Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აპირებს დედაქალაქის მერია გარევაჭრობის პრობლემის გადაჭრას


თბილისის მერია გარევაჭრობის პრობლემის გადასაჭრელად სპეციალური პროგრამის განხორციელებას იწყებს.

ეს 24 ივნისს დედაქალაქის მერიაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. პროგრამის თანახმად, თბილისის მასშტაბით აღრიცხულ 1700-მდე მოვაჭრეს ბაზრებსა და ბაზრობებზე გაანაწილებენ, ხოლო მათ მაგივრად ყოველდღიურ ფიქსირებულ გადასახადს წლის ბოლომდე ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს.

[ქალბატონის ხმა] „როგორც ქურდები, ისე ვართ - აქეთ-იქით ვაცეცებთ თვალებს, რომ არ მოვიდეს პოლიცია და ჩანთები არ წაგვართვას...“

ბაზრების სიმრავლის მიუხედავად, თბილისის ქუჩებში სხვადასხვა წვრილმანით რეგულარულად ვაჭრობს ორი ათასამდე ადამიანი. მათი თქმით, რომ არა მაღალი გადასახადი, ბაზრის ტერიტორიაზეც დიდი სიამოვნებით იმუშავებდნენ.

[ქალბატონის ხმა] „რაღაცა მინიმალური დააწესონ. ბაზარში ჩეკებში 20 ლარს რომ ითხოვენ, საიდან მოვუტანო? ეს რაც ლეგალური გადასახადია, ახლა არალეგალურს არ იკითხავთ? ამას ვინ შეძლებს, ვინ შესწვდება? შეხედე, როგორი გაუბედურებული ხალხი ვართ“.

ამ გაუბედურებულ ადამიანებს - მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირზე ვაჭრობა აუკრძალეს და უმუშევრად დარჩნენ - პარლამენტში, ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის - გიორგი ახვლედიანის - სახით, ქომაგი გამოუჩნდათ.

[გიორგი ახვლედიანის ხმა] „ხელში მიჭირავს ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც 2007 წლის 22 იანვრითაა დათარიღებული და რომელიც შეეხება თბილისში გარევაჭრობის რეგულირების საკითხებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, თბილისში გარევაჭრობა აკრძალული არ არის. ჩვენ, ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა, მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ძალადობა ამ ადამიანების წინააღმდეგ, მათი ტერორი. შეწყდეს მათი ისედაც მწირი ქონების განიავება. თუ ჩვენ გვაქვს სურვილი და ამ დარბაზში არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა დაიწყოს დღესვე.“

ცხადია, არა ოპოზიციონერი დეპუტატის მოწოდების პასუხად, თბილისის მერიამ მართლაც დაიწყო პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი. მერის გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლება ვერ შეეგუება იმ ანტისანიტარიას, რაც გარევაჭრობის გამო თბილისის ქუჩებში სუფევს, თუმცა, როგორც ირკვევა, მერია არც მოვაჭრეების ულუკმაპუროდ დატოვებას აპირებს:

[გიგი უგულავას ხმა] „თბილისში მოქმედ 13 ბაზარში 1500-მდე თავისუფალი ადგილია. სულ რეგისტრირებულია 1700 გარემოვაჭრე. ეს პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს შემდეგნაირად: ვთავაზობთ ყველა გარემოვაჭრეს , რომ შევიდეს ბაზარში და ექვსი თვის განმავლობაში მერია გადაუხდის იმ გადასახადს, რომელიც მათ ბაზრის ადმინისტრაციას უნდა გადაუხადონ.“

გიგი უგულავამ გარემოვაჭრეების ბაზრობებში გადანაწილება და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება ვიცე-მერს ნიკო ხაჩირაშვილს დაავალა, მაგრამ მერის სიტყვიერი დაპირებისა არ სჯერა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კახა ძაგანიას. მისი თქმით, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, პარტია გააგრძელებს საპროტესტო აქციების ორგანიზებას:

[კახა ძაგანიას ხმა] „მრავალგზის ყოფილა მერიისა და ხელისუფლებისგან სიტყვიერი პირობა, რომელიც დარღვეული იქნა. სანამ არ დავინახავთ ნორმატიულ აქტებს, იმ ადგილებს, სადაც უნდა ივაჭრონ ადამიანებმა, მანამდე არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას. ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG