Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


საარჩევნო ციებ-ცხელება საქართველოში

მეტ-ნაკლებად დასრულებულია, თუმცა პოლიტიკური კულტურის, კონკრეტულად კი, ეგრეთ წოდებული ”საარჩევნო კულტურის” შესახებ საუბარი ქვეყანაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ახლა დაიწყო. გასულ კვირას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მოეწყო დისკუსია თემაზე ”პოლიტიკური კულტურა და არჩევნები”, უფრო სწორად, დაისვა კითხვა ”როგორია პოლიტიკური კულტურის გავლენა არჩევნების შედეგებზე”... დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ... მონაწილეობა მიიღო ყველამ, ვინც მოვიდა იმ დღეს ბიოლის ფონდის ოფისში - სტუდენტებმა, პოლიტოლოგებმა, დამკვირვებლებმა. აუდიტორია - მათ შორის, ის ახალგაზრდები, რომლებიც დამკვირვებლებად მუშაობდნენ საპარლამენტო არჩევნებზე - კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობდა. თუმცა მომხსენებელმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა, აქცენტი გადაიტანა სწორედ პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე საზოგადოებაში:


[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”არჩევნები არის ლაკმუსი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია საზოგადოება, რა მდგომარეობაშია პოლიტიკური სპექტრი, მედია... ხშირად ამბობენ, რომ არჩევნების წარმატებული ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის მონოპოლიზირებული უფლებაა. რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საარჩევნო სისტემა შედგება ბევრად უფრო ფართო სპექტრისგან, ვიდრე ეს არის ადმინისტრაცია და საარჩევნო კომისიები.”(სტილი დაცულია)

ლევან თარხნიშვილმა გაახსენა საზოგადოებას, რომ, დღევანდელი კანონმდებლობით, საარჩევნო ადმინისტრაციაში შედის ცენტრალური საარჩევნო კომისია, საუბნო და საოლქო კომისიები. თითოეულ მათგანში 13 წევრია, რომელთაგანაც 7 პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია... 24 000 საარჩევნო ადმინისტრატორია წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ - მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ექვსი ოპოზიციური პარტიის მიერ. საერთო საარჩევნო კლიმატს, ლევან თარხნიშვილის თქმით, პირველ რიგში, ეს საარჩევნო სუბიექტები ქმნიან:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა პოლიტიკური პარტიები არასათანადოდ აფასებენ თავიანთ როლს, თავიანთ ქმედებას და სიტყვებს... იგივე შეიძლება ითქვას ადმინისტრაციაზე, მედიაზე.”

ლევან თარხნიშვილის თქმით, ამომრჩევლის კულტურა ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ამომრჩეველი ჯერ კიდევ პასიურია და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბება ჩვენში ჯერ მხოლოდ იწყება. ჩვენ გვაქვს ობიექტურობის მუდმივი პრობლემა, - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, - რაც უნდობლობას და ეჭვებს ბადებს თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”ლაპარაკია მუდმივად, რომ ვიღაცაზე არის ზეწოლა...მაგრამ თუ შევადარებთ მასას თეორიულად ”ზეწოლილი” ადამიანებისა და იმ ადამიანებისა, რომლებმაც თქვეს, ჩემზე იყო ზეწოლაო, ეს არის ცა და დედამიწა. აღიარება, განცხადება...იგივე შეიძლება ითქვას არასამთავრობო სექტორზეც...როდესაც ლაპარაკი მიდის ზეწოლაზე, ყველას ავიწყდება მეორე მხარე - რომ ზეწოლა ხორციელდებოდა არა მარტო ერთი პოლიტიკური პარტიისგან, არამედ მეტი პოლიტიკური პარტიისგან, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა კომისიის წევრებზეც.”(სტილი დაცულია)

თუმცა ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოება ლევან თარხნიშვილის ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა. დარბაზში საარჩევნო სიების პრობლემა გაიხსენეს და ისიც თქვეს, კომისიის წევრებზე, დამკვირვებლებზე მუდმივად იყო ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან...მათი დაშინება, მუქარა, რათა დამკვირვებლებს არაფერი ეთქვათ დარღვევების შესახებო.

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”მუდმივად არის საუბარი საარჩევნო სიებზე, რომ ისაა გაბერილი, გაყალბებული... როგორც წესი, შემოვიფარგლებით ხოლმე აბსტრაქტული ფრაზებით...ხოლო როდესაც ვთხოვეთ, კონკრეტული მაგალითები დაესახელებინათ, სულ მთლიანად 23 დღის განმავლობაში დასახელდა დაახლოებით 30 000 სახელი და გვარი, მაშინ როდესაც ლაპარაკი იყო ლამის მილიონებზე.”(სტილი დაცულია)



ლევან თარხნიშვილის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წელს არასამთავრობო სექტორთან დაიწყო ურთიერთობა... ამ პროცესში კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან საარჩევნო კანონი.
პოლიტიკური პოპულიზმის გამო ამა თუ იმ განცხადებით ხშირად მთლიანად ეჭვის ქვეშაა დაყენებული არჩევნები, როგორც ინსტიტუტი, - ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”მედიის მუშაობაში დისბალანსი არსებობდა ყვევლა მხარეს... მინდა გავიხსენო, რომ ჯერ იყო ბოიკოტი ტელევიზიების, რამაც შექმნა დისბალანსი ”მზეზე”, ”რუსთავი 2”-ზე, თუმცა შემდგომში, როცა მოიხსნა, გათანაბრდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ბალანსს იცავდა, დისბალანსური ტელევიზიები იყო ’მზე’ და ’კავკასია’.” (სტილი დაცულია)

თარხნიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კომისიას მხოლოდ მონიტორინგის საშუალება აქვს, მაგრამ ვერანაირ ზომებს ცესკო ვერ მიიღებდა. ცესკოს შეუძლია გააკონტროლოს საარჩევნო რეკლამა და მოითხოვოს, რომ მაუწყებლებმა მუდმივად მიაწოდონ მას ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის ფასებზე... ყველაფერი დანარჩენი თავად მედიის გადასაწყვეტია.

ასეთია კანონი, რომლის სრულყოფის აუცილებლობაზე საუბრობდა ბიოლის ფონდში ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ კულტურაზე და იმაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინა მან არჩევნებზე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა...იმ პროცესებმა, რაც მიდიოდა წინასაარჩევნო პერიოდში...ჩვენთან პარტიების საქმიანობა არაა დაკავშირებული მათი პროგრამების წარდგენასთან, არ არის დაკავშირებული დებატების კულტურასთან, უფრო მეტადაა დაკავშირებული ისეთ მოვლენებთან, რასაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მატერიალური ფასეულობების მოსახლეობაში დარიგება ჰქვია.”(სტილი დაცულია)

„დაშინება იყო და მან გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. ყველამ ბოლომდე ვერ გავიაზრეთ ჩვენი პასუხისმგებლობა“, - ამბობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია მოხელეების გამოყენებასთან, უნდა გამკაცრდეს... ის ნორმები, რომელიც დაიხვეწა გასაჩივრების პროცედურასთან დაკავშირებით, დასახვეწია... მაგალითად, იყო ასეთი პრობლემა: დღის განმავლობაში როცა შედის საჩივრები საარჩევნო უბანში, სანამ საარჩევნო უბანი დაიხურება, უნდა განიხილოს თუ არა ეს საჩივრები კომისიამ. ეს შეიძლება დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია რეაგირების თვალსაზრისით.”(სტილი დაცულია)

ერთია ინფორმირებული ამომრჩეველი და მეორეა - ნდობა. ინფორმირებულობის თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მართლაც ბევრი რამ გააკეთა, - ამბობს გიორგი ჩხეიძე. მაგრამ ერთია ინფორმირებული ამომრჩეველი და მეორეა, რესურსების გამოყენება, რასაც ხშირად შეჰყავს ამომრჩეველი შეცდომაში...არაა განმასხვავებელი ხაზი სახელმწიფო რესურსსა და პარტიის რესურსს შორის. ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვიდეოთვალის პრობლემა გაახსენდა:


[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”ვიდეოთვალთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ კანონში ნათლად განისაზღვროს: საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია მისი ასლის მიღება. ჩვენ კი კანონში შეზღუდვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რაც არაკონსტიტუციურია და ჩვენ ამაზე სასამართლოსაც მივმართეთ. მეტიც, თუ ჩვენ მივიღეთ ვალდებულება, რომ ვიდეოთვალი უნდა გვქონდეს, დავამონტაჟოთ იგი ყველა საარჩევნო უბანზე.”

მიუხედავად მძაფრი დისკუსიისა, რომელიც გასულ კვირას პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით გაიმართა ბიოლის ფონდში, ერთ საკითხზე ყველა შეთანხმდა: საარჩევნო კანონი კვლავაც დასახვეწია და შესაძლებელია სწორედ დახვეწილმა კანონმა იმოქმედოს პოლიტიკური კულტურის დონეზე. თუმცა ასეთი დისკუსიები ამ თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


XS
SM
MD
LG