Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”ხელისუფლება ვადამდელ ადგილობრივ არჩევნებს გეგმავს”, - იუწყება ”რეზონანსი”. გაზეთის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას ხელისუფლება უახლოეს პერიოდში აპირებს,

რისი მიზეზიც თბილისის მერის პრემიერ-მინისტრად გადაყვანის განზრახვაა. ”საქმე ისაა, რომ დედაქალაქის ახალი მერი საკრებულოს შემადგენლობიდან უნდა აირჩეს. ხელისუფლებას კი თბილისის დღევანდელ საკრებულოში მერობის მისთვის მისაღები კანდიდატი არ ჰყავს. ვადამდელი არჩევნები კი ხელისუფლებას, საკრებულოში სასურველი კანდიდატის შეყვანის შესაძლებლობის გარდა, სხვა, დამატებით, პოლიტიკურ დივიდენდებსაც მისცემს”, - წერს ”რეზონანსი”.

სავარაუდო სამთავრობო ცვლილებების თემა მხოლოდ ”რეზონანსში” არ შუქდება. ”ყველა სიახლეც” პირველივე გვერდზე დაწვრილებით წერს ამის შესახებ. ავტორის ვერსიით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს ახლანდელ მდივან კახა ლომაიას ჩაანაცვლებს. ლომაიას რომელიმე ქვეყანაში ან გაეროში ელჩად გაამწესებენ. მერაბიშვილის ადგილს გაეროში საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი ალასანია დაიკავებს და, ”რეზონანსის” მსგავსად, ”ყველა სიახლეც” ვლადიმერ გურგენიძის გიგი უგულავათი ჩანაცვლების შესახებ გამოთქვამს ვარაუდს.

”ყველა სიახლეშივე” წაიკითხავთ არაერთ ინტერვიუს - მათ შორის, რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან, რომელიც ამბობს: ”ჩვენ ვითანამშრომლებთ ოპოზიციასთან, თუმცა საბჭოს ერთიანობის შენარჩუნება ახლა მთავარი პოლიტიკური ამოცანა არ არის. ჩვენთვის უფრო ადვილია ლეიბორისტებთან, ახალ მემარჯვენეებთან, კონსერვატორებთან თანამშრომლობა, ვიდრე საბჭოსთან, რომელშიც არ ვიცით ვინ ვინ არის”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას კი დასძენს: ”თუ ვანო მერაბიშვილს სხვა ადგილზე გადაიყვანს, გამოდის, რომ სააკაშვილი უმადური ადამიანია, არ უნდა ვინმეს მოვალე იყოს.”

პრესაში წაიკითხავთ ვაკესა და დიდუბეში ხელახალი მაჟორიტარული არჩევნების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებსაც. ”ალია”, დავით გამყრელიძე: ”ვერავის ავუკრძალავ ვაკეში კენჭისყრას. რამდენად ჩათვლის ბურჯანაძე, რომ კენჭი იყაროს იმ პარლამენტში, რომელიც ასეთი ტერორის შედეგად იქნა არჩეული, ეს მისი მორალისთვის მიმინდვია. თუმცა არა მგონია, რომ ბურჯანაძე პოლიტიკურად ისეთი ბეცი აღმოჩნდეს და ამ პარლამენტის წევრობა მოინდომოს.”

მედიის ყურადღების ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტი ჯონდი ბაღათურიაა, კერძოდ, მისი პარლამენტის სხდომაზე შესვლა. პრაქტიკულად ყველა გაზეთი ეხმაურება ბაღათურიას ამ ნაბიჯს. ”ალიაში” მასთან ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც ჯონდი ბაღათურია ნაციონალებზე ამბობს: ”ამათი ჩემმა მტერმა დაიჯერა, მაგრამ მპირდებიან და ვცდი მაინც, იქნებ რამე გამომივიდეს.”

ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილი ”ახალი თაობის” კორესპონდენტს ესაუბრა. შატბერაშვილი ოპოზიციის მომავალ თანამშრომლობაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: ”ჩვენ ველოდებით იმას, რომ გაერთიანებულ საბჭოში ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვა. ჯერ ალტერნატიულ პარლამენტს გვთავაზობდნენ, შემდეგ - პოლიტიკურ ცენტრს. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ, დაგვიდონ თავიანთი სამოქმედო გეგმა და მერე ჩვენ განვიხილავთ. ვიმეორებ, მათი პარტნიორები ვიყავით ხოლმე მაშინ, როცა ქვეყანაში გადამწყვეტი მომენტი დგებოდა. ახლაც მზად ვართ ვითანამშრომლოთ”, - ამბობს შატბერაშვილი.
XS
SM
MD
LG