Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარკაციშვილის ქონებისა და ”იმედის” ჟურნალისტების დაუსრულებელი თავგადასავლები


მედიამაგნატ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა და ოჯახის ადვოკატმა 21 ივნისს პირველად მოიწვიეს ერთობლივი პრესკონფერენცია.

ერთი დღით ადრე კი პატარკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყო ”ნებისმიერი სახის ინტერესების არსებობა” დევნილობაში მყოფ ცნობილ რუს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან. კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ იქცნენ საზოგადოების ყურადღების ობიექტად ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ქრონიკის” ჟურნალისტები, რომლებიც ახალ ბიზნესპარტნიორთან ურთიერთობაში წამოჭრილი პრობლემის გამო იძულებულნი გახდნენ ამჯერად უკვე ”საზოგადოებრივ მაუწყებელზეც” შეწყვიტონ ტელეპროექტის განხორციელება.


თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 მაისის გადაწყვეტილების მიუხედავად, მედიამაგნატ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აგრძელებს ბრძოლას განსვენებულის ქონების მემკვიდრეობისათვის. როგორც ცნობილია, ქართულმა მართლმსაჯულებამ, პირველადი გადაწყვეტილებით, ბადრი პატარკაციშვილის მთელი ქონების მესაკუთრედ მისი ნათესავი და პარტნიორი ჯოზეფ კეი, იგივე იოსებ კაკიაშვილი, ცნო. თუმცა განსვენებულის ქვრივი და მისი უფლებების დამცველი ადვოკატები 21 ივნისს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” აცხადებდნენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არარსებული ანდერძის ქსეროასლის საფუძველზე, რაც სასამართლოს მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

[ლაშა ბირკაია]

განაცხადა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის, ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში. პრესკონფერენციას ესწრებოდა თავად ინა გუდავაძეც, თუმცა მან სასტუმროს შენობა ისე დატოვა, რომ პრესისათვის კომენტარი არ გაუკეთებია. ძალიან საყურადღებოა, რომ 19 ივნისს ინა გუდავაძის პრესსამსახურმა გაავრცელა ქვრივის საგანგებო განცხადება, რომელშიც პატარკაციშვილის მეუღლე ოჯახის სახელით შემდეგს აცხადებს:”მსურს კიდევ ერთხელ ცალსახად დავადასტურო, რომ პატარკაციშვილების ოჯახი არ იზიარებს ბორის ბერეზოვსკის შეხედულებებს და პირად მისწრაფებებს პოლიტიკასა და ბიზნესთან მიმართებაში და კატეგორიულად ემიჯნება მასთან თანამშრომლობას.”

ინა გუდავაძის ამ განცხადებამ გააჩინა ეჭვი, რომ ეს არის ერთგვარი პოზიტიური გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, რათა მან არ მოახდინოს ზემოქმედება საააპელაციო სასამართლოზე, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია ჯოზეფ კეისგან მოითხოვოს ანდერძის დედნის წარმოდგენა. საყურადღებოა, რომ 21 ივნისის პრესკონფერენციაზე პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები გაურბოდნენ საუბარს ტელეკომპანია ”იმედზე”, რომელსაც მედიამაგნატი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არ თმობდა. თუმცა ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში არასწორი უწოდა მოსაზრებას, თითქოს ოჯახი არ აცხადებდეს პრეტენზიას ტელეკომპანია ”იმედზე”.

[ლაშა ბირკაია]

ბადრი პატარკაციშვილის ქონებისა და ”ტელეიმედის” საკითხი ამოუწურავი თემაა. 21 ივნისს რამდენიმე ყოველდღიურმა ქართულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დაიხურა ტელეპროექტი ”7 დღე”, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ქრონიკის” ჟურნალისტებმა შექმნეს. ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ გადაცემები ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში სექტემბრამდე უნდა გასულიყო, მაგრამ პარტნიორმა ფირმამ ”ჯი-ემ-ტივიმ” პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარი თქვა.

[დაჩი გრძელიშვილი]

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებმა, რომლებიც პროექტ ”7 დღეს” ახორციელებდნენ, თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშად დატოვეს ”იმედი”, რაც გახდა მიზეზი 2007 წლის 26 დეკემბერს ტელეკომპანიის ხელმეორედ დახურვისა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG