შეერთებულ შტატებშიც ისმის - რომ ახლა ტერორიზმის საფრთხე გვემუქრება და მასთან საბრძოლველად იქნებ ზოგიერთი თავისუფლების დათმობა იყოს საჭირო. ამ ჩემი მეტ-ნაკლებად გრძელი ცხოვრებისა და მედიის ბიზნესში ძალიან გრძელი, 50-წლიანი, კარიერის შედეგად, ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ყველაფერზე საშიში რამაა თავისუფლების დათმობა და ნებისმიერი სახის თავისუფალი სიტყვის შევიწროება. ამის დაშვება არაფრით შეიძლება. რაც უნდ ლოგიკური ჩანდეს ამის გაკეთება, ეს მაინც დაუშვებელია - იმიტომ რომ ერთ თავისუფლებას როცა გააუქმებ, მერე მეორეს მიაყოლებ, მერე კიდევ სხვას. ეს ბოლო ორი თვეა გერმანიაში ვცხოვრობ. შესანიშნავი ქვეყანაა, განვითარებული ეკონომიკით. ძალიან მომწონს ბერლინში ცხოვრება. მაგრამ იქ შესანიშნავი გერმანელი ხალხის ისტორიასაც ვიკვლევ - ძალიან საინტერესო მაგალითია მესამე რაიხი და მათი მოსვლა ხელისუფლებაში. ისინი უმრავლესობას არასოდეს აურჩევია; ისინი ნელ-ნელა მოვიდნენ და თავისუფლებების წართმევა ლოგიკურად, თანდათანობით დაიწყეს. ხალხმა ეს ვერც კი შეამჩნია, სანამ ტოტალიტარულ სახელმწიფოში არ ამოყო თავი - მერე კი უკვე აღარაფრის გაკეთება შეეძლო.

-
ეს დაახლოებით ასევე მოხდა საბჭოთა კავშირშიც.

-
დიახ, ეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოხდა. ამიტომაც თავისუფლების მცირედი შეზღუდვაც უკვე ძალიან საშიში რამაა.

-
მთავრობის თუ კორპორაციების წარმომადგენლების კრიტიკისა და, ზოგადად, ძალაუფლების სტრუქტურებთან დაპირისპირების გარდა, არსებობს კიდევ თემები, საკითხები, რომელთა შესახებაც საუბარი მედიისთვის საზოგადოებრივი აკრძალვების გამო არის რთული. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში - მათ შორის, როგორც თქვენც აღნიშნეთ ინტერვიუმდე, შეერთებულ შტატებშიც - რელიგიური თემატიკის გაშუქებაა ძნელი; ასევე ძალიან კომპლექსური საკითხია პატრიოტიზმის თემა. ბევრ საზოგადოებაში ეროვნულობასთან, ნაციონალურ მითებთან, ისტორიასთან დაკავშირებული თემები ერთგვარად ტაბუირებულია. შესაძლოა, ამას მთავრობა არ კრძალავდეს, მაგრამ ჟურნალისტები მაინც თავს არიდებენ ამ თემებზე კრიტიკულ განსჯას. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია დააფიქროს ან, თუ გნებავთ, პროვოცირება გაუკეთოს აუდიტორიას და მას ამ რთულ თემებზე რეფლექსიისკენ უბიძგოს?

-
მოდით, ამერიკის მაგალითი ავიღოთ - ეს უფრო მარტივია, ვიდრე ის რთული რეგიონი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. ამერიკაში, რომელიც, ბევრის აზრით, დასავლეთის სამყაროში ყველაზე რელიგიური ქვეყანაა, რელიგიის თემატიკის ირგვლივ სერიოზული ჟურნალისტიკა დიდხანს არ არსებობდა. ამის მიზეზი, უწინარესად, ფინანსები იყო - ამ უაღრესად ფაქიზი თემის ჯეროვნად გასაშუქებლად ჟურნალისტებს საკმაო წვრთნა და განათლება სჭირდებათ; მათ რთული ფილოსოფიური შეხედულებები უნდა ესმოდეთ. ჩვენ - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - ეს რთული მისია ვიკისრეთ და ამ თემაზე ბევრი ძალიან სერიოზული გადაცემა მოვამზადეთ - იქნებოდა ეს ანალიტიკური პროგრამები თუ ყოველკვირეული ახალი ამბების გამოშვება. ნიშანდობლივია, რომ ბევრ არხს, რომელზეც ჩვენ ვმაუწყებლობთ, საწყის ეტაპზე ამ გადაცემების გაშვება არ სურდა. ისინი სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ თემებზე ლაპარაკი ჩვენი საქმე არ იყო. მე მათ ვპასუხობდი, რომ რელიგია ამერიკის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საკითხია; რომ ამ გადაცემებით ჩვენ რაიმეს კი არ ვქადაგებდით, არამედ რელიგიის თემას, რელიგიების ისტორიას ანალიტიკურად ვაშუქებდით. შემდეგ კი გამოჩნდა, რომ ეს გადაცემები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული იყო, რაც კი შეგვიქმნია. ამდენად, ჩემი აზრით, როდესაც ჟურნალისტები ასეთი რთული, კომპლექსური საკითხების გაშუქებას იწყებენ, - საკითხების, რომლებიც, პოლიტიკური ან კულტურული თვალსაზრისით, ტაბუირებულია, - ამას საზოგადოება და აუდიტორია ხშირად მოწონებით ხვდება. გასაგებია, რომ ამის თქმა ადვილია, გაკეთება კი ბევრად უფრო რთული - და პირველი ჟურნალისტი, რომელიც ამ ფაქიზ თემებზე საუბარს გაბედავს, ხშირად ბევრ სირთულეს აწყდება ხოლმე. და მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას ამ ნამდვილი ჟურნალისტების მიმართ.

-
საუბრის ბოლოს, ერთი შედარებით მარტივი - შესაძლოა, უფრო ტექნიკური ხასიათის - შეკითხვა მინდა დაგისვათ. ამერიკული მედიის ტრადიციაში რა გზით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ პოლიტიკური ძალები თუ შეხედულებები თანაბრად იყოს წარმოდგენილი? ქვეყანაში, სადაც, როგორც ვიცით, ორი მთავარი პარტიაა - მაგალითად, დებატების მოწყობისას ეთერში აუცილებელია, რომ დემოკრატი და რესპუბლიკელი მოიწვიოთ? თუ დისკუსიის მონაწილეებს თავად საკითხის შინაარსი განსაზღვრავს?

-
ეს საინტერესო საკითხია, რომელმაც დროთა განმავლობაში შეერთებულ შტატებში ტრანსფორმაცია განიცადა. უწინ არსებობდა ფედერალური კომუნიკაციების სამაუწყებლო კანონი, რომელსაც ”სამართლიანობის დოქტრინა” ერქვა. ეს კანონი განსხვავებული შეხედულებების რეპრეზენტაციას ითხოვდა. დაახლოებით ოცი წლის წინ ეს კანონი გაუქმდა.

-
ეს კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხებოდა თუ სხვა მედიასაც?

-
ის ლიცენზიის მქონე ყველა მაუწყებელს ეხებოდა - ანუ, საკაბელოს გარდა, ყველა დანარჩენს. ამერიკის მედიის დერეგულაციის პერიოდში ეს კანონი გააუქმეს. ახლა არანაირი კონკრეტული მოთხოვნა აღარ გვაქვს დასაკმაყოფილებელი, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას ვაშუქებთ, ანუ როდესაც საქმე წინასაარჩევნო პერიოდს და მნიშვნელოვანი პარტიების წარმომადგენელ კანდიდატებს ეხება. ამ შემთხვევაში მათთვის ერთნაირი საეთერო დროის გამოყოფა მოგვეთხოვება.

-
ამ მოთხოვნას ვინ აწესებს?

-
ამას კვლავაც სამაუწყებლო კანონი ითხოვს. მაგრამ ისეთ შემთხვევებში, როდესაც რთულ თემებს ვაშუქებთ, რომლებიც, შესაძლოა, პოლიტიკური ხასიათის არც იყოს და უფრო სოციალურ ან საზოგადოებრივ დატვირთვას ატარებდეს, ამ თემების ირგვლივ ძალიან ბევრი შეხედულება არსებობს. ჩვენ არ ვთვლით, რომ ყველა ეს შეხედულება ერთ გადაცემაში უნდა ავსახოთ, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრ შეხედულებას დავუთმოთ ეთერი. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლობის სფეროში ნამდვილად ასე ხდება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მე და თქვენ რაიმე მწვავე საკითხზე ვსაუბრობთ. ამავე პროგრამაში, ალბათ, ამ საკითხის გარშემო არსებულ სხვა მოსაზრებებს ვერ ავსახავთ. მაგრამ ერთი კვირის ან ერთი თვის მერე, შესაძლოა, ამავე თემაზე ახალი პროგრამა გაკეთდეს, სადაც უკვე სხვა პოზიციაზე მყოფ ხალხს მოვიწვევთ. პოლიტიკური კამპანიის შემთხვევაში კი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ის წესი, რომ კანდიდატებს თანაბარი საეთერო დრო უნდა გამოვუყოთ, კვლავაც მოქმედებს. საუბარია კენჭისყრაში მონაწილე პირებზე - იქნება ეს[მომავალი] სენატორი, პრეზიდენტი თუ სხვა. დაპირისპირებულ პარტიებს თანაბარი დრო უნდა მივცეთ, თუკი ამას მოითხოვენ - და, როგორც წესი, ამის სურვილი მათ ყოველთვის აქვთ.

-
ეს წესი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიებს ეხება?

-
დიახ, მხოლოდ და მხოლოდ კამპანიებს - როდესაც კანდიდატები ამა თუ იმ პოსტის დაკავებისთვის იბრძვიან. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ჩვენ ვთვლით, რომ როდესაც პირები არჩევნებში გაიმარჯვებენ და რომელიმე პოსტზე დაიწყებენ მოღვაწეობას, მათ მედიაში საკუთარი თავის და პოზიციის წარმოჩენა ავტომატურად შეუძლიათ - იქნება ეს პრესკონფერენციების მოწყობის გზით თუ სხვ. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საეთერო დრო იმ პირებს კი არ უნდა გამოვუყოთ, ვინც უკვე რაიმე თანამდებობაზეა, - მათ ეს დრო ისედაც აქვთ, თავიანთი პოზიციიდან გამომდინარე, - არამედ მათ, ვისაც არჩევნებში გამარჯვების შედეგად ასეთი პრივილეგია არ მოუპოვებია. სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა - და ამ გზით ვემსახურებით ამერიკელ ხალხს.

-
მთავრობის წარმომადგენლები როგორ ხვდებიან ამას?

-
მათ ეს არ მოსწონთ, მთავრობას ეს არ მოსწონს. მაგრამ იციან, რომ ჩვენ ასე ვმუშაობთ და ამასთან შერიგებულები არიან.
XS
SM
MD
LG