Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა


”ვედომოსტი” წერს, რომ ”სოხუმში დიდი ხანია მუშავდება პროექტი რუსეთიდან გაზსადენის მშენებლობის შესახებ.

თუმცა აქამდე საუბარი ეხებოდა მილსადენის ხმელეთით გაყვანას”, - განუმარტავს ”ვედომოსტისთვის” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მაქსიმ ღვინჯიას. მასზე დაყრდნობითვე, გაზეთი წერს, რომ ზღვის გავლით გაზსადენის გაყვანა უფრო უსაფრთხო და საიმედოა. ”ოფიციალური სოხუმი მზად არის თავის ტერიტორიაზე გაზსადენის უსაფრთხოება უზრუნველყოს. საქართველო აკრიტიკებდა სახმელეთო პროექტს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისი მშვიდად მიუდგეს საზღვაო ვარიანტს” ,- განუცხადებია მაქსიმ ღვინჯიას ”ვედომოსტისთვის”. გაზეთი მკითხველს შეახსენებს კომპანია ”გაზპრომის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ზღვის გავლით ჯუბგა-ლაზარევსკოე-სოჭის გაზსადენის მშენებლობისთვის ემზადება და რომ სწორედ ამ გაზსადენის განშტოების აფხაზეთისკენ მიმართვა სურს ბაღაფშს.

”მოსკოვსკი კომსომოლეცი” აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ სერგეი ბაღაფშთან ინტერვიუს აქვეყნებს. საუბარი თბილისი-სოხუმის ურთიერთობის მრავალ ასპექტს შეეხება. კორესპონდენტი ბაღაფშს ეკითხება: ”ალბათ, უკვე მიეჩვიეთ, რომ ყოველი საკურორტო სეზონის დასაწყისში საქართველო აფხაზეთის მიმართ პროვოკაციებს აწყობს...”. ბაღაფში ეთანხმება ამ აზრს და აცხადებს, რომ საქართველო მთელ თავის პოლიტიკას მუდმივ პროვოკაციებზე აწყობს. ”მათი უპილოტო თვითმფრინავები სხვა არაფერია, თუ არა მზვერავი აპარატები. საქართველოს განცხადებები, რომ ეს თვითმფრინავები გალის რაიონში მოძრაობის ნაკადების დასადგენად დაფრინავს, სასაცილოა. მათ ერთი მიზანი აქვთ - შეისწავლონ ვითარება იმისთვის, რომ შემდეგ თავდასხმითი მოქმედება განახორციელონ. შვიდი თვის მანძილზე ვურჩევდით ფრენების შეწყვეტას. ისინი გვისმენდნენ, მაგრამ არ ესმოდათ. ამის შემდეგ ჩამოვაგდეთ მათი თვითმფრინავი და მომავალშიც ასევე მოვიქცევით”, - ამბობს ბაღაფში, რომელიც პარიზში თავისი ვიზიტის შესახებაც ჰყვება. მისი თქმით, მთავარი იყო საფრანგეთში განეცხადებინა, რომ არის ქვეყანა - აფხაზეთი. არის ხალხი, რომელსაც სურს საკუთარი დემოკრატიული ცივილიზებული სახელმწიფოს აშენება. რა მოხდება, თუკი საქართველო კატეგორიულად მოითხოვს რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანას? ”აქ ორი გზაა”, - ამბობს ბაღაფში და განმარტავს: ”პირველი - ჩვენს ჯარს განვალაგებთ საქართველოს საზღვარზე. მაგრამ ეს უახლოეს მომავალში ცალსახად კონფლიქტამდე მიგვიყვანს. მეორე ვარიანტი: ვთავაზობთ რუსეთს სამხედრო ხელშეკრულების დადებას - ისეთისას, როგორიც ტაივანსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებობს: ჩინეთთან ომის შემთხვევაში ამერიკა ჩაერთვება”, - ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში და, დასასრულ, სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში აფხაზეთის მონაწილეობაზე საუბრობს. ბაღაფშის თქმით, საშენი მასალის სოჭში გადასაზიდად სატვირთო ხიდის მშენებლობის საკითხიც განიხილება. ”ამ საკითხზე მალე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ვიმსჯელებთ”, - ამბობს სერგეი ბაღაფში.

”საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლავე, ზაფხულში, ნატოს დეკემბრის მინისტერიალამდე ნახევარი წლით ადრე, ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ევროატლანტიკური მიმართულებით მორიგი მარცხის რისკი”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”. ”იმის თაობაზე, თუ რამდენად შედეგიანი იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული ეს საზაფხულო ზეწოლა, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას - ოფიციალურად პრეზიდენტ სააკაშვილის ბრიუსელურ კონტაქტებზე ინფორმაცია პრაქტიკულად არ არის”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტას” ავტორი.

XS
SM
MD
LG