Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადასინჯვა იწყება


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმების პროცესს იწყებს.

ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი სიის იმ საბოლოო ვარიანტის გადასინჯვას ითვალისწინებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიაწოდა. როგორია წინასწარი სურათი, რა გზებით განხორციელდება კვლევა და რატომ არის აუცილებელი ამომრჩეველთა კეთილგანწყობა? - მინდა ამ საკითხების გარშემო გესაუბროთ.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმება ორი მიმართულებით იგეგმება - „სიიდან ამომრჩევლამდე“ და „ამომრჩევლიდან სიამდე“:

(ეკა სირაძე-დელონეს ხმა) ”ეს ორი მეთოდი სხვადასხვა მიზანს ემსახურება. ერთი - ”ამომრჩევლიდან სიამდე” - ეს არის, როდესაც ამომრჩეველთან მივდივართ, მის მონაცემებს ვიღებთ და შემდეგ უკვე ვამოწმებთ, რამდენად არის ეს ამომრჩეველი სიაში. ეს არის შემთხვევითი, ასე ვთქვათ, სიარულით აღმოჩენილი ამომრჩეველი. და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავადგინოთ, რა რაოდენობის ამომრჩეველი არ არის რეგისტრირებული სიის იმ ვარიანტში, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა საარჩევნო ადმინისტრაციისგან. და მეორე მეთოდი არის - ”სიიდან ამომრჩევლამდე”, როდესაც გვაქვს ამომრჩეველთა ერთიანი სია. ამოვიღებთ, შემთხვევითი შერჩევით ასევე, კონკრეტულ რესპონდენტებს, კონკრეტულ პიროვნებებს, მათთან მივალთ სახლში და გადავამოწმებთ, რამდენად ადეკვატურია - სახელი რამდენად სწორად არის, გვარი, მისამართი, რამდენად რეგისტრირებულია ამ მისამართზე და, იქნებ, სხვაგანაც არის რეგისტრირებული... და ასეთი ტიპის პრობლემებზე.” (სტილი დაცულია)

ეკა სირაძე-დელონემ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა, გამოცდილების გათვალისწინებით, წინასწარვე იცის, რომ პროცესი სირთულეებით იქნება აღსავსე. ძირითადი პრობლემა კი ის არის, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) უნდობლობით ეკიდება მსგავსი ტიპის კვლევებს, პირადი მონაცემების გამხელას ერიდება და ხშირად კარსაც კი არ უღებს მიმსვლელებს. ეკა სირაძე დელონე ამომრჩეველს კეთილი ნების გამომჟღავნებას სთხოვს და კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ წინ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ამომრჩეველთა სიების დახვეწას ისიც არანაკლებ მოითხოვს. გარდა ამისა, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროსაბჭოს მეთვალყურეთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებამდე ამომრჩეველთა სიის გულდასმით და რეგულარულად განახლება უნდა ხდებოდეს.
საარჩევნო კანონმდებლობა და პროცედურები იმდენად პრინციპული საკითხია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლებასთან დიალოგის განახლების იდეა ბოლო დროს მხოლოდ სიცილს ჰგვრის, ხსენებული საკითხების გარშემო აზრთა შეჯერებას აუცილებლად მიიჩნევს. ეს გამოკვეთილი ოპოზიციონერის, მამუკა კაციტაძის, კომენტარიდანაც კარგად ჩანს:
(მამუკა კაციტაძის ხმა) ”ეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას, ეს სჭირდება სამომავლოდ არჩევნების პროცედურას, მათ შორის - ადგილობრივისასაც, რომელიც უფრო ახლოა, ვიდრე სხვა დანარჩენი არჩევნები... და ამ რეჟიმში, ბუნებრივია, მოვიაზრებთ პოზიციათა დაფიქსირებასა და შეჯერებისაკენ ნაბიჯების გადადგმას.... ” (სტილი დაცულია)
ამომრჩეველთა ერთიანი სიის ბოლო ვარიანტით, რომლის მიხედვითაც კვლევა უნდა განხორციელდეს, საკმაოდ კმაყოფილია ლევან თარხნიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
(ლევან თარხნიშვილის ხმა) ”სია ძირითადად სრულყოფილია, თუმცა სიის სრულყოფა ეს არის დაუმთავრებელი პროცესი, ფაქტობრივად, სამუშაო პროცესი, რომელიც არასოდეს არ მთავრდება... / სრულყოფილებაში რას გულისხმობთ? (რ.თ.) / ... ვგულისხმობთ იმას, რომ ამ სიაში არის ყველა ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს დღევანდელი კანონმდებლობით...” (სტილი დაცულია)
ამომრჩეველთა სიის ”სრულყოფილების” თემაზე საუბრისას ლევან თარხნიშვილს, ალბათ, ძალიან ბევრი ოპონენტი გამოუჩნდებოდა. მათ შორის ისინი, ვინც არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდებში სიებში უამრავი მკვდარი სულის აღმოჩენაზე საუბრობდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელის ეკა სირაძე-დელონეს ბოლოდროინდელი დაკვირვება კი ასეთია:

(ეკა სირაძე-დელონეს ხმა) ”ჩვენ გვქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც დამატებით სიაში იყო პიროვნებები (აი, იანვრის არჩევნებს ვგულისხმობ...) და ჩვენ ვიცოდით, რომ, ყოველ შემთხვევაში, ეს ხალხი აუცილებლად უნდა დამატებოდა შემდეგ უკვე ამომრჩეველთა ერთიან სიას... სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი ფაქტები, როდესაც არ დაემატა ეს ხალხი. ანუ არის ხალხი, რომელიც კიდევ გამოტოვებულია... არის ისეთი პრობლემები, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო რეგისტრირებული ერთ მისამართზე. იყო ისეთი პრობლემები, როდესაც ხალხი არ იყო რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართზე, მაგრამ მოსაწვევები მათ მაინც მოუვიდათ და ეს ძალიან უცნაური იყო... მიცვალებულებიც, თავისთავად ცხადია, არიან... ეს უკვე კანონმდებლობის პრობლემაც არის...” (სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” გადამოწმების პროცესს დაასრულებს, მაქსიმალურად შეეცდება, რომ აღმოჩენილი დარღვევები აუცილებლად ჩასწორდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამისთვის მზად არის.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG