Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნიდან ერთი წელი გავიდა


სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნიდან ერთი წელი გავიდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს სოფელ ქურთაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეხვდნენ. შეხვედრა დახურული იყო. გავრცელებული ცნობებით, მასზე საუბარი შეეხო იმ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებივ კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება.. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის დღის აღსანიშნავად 23 ივნისს საღამოს თბილისში ღონისძიება დაიგეგმა. მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რა მოიტანა დროებითი ადმინისტრაციის შექმნამ და ბოლო თვეებში რატომ ლაპარაკობენ ასე ცოტას მის შესახებ.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 19 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა... მის ფუნქციებში განისაზღვრა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით, მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან. ამას გარდა, დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შემუშავება-განხორციელება, ქართული და ოსური ენების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ასე შემდეგ.. გადაწყდა ადმინისტრაციის საქმიანობა საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო და მის ხელმძღვანელად სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ალტერნატიულ არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევი დაინიშნა. საწყის ეტაპზე ადმინისტრაცია საკმაოდ აქტიური იყო, რაც ცხინვალის რეჟიმს სერიოზულად აღიზიანებდა. დროებითი ადმინისტრაციის შექმნას მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი მოძრაობა ” გზა მშვიდობისა კოკოითის” გაშლა .. მოძრაობის ოფისები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა, - მათ შორის გორში, - მოწოდებებით:


[ვლადიმერ სანაკოევის ხმა] ”კოკოითი, გაფრთხილებთ, წადი ჩვენი მიწა-წყლიდან, წადი ჩვენი ოსეთიდან! ნუ გვიშლი ხელს ვიცხოვროთ მშვიდობიანად. ოსეთი იქნება მშვიდობიანი, კოკოითი კი წავა..”

ბოლო თვეებში ნაკლებად თვალშისაცემი გახდა ამ მოძრაობის და, მასთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობაც .. ადმინისტრაციის წარმომადგენელი თბილისში, ვლადიმერ სანაკოევი, ამბობს, რომ ამის მიზეზი ადმინისტრაციის უმოქმედობა არ ყოფილა... ” ბოლო თვეებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში სხვა საკითხები, სხვა პრობლემები მოექცა. ქვეყანაში იყო პოლიტიკურად მღელვარე პერიოდი, იყო ორი არჩევნები. მთელი ამ ხნის მანძილზე დროებითი ადმინისტრაცია თავის საქმეს აკეთებდა”, - თქვა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ვლადიმერ სანაკოევმა.. საქმეებში მან კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში აშენებული სპორტული მოედნები, მაღაზიები, კინო თუ საკონცერტო დარბაზები, გზები იგულისხმა... რაც შეეხება ურთიერთობებს, იმას, შეძლო თუ არა დროებითმა ადმინისტრაციამ ოსების გულის მოგება, სანაკოევი ამბობს:

[ვლადიმერ სანაკოევის ხმა] ” ჩვენ არც ველოდით, რომ ერთ წელიწადში ცხინვალის საზოგადოება ჩვენკენ დროშებით დაიძვრებოდა.. ასე არ არის. ჩვენ მათ საქმე დავანახვეთ, დანარჩენი კი დროის ამბავია.მათ უნდა დაინახონ, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარება მხოლოდ საქართველოს ფარგლებშია შესაძლებელი, რომ სხვა ყველაფერი - ლაპარაკი სუვერენიტეტზე - არის ილუზია და ხალხის მოტყუება რუსული წარმომავლობის შავი ფულის გასარეცხად.”

დროებითი ადმინისტრაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო შემდეგი: შექმნილიყო ოსი ხალხის წარმომადგენლობითი სტრუქტურა მასთან სალაპარაკოდ და მასთან ერთად სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად.. მანამდე ამ მიზნით გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებები კოკოითის ხელში იყრიდა თავს.. საინტერესო იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი ხედვის გაცნობა ევროპარლამენტარებისთვის. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა იყო მოლაპარაკებათა პროცესში დროებითი ადმინისტრაცია ჩართულიყო. მაგრამ, როგორც ვლადიმერ სანაკოევმა აღნიშნა, მთელი ეს მოძრაობა ბოლო თვეებში სხვა პროცესებმა დაჩრდილა.. ასევე ფიქრობს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია:

[შოთა მალაშხიას ხმა] ” ეს პრობლემები დაძლეულია. ერთი წელი შესრულდა. აქ არის პოზიტივი ყველაფერში, ნეგატივი არ არსებობს, მაგრამ პოზიტივი შესაძლოა მეტი ყოფილიყო. რა იმედებსაც ვამყარებდით ამ ადმინისტრაციაზე, ამ იმედების განსახორციელებლად წყნარ ვითარებაში უნდა დავიწყოთ მუშაობა და განვავითაროთ. ” (სტილი დაცულია)

როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშენთ, დროებითი ადმინისტრაციის შექმნიდან ერთი წლის თავზე, 23 ივნისს, სოფელ ქურთაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეხვდნენ. გავრცელებული ცნობებით, დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ ელჩები შეხვედრებისთვის ცხინვალშიც გადავიდნენ.

XS
SM
MD
LG