Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისი– ლტოლვილთა საერთაშორისო დღე


20 ივნისს გაერო ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

წელს ეს დღე საქართველოში მცხოვრები ლტოლვილებისთვის ღირსშესანიშნავი ერთი მთავარი გარემოების გამო აღმოჩნდა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მათ სამგზავრო დოკუმენტების - იმავე პასპორტების - მიცემა აღუთქვა. ამ დოკუმენტით ლტოლვილები საზღვარგარეთ გადაადგილებას შეძლებენ.

ლტოლვილთა პირველი და ყველაზე მძლავრი ტალღა საქართველოში 1999 წელს ჩეჩნეთიდან შემოვიდა. ამ დროიდან მოყოლებული, ჩეჩენი ლტოლვილების საპროტესტო მოთხოვნებში სამგზავრო დოკუმენტის - იმავე საზღვარგარეთის პასპორტის - მიღება ერთ–ერთ მთავარ მოთხოვნად რჩებოდა. ამ საკითხზე სარჩელი აღიძრა საკონსტიტუციო სასამართლოშიც, რომელმაც საქართველოს პარლამენტს „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაცია მისცა. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონშიც. შესაბამისად, 2008 წლის ბოლოდან საქართველოში მცხოვრებ 1 100–ვე ლტოლვილს საზღვარგარეთ გამგზავრება შეეძლება.

[გიორგი ვაშაძის ხმა]“ ეს პასპორტები, სავარაუდოდ, დაიბეჭდება წლის ბოლოს. ჩვენ უკვე კონტრაქტს დავდებთ მომავალ კვირაში ფრანგულ მხარესთან, სავარაუდოდ, და მერე უკვე გვეცოდინება კონკრეტული თარიღი, როდის დაიბეჭდება ეს ყველაფერი და როდის გამზადდება.“

გვითხრა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, რომლის განმარტებითაც, ლტოლვილთა სამგზავრო დოკუმენტების დაბეჭდვის თანხებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობა გაიღებს. პასპორტები ლტოლვილთა ბინადრობის მოწმობების საფუძველზე დარიგდება. თავის მხრივ, ამ მოწმობების გაცემა ზუსტად ერთი წლის წინათ, 2007 წლის 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, დაიწყო. ”ეს დღე დღესასწაული არ არის, ეს უფრო ლტოლვილთა სოლიდარობის დღეა”, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილთა სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ, რომელსაც ვთხოვეთ საქართველოში ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა შემცირების დინამიკა აღეწერა:

[ირაკლი კოკაიას ხმა]“ დაახლოებით ეგეთი სტატისტიკა იყო: შარშანწინ - 3500, შარშან - 1300–დან 1500–მდე, წელს - 1106, ზუსტად თუ გაინტერესებთ. ჩეჩნების რაოდენობა დაახლოებით 200–250 კაცს შეადგენს, დანარჩენები არიან წარმოშობით ეთნიკური ქისტები, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები.“

კიდევ უფრო შორეულ წლებს თუ გავიხსენებთ, 1999 წელს, ჩეჩნეთ–რუსეთის კონფლიქტის განახლების შემდეგ, საქართველოში 8 ათასამდე ადამიანი ჩამოვიდა. მათგან ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილი კი სხვადასხვა ქვეყანაში მიმოიფანტა. 2005 წლამდე შვედეთმა, კანადამ და ზოგიერთმა სხვა განვითარებულმა ქვეყანამ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნა, რის დეფიციტსაც ისინი დღემდე განიცდიან საქართველოში.

[ჩეჩენი ქალის ხმა]“ ჩვენს ბავშვებს საჭმელი არა აქვთ. არ დამიჯერებთ, ზოგჯერ დღეები გადის, რომ შაქარიც არ გვაქვს, პურისთვის არ გვყოფნის ფული ზოგჯერ. მეც და აქ მყოფ სხვა ლტოლვილებსაც არაფერი გვინდა საქართველოსგან. რუსეთმა ჩვენს ბავშვებს წაართვა ბავშვობა, საქართველო კი მათ მომავალს ართმევს. აღარ გვინდა საქართველოს ტერიტორიაზე, პირადად მე არ მინდა აქ ყოფნა.“

პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ჩეჩენმა ქალბატონმა ეს წუხილი თბილისში გაეროს უმაღლესი კომისარიატის წინ გამართულ ერთ–ერთ საპროტესტო აქციაზე ჩვენს კორესპონდენტთან გამოთქვა. ჩეჩენი ლტოლვილები მაშინ საქართველოდან მესამე ქვეყანაში გასვლას ითხოვდნენ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მათი საპროტესტო მღელვარება საგრძნობლად შესუსტდა. ამას ქისტი მექა ხანგოშვილი ბედთან შეგუებით ხსნის, თუმცა აღნიშნავს, რომ, გაჭირვებისა და ინტეგრაციის პრობლემების მიუხედავად, ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლტოლვილთათვის შემწეობის დანიშვნით, ბინადრობის მოწმობების გაცემითა და ახლა უკვე სამგზავრო დოკუმენტების - იმავე საზღვარგარეთის პასპორტების - მიღების პერსპექტივით ლტოლვილთა მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. აი, როგორ ხსნის ლტოლვილთა სამგზავრო დოკუმენტის მნიშვნელობას მექა ხანგოშვილი:

[მექა ხანგოშვილის ხმა]“მათ ამ რვა–ცხრა წლის განმავლობაში არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ საქართველოს საზღვარი დაეტოვებინათ და შემდგომ ისევ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. ჩემი ინფორმაციით, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს პიროვნებას, რომ ის გავიდეს საქართველოს საზღვრის გარეთ და შემდგომ უფლება ჰქონდეს ისევ დაბრუნდეს, თუნდაც - რომ არ დაბრუნდნენ. დავუშვათ, უმეტესობას უნდა აქედან წასვლა და იმ დოკუმენტის უქონლობის გამო ვერ მიდიან საქართველოდან. ამდენად ეს დოკუმენტი ძალიან დიდი შეღავათი იქნება. ყველა აბსოლუტურად, ვისთანაც მე შეხვედრა მქონია და ურთიერთობა მქონია, ყველა ჩეჩენი ჩივის იმას, რომ მათ არა აქვთ სამგზავრო დოკუმენტი.“(სტილი დაცულია)

ლტოლვილთა სამგზავრო დოკუმენტების ფორმალური პრეზენტაცია 20 ივნისს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, გამართეს. დოკუმენტის გაცემა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის ბოლოდან იგეგმება.


XS
SM
MD
LG