Accessibility links

logo-print

როგორ უყურებს საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს


ოპოზიციურ ძალებს საქართველოს პარლამენტში ფრაქციების ჩამოყალიბება ეჩქარებათ, თუმცა კანონმდებლობა ჯერჯერობით მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

იმისათვის, რომ დეპუტატების 6-კაციან ჯგუფს პარლამენტში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა მიეცეს, საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს. პროექტი უკვე მომზადებულია, თუმცა ის საჯარო განხილვისთვის შესაბამის დროს მოითხოვს. აპირებენ თუ არა დეპუტატები ლოდინს, რა ალტერნატიული გზა არსებობს მათთვის?

იმ საკითხებს შორის, რომლებიც ორშაბათს ბიუროს სხდომაზე შეთანხმდა და რომლებიც მიმდინარე კვირაში განსახილველად პარლამენტის სხდომაზე უნდა გავიდეს, თავს იჩენს “ანტიკრიზისულ მემორანდუმში” შემავალი კიდევ ერთი მოთხოვნა. კერძოდ, საუბარია ცვლილებაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში:

(დავით ბაქრაძის ხმა) “კერძოდ, ეს შეეხება იუსტიციის საბჭოში უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციებიდან წარმომადგენლის დანიშვნას. ალბათ, თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია იუსტიციის საბჭოს მუშაობა. იუსტიციის საბჭო პრაქტიკულად წარმოადგენს ორგანოს, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველოში სასამართლო სისტემის და, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის მუშაობასა და ფუნქციონირებას. Dდა ის ფაქტი, რომ ოპოზიციას ეყოლება თავისი წარმომადგენელი ამ ორგანოში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა არის ღია, არის ტრანსპარენტული.” (სტილი დაცულია)

მართლმსაჯულების სისტემის ამგვარ შეფასებაში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ნაკლებად ეთანხმება ოპოზიციური ფლანგი. თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატებს კარგად ესმით, რომ იუსტიციის საბჭოში თავიანთი წარმომადგენლის ყოლა კონტროლის ერთგვარი ქმედითი ბერკეტი იქნება და სწორედ ამიტომ შევიდა ამგვარი მოთხოვნა ქრისტიან-დემოკრატების მიერ მომზადებულ “ანტიკრიზისულ მემორანდუმში”. საკითხი შეთანხმებულია, მაგრამ იმისათვის, რომ სადმე დანიშნო ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი, ჯერ უნდა არსებობდეს თვით ოპოზიციური ფრაქცია. ეს საკითხი კი ჯერჯერობით კვლავაც პრობლემურია.

მართალია, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით უკვე გარკვეული საფუძველი ჩაეყარა ფრაქციის შექმნის მსურველ დეპუტატთა რიცხვის 7-დან 6-მდე შემცირებას, მაგრამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს. ეს კი, თავის მხრივ, საჯარო განხილვისთვის აუცილებელ ერთთვიან ვადას საჭიროებს. ეს ცვლილება მეტად მნიშვნელოვანია გიორგი თარგამაძის 6-კაციანი სადეპუტატო გუნდისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქრისტიან-დემოკრატებს ლოდინი არ სურთ და ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად თანამოაზრე დეპუტატების დამატებით ძალას ეძებენ. იმას, რომ პაატა დავითაიასა და დიმიტრი ლორთქიფანიძესთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, ადასტურებს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი, დეპუტატი ნიკოლოზ ლალიაშვილი:

(ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა) ”ვცდილობთ ჩვენ, რომ გვქონდეს ფრაქცია. ფრაქცია ხელსაყრელია ყველანაირი ინიციატივებისათვის პარლამენტში. რეგლამენტის შესაბამისად, გაცილებით უფრო მარტივი არის, როდესაც ფრაქციიდან მოდის ესა თუ ის ინიციატივა. მაგრამ ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს ეს ყველაფერი. არ არის გამორიცხული, რომ ეს არ გამოვიდეს.” (სტილი დაცულია)

ქრისტიან-დემოკრატების მცდელობებს იწონებს ქართული დასის ლიდერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, თუმცა მცდელობები მასაც აქვს. სხვა საკითხია, რომ თუკი ქრისტიან-დემოკრატებს 1 კაცი აკლიათ, ბაღათურია თავად არის ერთი და მას 6 კაცის მოძებნა მოუწევს. ერთი რამ ზუსტად იცის, რომ მის ფრაქციაში შემთხვევითი ხალხი ვერ მოხვდება:

(ჯონდი ბაღათურიას ხმა) “ვნახოთ ახლა... მე არ ვიქნები უკმაყოფილო, თუკი ქრისტიან-დემოკრატები ჩემზე ადრე შეკრავენ ამ ფრაქციას. მეც ვაპირებ, რომ შევკრა ფრაქცია. ამას, იმედი მაქვს, რომ მივაღწევ... უნდა იყვნენ მტკიცე ნებისყოფის და სტაბილური ადამიანები. ასეთები მრავლად არიან, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ... ჩვენი პოლიტიკური ხედვაც უნდა ემთხვეოდეს და მიზნები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. შესაძლოა, არ დაემთხვეს ჩვენი პოლიტიკური მიზნები ერთმანეთს.” (სტილი დაცულია)

თუკი ქრისტიან-დემოკრატები მასზე ადრე მოახერხებენ ფრაქციის ჩამოყალიბებას, ბაღათურიას იმედი აქვს, რომ გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდი მას დაეხმარება შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის, 5 იანვრის საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოძიებას ითვალისწინებს. თუმცა აქვე ვთქვათ, რომ ამ ტიპის კომისიის შექმნის მოთხოვნა თავად ქრისტიან-დემოკრატებს ჰქონდათ შეტანილი თავიანთ მომზადებულ “ანტიკრიზისულ მემორანდუმში” და, როგორც ლალიაშვილი აღნიშნავს, ფრაქციის შექმნას ამ მოთხოვნის გასააქტიურებლადაც ჩქარობენ.
XS
SM
MD
LG