Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პერსპექტივის ძლიერი და სუსტი მხარეები


იმ დროს, როდესაც დამარცხებული ოპოზიცია ჭრილობების მოსაშუშებლად დროს ითხოვს და საზოგადოებას შემოდგომამდე ემშვიდობება, ასპარეზზე გამოდის ძველი პოლიტიკური ფიგურა ახალ ამპლუაში:

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ამჯერად აფუძნებს ფონდს, რომელიც დემოკრატიის განვითარებაზე იზრუნებს. მინდა ნინო ბურჯანაძის სამომავლო ამოცანებსა და პერსპექტივებზე გესაუბროთ.

პოლიტიკის ექსპერტები და ჟურნალისტები ბოლო დღეების განმავლობაში ნინო ბურჯანაძის სამომავლო პერსპექტივებს არჩევენ. ეჭვი არავის ეპარება, რომ ფონდის შექმნა შუალედური ნაბიჯია და უახლოეს მომავალში ახალი პარტია ჩამოყალიბდება.

ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რატომ გადაწყვიტა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს ის, რაც მისთვის მიუღებელი იყო წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც აშკარად უკეთეს სასტარტო პირობებში იმყოფებოდა? ფაქტია, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნინო ბურჯანაძის ჩამნაცვლებელი არავინ ჰყავდა. დავით ბაქრაძე ის ფიგურაა, რომელიც მხოლოდ გაჭირვების ფონზე წამოსწიეს და საპარლამენტო გუნდს სათავეში ექსტრემალურ ვითარებაში ჩაუყენეს. ამიტომ სწორ გზას ავცდებით, თუ ვიტყვით, რომ ნინო ბურჯანაძის პროტესტი პოსტის დაკარგვის საფრთხემ გამოიწვია. ამგვარი საფრთხე, როგორც შემდგომ გამოჩნდა, არ არსებობდა.

სავარაუდოდ, ბურჯანაძის ამჟამინდელი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი პოლიტიკაში საკუთარი გუნდით შემოსვლა იყო. ეს გადაწყვეტილება არცთუ შემთხვევით დაემთხვა პერიოდს, როდესაც ოპოზიციური ლიდერის ნიშა სრულიად დაცარიელდა, მოლოდინი კი ამგვარი ლიდერის მიმართ – უკიდურესად გაიზარდა. გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ოპოზიციის პირველი ლიდერის პოზიციის დაკავებას სამი ფიგურა ცდილობდა: ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. სამივე მცდელობა კრახით დასრულდა, რამაც საზოგადოებაში კიდევ მეტად გაზარდა მოლოდინი და ინტერესი მიხეილ სააკაშვილის საპირწონე ლიდერის მიმართ.

მართალია, დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდის შექმნისთვის დრო კარგად შეირჩა, მაგრამ საკითხავი ისაა, შეძლებს თუ ვერა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზუსტად იმ ლიდერად ჩამოყალიბდეს, რომელზეც დღეს მკაფიო საზოგადოებრივი დაკვეთა არსებობს.

ამისთვის, სულ მცირე, ორი ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს და აღიაროს ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის საპირწონე ლიდერად და, ამასთან, საერთაშორისო ასპარეზზეც იგი სწორედ ამ ახალი ფუნქციით უნდა დამკვიდრდეს.

ნინო ბურჯანაძის ძლიერი მხარე მისი საერთაშორისო კავშირები და მსოფლიო მნიშვნელობის დედაქალაქებში მის მიმართ წლების განმავლობაში შემოკრებილი ნდობაა. ამ კუთხით მას მეტოქეობას ძნელად თუ ვინმე გაუწევს.

თუმცა პირველი ათვლის წერტილიდან მიხეილ სააკაშვილისთვის ნინო ბურჯანაძე რთული ოპონენტი ვერ იქნება. ქართული საზოგადოება ხელისუფლების შეცდომებს ბურჯანაძესაც თითქმის ისევე უკავშირებს, როგორც თავად პრეზიდენტს. თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების პროტესტული ნაწილის სიმრავლესა და აგრესიულობას, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, თავისი დინჯი პოლიტიკური ტემპერამენტით, ალბათ, გაუჭირდება მის მიმართ უნდობლობით გამსჭვალული ადამიანების გადარწმუნება და გადმობირება. იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბურჯანაძე მხოლოდ ზოგადი კონსტრუქციული პროექტებით შემოიფარგლება და პირადად მიხეილ სააკაშვილს არ დაუპირისპირდება, მის მიმართ ინტერესი, შესაძლოა, სწრაფად მიინავლოს.

თუმცა დღეს დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რა გადასწონის ხვალ: ქართველი ხალხის სურვილი, ოპოზიციური ლიდერის ნიშა სერიოზული საერთაშორისო წონის მქონე პოლიტიკურმა ფიგურამ შეავსოს, თუ ის აგრესია, რომელიც ნინო ბურჯანაძის, როგორც ამჟამინდელი ხელისუფლების ორგანული ნაწილის მიმართ არსებობს. დღევანდელი გადასახედიდან, ამ ფაქტორზე დადებითი მიმართულებით ზემოქმედება შესაძლებელია. სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ ძველი, ფაქტობრივად, გაკოტრებული ლიდერები არიან, ნინო ბურჯანაძის თამამი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი გუნდის შექმნის შესახებ მეტად დროულ და ნაკლებად სარისკო ნაბიჯად გამოიყურება. რისკი და საფრთხე იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუკი ასპარეზზე თუნდაც ნაკლებად გამოცდილი, მაგრამ უფრო გაბედული მოთამაშეები შემოვლენ. საკითხავია, უახლოეს ორ წელიწადში – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე – გამოჩნდება თუ არა კიდევ სხვა ლიდერი, რომელიც გაცილებით მკვეთრად დ გულწრფელად დაუპირისპირდება მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე ეს ნინო ბურჯანაძისგან არის მოსალოდნელი.


XS
SM
MD
LG