Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება საქართველოში საკუთრების უფლების დასაცავად


საქართველოში საპარლამენტო ცხოვრების განახლებისთანავე კვლავ დღის წესრიგში დადგა იმ საპარლამენტო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც კერძო საკუთრების დაცვის თემებზე იმუშავებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით, აღნიშნული ჯგუფი, უმეტესწილად, ოპოზიციის წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს. ამ ინიციატივის საბოლოო მიზანი კერძო საკუთრების მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფაა. რა საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება საქართველოში საკუთრების უფლების განსამტკიცებლად?

კერძო საკუთრების დაცვის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში შეიქმნა, თუმცა იმდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობის გამო საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები განუხორციელებელი დარჩა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ახალი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის საჯარო კომისია, სადაც, მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან უმრავლესობაში, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობა.”(სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიცია მზად არის ამ კომისიაში მუშაობა დაიწყოს, თუმცა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული საკანონმდებლო პროექტი არ გააჩნია. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესის დაჩქარება:

[გიორგი თარგამაძის ხმა] ”დღევანდელ დღესაც და ამ დღეებშიც კი არის შემთხვევები სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ უსამართლო დამოკიდებულებისა კერძო მეწარმეების მიმართ. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაჩქარდეს.”

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას, კომენტარი:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] ”მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობის ინიციატივა არის ის, რომ ადამიანი უნდა გრძნობდეს თავს გარანტირებულად და დაცულად და არ უნდა ფიქრობდეს, რომ თუ მთავრობა შეიცვლება ახლა, მე ჩემს სახლს, ბიზნესს თუ ჩანგალს წამართმევენ.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლებამ საკუთრების უფლების განმტკიცების მიზნით უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.

წინა მოწვევის პარლამენტის უკანასკნელ სხდომებზე მოხერხდა ქონების ლეგალიზაციის კანონის მიღება და მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილება. ამ პროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო ნორმა, რომ კერძო საკუთრების უფლება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ, შეიცვლება ჩანაწერით კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ. ეკონომიკის ექსპერტის გია ჯანდიერის აზრით, ამ ორ ფორმულირებას შორის პრინციპული სხვაობაა:

[გია ჯანდიერის ხმა] ”გარანტირებულია სულ სხვა მდგომარეობაა. ხელშეუხებელია ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება ხელი შეახოს. გარანტირებული ნიშნავს, რომ მთავრობა იძლევა ამ გარანტიას და მთავრობა ადგენს ამ გარანტიების საზღვრებსაც. ამიტომ ხელშეუხებლობა ეს არის ყველაზე ოპტიმალური, რაც უნდა ეწეროს კონსტიტუციაში.”(სტილი დაცულია)

გია ჯანდიერს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით საკუთრება უცებ ვერ გახდება ხელშეუხებელი, თუმცა ამით კერძო მესაკუთრეებს თავდაცვისა და ბრძოლის მყარი სამართლებრივი საფუძველი შეექმნებათ.

საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად, მთავრობის ინიციატივით მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაბათილება ნორმატიული აქტისა, რომელიც საკუთრების უფლებას ეხება, მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა გახდება. რეფორმების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ახლა კი მთავრობის კანცელარიის უფროსის, კახა ბენდუქიძის განცხადებით, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების გარდა, არის მეორე საკითხიც:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საკანონმდებლო ნაწილი საკუთრების უფლებისა არის გამყარებული, ახლა არის მეორე ნაწილი. მეორე ნეწილი შეეხება უკვე სახელმწიფო ორგანოების აქტივობას. მაგალითად, ცხადია, თუ ფინანსური პოლიცია შევიდა ბიზნესში და სამი თვით გააჩერა ის, ეს ბიზნესის კონფისკაციის ტოლფასია, იმიტომ რომ ამ ბიზნესისგან აღარაფერი დარჩება. ეს უკვე არის დამოკიდებული საჯარო ინსტიტუტების ხარისხზე.”

კახა ბენდუქიძეს ამ პრობლემის დაძლევა საჯარო სამსახურის შემდგომი რეფორმირებითა და ბიზნესის ბუნებრივი განვითარების გზით წარმოუდგენია. რაც უფრო იზრდება ბიზნესი და ეკონომიკა, მით უფრო შეურიგებელი ხდება საზოგადოება საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების მიმართ.
XS
SM
MD
LG