Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებს შეუტია


საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან ერთი თვის თავზე თბილისის მერიამ და საპატრულო პოლიციამ გარევაჭრობის აღსაკვეთად კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაიწყეს.

ნავთლუღისა და დელისის მეტროსადგურების შემდეგ პოლიციამ გარემოვაჭრეები ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდანაც გააძევა. საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, რომ მოქმედებენ გარევაჭრობით გამოწვეული ხმაურითა და ანტისანიტარიით შეწუხებული მოქალაქეების საჩივრების პასუხად. თუმცა პოლიციის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ როგორც მოვაჭრეებს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათი თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ სჭირდება, ნიღაბი მოიხსნა.

[კივიან ქალები]

ასეთი ხმაური იყო 23 ივნისს ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პროტესტის ნიშნად შეკრებილი ადამიანები - ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები - საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. 55 წლის ამალია თოდუა ამბობს, რომ გარევაჭრობა მისი ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა:

[ამალია თოდუას ხმა] „ჩვენ აქ დავწვებით, უკანდასახევი გზა არ გვაქვს. 13 წლიდან ჩემი ნამუშევარი უწყისში არ ეტეოდა, მაგრამ ახლა, სამუშაო რომ არ არის, იძულებული ვარ ამ ხნის შავებში ჩაცმული ქალი დავდგე ქუჩაში. რით გამოვიზამთრო, როგორ გამოვკვებო ოჯახი, თუ ახლა ორი კაპიკი ფული არ გავაკეთე...“

ქალბატონის თქმით, ვიდრე საპატრულო პოლიცია გააძევებდა, ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მსგავსად, წვრილმანი ვაჭრობით რამდენიმე ასეული ადამიანი ირჩენდა თავს. წაქაძე როზა ერთ-ერთი მათგანია:

[როზა წაქაძის ხმა] „თუ არ შეიძლებოდა, არც წინასაარჩევნო პერიოდში უნდა დაესვათ ეს ხალხი. როდინდელი ბრძანებითა და როდინდელი აკრძალვით სარგებლობენ? მე თვითონ ოთხი შვილი მყავს, ოთხივე არასრულწლოვნებია. სტუდენტების დედა ვარ. ერთს ბავშვი მუცელში უფართხალებს. რა მივუტანო, რა ვასვა, რა ვაჭამო? რაღაც პერიოდი მაინც მოგვცენ, რომ საქონელი გავყიდოთ, ხელი დავიცალოთ, დათმობაზე წავიდნენ... გუშინ თუ თმობდნენ, წინასაარჩევნოდ, დღეს არ შეიძლება?“(სტილი დაცულია)

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთელი დღის განმავლობაში ვერ მოიცალეს. სამაგიეროდ, აქტიურობდნენ მათი ოპონენტები. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იოსებ შატბერაშვილი, გარემოვაჭრეების დევნას ასეთ ახსნას უძებნის:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „არჩევნები, ორი არჩევნები იყო ჩასატარებელი - ერთი საპრეზიდენტო, მეორე საპარლამენტო. მანამდე მიუშვეს ეს ხალხი. ბრძანება იყო გაცემული, რომ არ შეხებოდნენ, რათა კეთილგანწყობა მოეპოვებინა ხელისუფლებას. როგორც კი არჩევნები ჩატარდა, დაერივნენ ხელკეტებით და, აი, ქალბატონი როგორ ცემეს.“ (სტილი დაცულია)

საპატრულო პოლიციაში კი ამტკიცებენ, რომ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა აბასთუმნისა და ქუთაისის ქუჩების მობინადრეთა საჩივრების საფუძველზე გადაწყდა. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის თქმით, პოლიციაში 51 განცხადებაა შეტანილი. თუმცა უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია სამი-ოთხი წლის წინ შეწუხებული მოქალაქეების საჩივრის გარეშეც აქტიურობდა. გარევაჭრობას ბრძოლა 2005 წელს თბილისის ყოფილმა მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოუცხადეს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “ქუჩაში ძალიან ბევრი ისეთი პროდუქტი იყიდება, რომლის წარმოშობის სერტიფიკატი საერთოდ არ არსებობს. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება არა მარტო სანიტარული ინსპექცია, არამედ სამართალდამცავი ორგანოებიც, რათა გაირკვეს პროდუქციის წარმომავლობა. ერთი სიტყვით, ჩვენი მხრიდან გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები იმისათვის, რომ ქუჩაში ვაჭრობა აღიკვეთოს.”

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ჩვენ გვინდა მოვახდინოთ სინქრონიზაცია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პატრულის და საქალაქო სამსახურებისა, რათა ერთხელ და სამუდამოდ თბილისში დავამყაროთ წესრიგი. მეტიც, სულ მალე მივმართავთ პარლამენტს, რათა კანონში შევიდეს ცვლილება და პატრულს მიეცეს გარემოვაჭრის დაჯარიმების უფლება.”

პატრულმა კანონით მინიჭებული უფლებები გამოიყენა 23 ივნისსაც, როცა შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მოვაჭრეებმა წერეთლის გამზირის გადაკეტვა გადაწყვიტეს.

[პოლიციელის ხმა] „ამათ უნდათ, რომ გზა გადაკეტონ და ბალაგანი იყოს... ნელა, ნელა, ნელა...“

საბოლოო ჯამში, საპროტესტო აქციაში მონაწილე ქალბატონებმა საპატრულო პოლიციის წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს და უკან დაიხიეს, თუმცა გარემოვაჭრეებს, ლეიბორისტების გარდა, ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომლის წევრები საკითხის პარლამენტში დასმას აპირებენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. თანასწორობის ინსტიტუტის წევრს ლაშა ჩხარტიშვილს მოუსმინეთ:

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა] „აქ არის ერთადერი გამოსავალი. სანამ არ იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართი სრულფასოვანი სახით, რომ ადამიანებმა შეძლონ მინიმალური სახსრების მოპოვება, მანამდე მათი აქედან გაშვება არის დაუშვებელი და არავის აქვს უფლება ამაზე ისაუბროს, იმიტომ რომ უმთავრესი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG