Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერების საკითხი საპროცედურო კომიტეტში


დღეს საქართველოს პარლამენტში საპროცედურო კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში იყო გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების მოხსნის საკითხიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადებები პარლამენტის კანცელარიას 13 ივნისს ჩაბარდა. განმცხადებელთა შორის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით პარლამენტში გასული 17 დეპუტატიდან 11 დეპუტატია.

პროცედურის თანახმად, დეპუტატებს, რომელთაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების მოხსნის მოთხოვნით მიმართეს, განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში შეუძლიათ გადაწყვეტილების შეცვლა. ამ მიზნით გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის ხელახლა აღარ მიუმართავთ. ისინი მყარად დგანან თავიანთ ძველ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააყალბა და ოპოზიციურ სპექტრს კუთვნილი მანდატები წაართვა.

[ეკა ბესელიას ხმა] “მე უარს ვამბობ დეპუტატის მანდატზე და ეს არის ჩემი პასუხი იმ ძალადობის, იმ გაყალბების და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში წესად იქცა.“ (სტილი დაცულია)

ეკა ბესელიასა და მისი კოლეგების მიერ პარლამენტში 13 ივნისს შესული განცხადებები საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] “კომიტეტი შვიდი დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება მიეწოდება პარლამენტის ბიუროს და შედის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში და გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრით.“ (სტილი დაცულია)

ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი, რომლის განმარტებითაც, არ არსებობს იურიდიული ბერკეტი, რომელიც ხელს შეუშლის დეპუტატს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეჩერებაში. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მსჯელობის საგანი, გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატთა განცხადების გარდა, ლეიბორისტების განცხადებებიც გახდება. ლეიბორისტული პარტიის წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების მოთხოვნით 19 ივნისს მიმართეს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პარლამენტის ბიუროსა და პლენარული სხდომისათვის ვიზის მიცემამდე სავალდებულო შვიდდღიანი ვადა აქვს. მანამდე კი მსჯელობის საგანი გახდება განცხადების ის ორიგინალური ფორმა, რომელიც ლეიბორისტებმა აირჩიეს. მათ დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით დავით ბაქრაძეს არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ როგორც ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელს მიმართეს.

[კახა ძაგანიას ხმა] “ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს პარლამენტად და ვთვლით, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი შტაბბინა. რა ესაქმებათ ლეიბორისტებს ნაციონალური მოძრაობის მთავარ შტაბბინაში? ჩვენ ვთვლით, რომ ეს ორგანო, ეს პარლამენტი ქცეული არის ნაციონალური მოძრაობის შტაბბინად.“

განაცხადა ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ ლეიბორისტთა განცხადებების პარლამენტის კანცელარიაში წარდგენის შემდეგ. პარლამენტის საქმის წარმოების დეპარტამენტმა, არასწორი ფორმულირების მიუხედავად, განცხადება დაიტოვა.
XS
SM
MD
LG