Accessibility links

logo-print

თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლებმა შვეციაში არაოფიციალური შეხვედრა გამართეს


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა ევროპის ქვეყნებში ვიზიტებს მოუხშირეს. გავრცელებული ცნობებით, ამ რამდენიმე დღის წინ ევროპის ქვეყნებში ორი კვირით გაემგზავრა

სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. ამას გარდა, 19 ივნისს საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერების ევროპაში მოგზაურობის კონკრეტულ მიზნებზე ბევრი არაფერი იწერება, თუმცა რადიო "თავისუფლებისთვის" ცნობილი გახდა ამ რამდენიმე დღის წინ შვეციაში შემდგარი ერთი შეხვედრის ამბავი.

ცნობამ შვეციაში თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში გაიელვა.

სოლანას პრესსამსახური ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზში 19 ივნისს, საღამოს, იუწყებოდა, რომ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა და ხავიერ სოლანამ სამხრეთ კავკასიაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები განიხილეს, რომ სააკაშვილმა სოლანას გააცნო რუსეთის პრეზიდენტთან თავისი შეხვედრის დეტალები, ხოლო სოლანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზდაყოფნა, უფრო აქტიურად ჩაებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში და (ციტატა) "კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზთა წარმომადგენლებს შორის შვეციაში გამართული პირდაპირი მოლაპარაკების გამო".

ხავიერ სოლანას პრესსამსახურის ამავე განცხადებაში უკვე 20 ივნისს გაქრა ჩანაწერი შვეციაში გამართული შეხვედრის შესახებ. რადიო "თავისუფლება" დაინტერესდა, რამ გამოიწვია პრესრელიზის ტექსტიდან ერთი წინადადების ამოღება და მისი შეცვლა წინადადებით, რომელშიც საუბარია ზოგადად, ქართველებისა და აფხაზების წარმომადგენელთა უშუალო დიალოგის სიკეთეზე.

ევროპის კავშირის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, დაგვიდასტურა, რომ შეხვედრა თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლებს შორის შვეციაში ამ რამდენიმე დღის წინ მართლაც შედგა. "მხარეებმა განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი და რადგან ამ საკითხებზე პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს" გადაწყვიტეს შეხვედრის ფაქტი არ გაეხმაურებინათო" - გვითხრა ევროკავშირის წარმამადგენელმა. "როგორც ჩანს, ხავიერ სოლანას პრესსამსახურის რომელიღაც თანამშრომელს ეს დეტალი მხედველობიდან გამორჩა და ამიტომაც მოხვდა 19 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში ცნობა შვეციაში შემდგარი შეხვედრის შესახებო" - დასძინა ევროპის კავშირის წარმომადგენელმა.

შეხვედრის ფაქტი რადიო "თავისუფლებას" დაუდასტურა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმაც. მას დღეს მოსკოვში დავურეკეთ და ვკითხეთ, შეეძლო თუ არა რამის თქმა შვეციაში გამართული მოლაპარაკების ირგვლივ. თემურ იაკობაშვილმა გვითხრა, რომ შეხვედრა იყო და მასში მონაწილეობა თავად მიიღო, აფხაზთა მხარეს კი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა წარმოადგენდა. იაკობაშვილი დაგვპირდა, რომ შეხვედრის ირგვლივ უფრო მეტს თბილისში დაბრუნების შემდეგ გვეტყვის. მანამდე კი უცნობი რჩება, კონკრეტულად რა საკითხებაზე შედგა საუბარი არაოფიციალურ შეხვედრაზე და ნიშნავს თუ არა თავისთავად შეხვედრის გამართვის ფაქტი იმას, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა.

საუბრის დასაწყისში ავღნიშნეთ ისიც, რომ ევროპას, კერძოდ საფრანგეთის დედაქალაქს, სტუმრობს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოს ის, რომ პარიზში ბაღაფში ფრანგული ჰოლდინგის "ქსორუს პრესის" მიწვევით ჩავიდა და დაგეგმა შეხვედრები ბიზნესის, პოლიტიკისა და პრესის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG