Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასული სამუშაო კვირა შიდაპოლიტიკური მოვლენების

სისავსითა და, გარკვეულ შემთხვევებში, ორიგინალობითაც კი გამოირჩეოდა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საგარეო არენაზე - კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირში -გამართული შეხვედრები, რომლებზეც ძირითადად ქართულ–რუსული ურთიერთობები და ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატის შეცვლის პერსპექტივები განიხილებოდა.

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის - შემდგომ კი პრეზიდენტის - ჩასვლამდე, 17 ივნისს, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონის 310–ე საგუშაგოზე რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა საბრძოლო შეიარაღების შეტანა სცადეს. სამხედრო მანქანაში ძირითადად ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, „ნურსისა“ და „ტურსის“ ტიპის რეაქტიული ჭურვები იყო განთავსებული. დაკავებული 11 ჯარისკაციდან 4 პირი სწორედ შეიარაღების გადატანაზე იყო პასუხისმგებელი. 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეები გაათავისუფლეს, თუმცა იარაღი არ დაუბრუნეს. საბრძოლო მასალის გადატანა ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა. შესაბამისად, ადგილობრივი პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა არსებობდა იმის რეალური საფრთხეც, რომ რუს სამშვიდობოებს მათთვის შეიარაღებული წინააღმდეგობა გაეწიათ. არ დააყოვნა მოსკოვის რეაქციამაც. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალ–ლეიტენანტმა ალექსანდრ ბურუტინმა ზუგდიდში რუსი მშვიდობისმყოფელების დაკავებას და მათთვის ტექნიკისა და სამხედრო აღჭურვილობის ჩამორთმევას „ყაჩაღური თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა:

[ალექსანდრ ბურუტინის ხმა]“ ვერავის მივცემთ გარანტიას, რომ სამხედრო მოსამსახურეები მომავალში ასეთივე მოთმინებით იმოქმედებენ. მათი მოთმინება უსაზღვრო არ არის. შედეგები შეიძლება იყოს უკიდურესად მძიმე და სისხლისმღვრელიც კი. ამასთან, სრულიად არ გვეპარება ეჭვი, რომ პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციისა და მისი შედეგებისათვის მთლიანად დაეკისრება საქართველოს მხარეს.“

არ გვეშინია, – ასეთი იყო ოფიციალური თბილისის - კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგოლ ვაშაძის - პასუხი რუსი გენერლის მუქარაზე. სამინისტროს პირველი პირი ეკატერინე ტყეშელაშვილი კი თითქმის მთელი კვირის განმავლობაში ევროპაში იმყოფებოდა და ცდილობდა ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატის შეცვლის აუცილებლობაში დაერწმუნებინა.

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა]“ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება გაგრძელდეს ის მდგომარეობა, როდესაც რუსეთი არის, ასე ვთქვათ, მშვიდობისმყოფელი აფხაზეთში, ბუნებრივია, ჩვენთვის არის მიუღებელი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ის ახალი მექანიზმი, რომელიც ჩაანაცვლებს არსებულს.“(სტილი დაცულია)

განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისართან ბენიტა ფერერო–ვალდნერთან შეხვედრის შემდეგ. ქართული მხარე გაერთიანებულ ევროპას ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში განთავსებული ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების საერთაშორისო პოლიციური ძალებით ჩანაცვლებას სთხოვს. თბილისის სურვილია ქართულ–აფხაზურ ერთობლივ პოლიციურ ძალებს კურირება ევროკავშირმა ან ეუთომ გაუწიოს. ამ საკითხებზე საუბარი გაგრძელდა ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის ერთიანი და საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ჰავიერ სოლანასა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზეც. 20 ივნისს კი ნატოს შტაბბინაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის შეხვედრა გაიმართა. საქართველოსთვის მტკივნეული მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა, შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო მზადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს გასვლითი სხდომისთვის, რომელიც 3–4 სექტემბერს ბათუმში უნდა გაიმართოს. საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმების პროგრესზე, თავის მხრივ, იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმაც ისაუბრა. ამ შეხვედრების პარალელურად გასულ სამუშაო კვირაში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 11 კაციანი დელეგაცია სტუმრობდა. ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის, სამხედრო პერსონალის მენეჯმენტისა და ეროვნული გვარდიის ტრანსფორმირების საკითხები განიხილეს.

[გიორგი მუჩაიძის ხმა] „ საუბარი იყო როგორც პერსონალის მენეჯმენტზე, ასევე რეზერვის ძალებთან და რეზერვის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. მოხდა გაცნობა მათი სისტემისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და ეს ყველაფერი ასახულია, ვალდებულებების სახით, IPAP-ისა (ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმისა ) და PARP-ის (მშვიდობისათვის პარტნიორობის დაგეგმარებისა და მიმოხილვის პროცესის) დოკუმენტებში, რომლის შესრულების შესაბამისადაც მოხდება შეფასება ამა წლის სექტემბერში. ასე რომ, გვეხმარება იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომელიც აღებული გვაქვს.“

თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი მუჩაიძემ. ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის დელეგაცია საქართველოდან 19 ივნისს გაემგზავრა. ამავე დღეს თბილისში გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის გაყინული კონფლიქტი.“ მანამდე, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შესწავლის მიზნით, ატლანტიკური საბჭოსა და კოლუმბიის უნივერსიტეტის დელეგაცია აფხაზეთში იმყოფებოდა. დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გეგმებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის დირექტორი ალექსანდრე რონდელი შემდეგნაირად განმარტავს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა]“ ისინი აპირებენ დოკუმენტის შექმნას, რომელიც გავრცელდება შეერთებული შტატების მაღალ პოლიტიკურ წრეებში და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნის იმათ, ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს შეერთებულ შტატებში. ”

ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარების რეკომენდაციების ამსახველ დოკუმენტს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სექტემბერში შესთავაზებენ. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისა და აქტიური პოლიტიკიდან წასვლის თითქმის ერთი თვის თავზე კი, გასული სამუშაო კვირის დასაწყისში, თავის სამომავლო გეგმებზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ალაპარაკდა. იგი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით აფუძნებს ფონდს, რომლის ამოცანებსაც ასე განმარტავს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ ფონდის მთავარი ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ ძალიან მაღალ ექსპერტულ დონეზე გაკეთდეს სერიოზული შეფასებები ქვეყანაში არსებული პრობლემატიკისა და კონკრეტული გზები დაისახოს ამ პრობლემების გადაჭრის. ეს არ არის მხოლოდ ექსპერტული სამუშაო. ეს იქნება ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოსაზრებები, რეცეპტები, შეხედულებები...“(სტილი დაცულია)

განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კი 20 მაისს პლენარულ სხდომაზე სისრულეში მოიყვანა გაერთიანებული ოპოზიციის 11 დეპუტატის გადაწყვეტილება, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.

[დავით ბაქრაძის ხმა]“ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილმა აირჩია პარლამენტის წევრის მანდატზე უარის თქმა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების, ყოფილი კოლეგების უკვე, უფრო სწორად, ნაწილმა აირჩია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების უგულებელყოფის გზა. ვინაიდან პარლამენტის წევრის მანდატი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, არის საშუალება ვემსახუროთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს. ეს არის მათი არჩევანი.“(სტილი დაცულია)

თქვა დავით ბაქრაძემ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე გამართული კენჭისყრის შემდეგ. ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური პარლამენტის წევრობაზე უარის არჩევანი გასულ სამუშაო კვირაში ლეიბორისტებმაც გააკეთეს, თუმცა ისეთი ორიგინალური ფორმით, რომ შესაძლოა გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლეიბორისტთა განცხადებები ოფიციალურ დოკუმენტად არც კი მიიჩნიოს. საქმე ისაა, რომ დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნით ლეიბორისტული პარტიის სიით გასული 6–დან 4–მა დეპუტატმა დავით ბაქრაძეს მიმართა არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ როგორც ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელს.

[კახა ძაგანიას ხმა]“ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს პარლამენტად და ვთვლით, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი შტაბბინა. რა ესაქმებათ ლეიბორისტებს ნაციონალური მოძრაობის მთავარ შტაბბინაში?”

კითხულობს ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია. უფრო შემრიგებელი ქრისტიან–დემოკრატები კი 20 ივნისს პლენარული სხდომის დარბაზში პირველად გაერთიანებული ოპოზიციის წევრებისთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ შევიდნენ. მათგან განსხვავებით, კენჭისყრას თავი არ აარიდა, მაგრამ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი არ დაუჭირა ეროვნული საბჭოდან გასულმა ჯონდი ბაღათურიამ. რაც შეეხება პარლამენტს გარეთ დარჩენილ მის ძველ კოლეგებს, მათ გასულ სამუშაო კვირაში, ერთი მხრივ, ახალი პოლიტიკური ცენტრის ამოქმედების შესახებ განაცხადეს, მეორე მხრივ კი, ახალი ლიდერის ძიება დაიწყეს და სექტემბრამდე ტაიმ–აუტი აიღეს.



XS
SM
MD
LG