Accessibility links

რა შეიარაღება უნდა ჰქონდეთ რუსეთის სამხედროებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში


7-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ქართველმა სამართალდამცველებმა

სამშაბათს გვიან ღამით გაათავისუფლეს რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საბრძოლო მასალის გადატანის დროს ენგურის ხიდთან დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიციაში რჩება 20 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვი, ჩხრეკის დროს სამხედრო ავტომობილის ძარაზე ნანახი, ამით ინციდენტი, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა შეტაკებაში გადაზრდილიყო, ამოწურულად ჩაითვალა. თუმცა საინტერესოა, რა ტიპის შეიარაღება უნდა ჰქონდეთ რუს მშვიდობისდამცველებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში და რა დარღვევას ჰქონდა მათი მხრიდან ადგილი 17 ივნისს.

რუსეთის სამშვიდობო ძალები და ქართულ-აფხაზური სადამკვირვებლო მისია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე წლის ივლისის ბოლოს განლაგდა. ქართული სამშვიდობო მისიის პირველი სარდალი 14 წლის წინ იყო გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, რომელსაც თადარიგში გასვლამდე ერთხანს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოსტიც ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო ძალების წესდებაში დროთა განმავლობაში ბევრი ცვლილება შევიდა, გურამ ნიკოლაიშვილის თქმით, მკაცრად არის განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის სახეობა და ოდენობა, რაც უსაფრთხოების ზონაში მყოფ დსთ-ის სამშვიდობო ძალებს უნდა ჰქონდეთ:

[გურამ ნიკოლაიშვილი] ”ძალები, რომლებიც ამ ზონაში განლაგდებოდნენ, მათ უნდა ჰქონოდათ შეიარაღება ზუსტად ის, რაც სჭირდებათ იმისათვის, რომ გაეწიათ კონტროლი მიწისზედა პოზიციებზე. ესე იგი, უნდა ჰქონოდათ საარტილერიო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო არ უნდა ჰქონოდათ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რადიოლოკაციური სისტემები და, მათ შორის, ვერტმფრენები. ესე იგი, რაც ბატალიონს სჭირდება, ის შეიარაღება და ტექნიკა უნდა ჰქონდეთ მაგათ[რუსეთს] სამშვიდობო ძალებში.”(სტილი დაცულია)

თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი ადასტურებს, რომ, აღნიშნული წესდების თანახმად, სამშვიდობო ძალები აფხაზური კონფლიქტის ზონაში, საქართველოში, მდგომარეობის ბატონ-პატრონები არიან. მათ შეუძლიათ შეიარაღებაში ჰქონდეთ მძიმე საბრძოლო ტექნიკა, ტანკები და ჯავშანმანქანები. ასევე შეუძლიათ გაზარდონ პირადი შემადგენლობა 3000 კაცამდე. აღმოჩნდა, რომ 1994 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი რეალობა სხვა მხრივაც საკმაოდ კაბალურია საქართველოსათვის:

[გურამ ნიკოლაიშვილი] ”ზუგდიდი 12 კილომეტრიანი ზონაა. მერე - შეზღუდული შეიარაღების ზონაა და, საერთოდ, ჯარის კონტინგენტები და ძალოვანი სტრუქტურები, გარდა მილიციისა, მისი ტაბელური იარაღისა, რაც პისტოლეტია მილიციაში და მეტი არაფერი. და უსაფრთხოების ზონიდან 12 კილომეტრი, თითქმის ხობამდე, არის შეიარაღების შეზღუდვის ზონა და ჩვენი შეიარაღება შეიძლება იყოს მარტო სენაკში და ამიტომ დავაყენეთ ჩვენ იქ ბრიგადა.”(სტილი დაცულია)

ასეთი დიდი უფლებებით აღჭურვილ რუსეთის სამშვიდობო ძალებს მანდატი უფლებას აძლევს, თუკი რუსი სარდალი საჭიროდ მიიჩნევს, ტანკებითაც კი გადაადგილდეს ზუგდიდის ქუჩებში და გადაიტანოს საბრძოლო მასალაც, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ქართული სამშვიდობო ძალების სარდლობასა და ადგილობრივ სამართალდამცველებთან შეთანხმებითო, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა, რომელიც 1992-95 წლებში ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი იყო:

[გურამ ნიკოლაიშვილი] ”აუცილებლად ყველა გადაადგილება, რაც იქ მოხდება, უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს წარმომადგენელთან, გენერალ ყურაშვილთან, და იმას უნდა გადაეწყვიტა, თუ როდის და რა სახის ტექნიკის გადაადგილება მოხდებოდა.”(სტილი დაცულია)


სწორედ საბრძოლო მასალის გადატანის მცდელობას მოჰყვა 17 ივნისს სერიოზული დაპირისპირება კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და ქართულ პოლიციას შორის. გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილის თქმით,
ქართული პოლიცია მოქმედებდა კანონის თანახმად, მაგრამ რისკის ზღვარზე, რადგან რუს ჯარისკაცებს მათთვის სროლის უფლებაც კი ჰქონდათ, ისევ და ისევ ზემოხსენებული კაბალური ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც 1994 წლის მაისში, საქართველოს სახელით, აწ განსვენებულმა ჯაბა იოსელიანმა, ხოლო აფხაზეთის მხრიდან სოკრატ ჯინჯოლიამ მოაწერეს ხელი. თუმცა გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილს უფრო პარადოქსულად ის გარემოება მიაჩნია, რომ ხელშეკრულება, რომელიც 14 წლის განმავლობაში არაერთხელ დაირღვა როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის მხრიდან, დღემდე ძალაშია და საქართველოს ვერც წინა და ვერც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მისი დენონსაცია:

[გურამ ნიკოლაიშვილი] ”ეს ხელშეკრულება 2 სუბიექტს შორის არის დადებული - ერთი მხრივ არიან აფხაზები, მეორე მხრივ - ქართველები და ჩვენ შეგვიძლია ეს გავწყვიტოთ. რა შუაში არიან აქ რუსები? ეს უკვე, როგორც კი რუსებმა დაარღვიეს ამ ხელშეკრულების მუხლები, ხელშეკრულება უკვე აღარ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ლეგიტიმური. რადგან ამ ხელშეკრულებაში არის 50 პუნქტი, რომელიც არ არის შესრულებული.”(სტილი დაცულია)

თუ რა პუნქტები შეიცვალა ძალთა დაშორიშორების შესახებ 14 წლის წინანდელ ხელშეკრულებაში, როგორ გადასხვაფერდა უსაფრთხოების ზონის პირვანდელი რუკა, რატომ არ შეუშვეს სოხუმში ქართველი სამხედრო დამკვირვებლები და რატომ უპირებდა მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე რუს გენერალ გიორგი კონდრატიევს ვერტმფრენიდან გადაგდებას, - ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ კვირის სამხედრო პროგრამაში ვისაუბრებთ.

XS
SM
MD
LG