Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაბუქოს პროექტის ხელმძღვანელი ირანული და რუსული გაზის გამოყენებას არ გამორიცხავს


ამ პროექტს ევროპის რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირების გზად სახავენ ხოლმე.

მაგრამ ახლა ნაბუქოს გაზსადენის პროექტის ხელმძღვანელი რაინჰარდ მიჩეკი აცხადებს, რომ დასრულების შემდეგ - რაც, შეგახსენებთ, 2013 წლისთვის იგეგმება - გაზსადენი მზად იქნება გაზი ნებისმიერი ქვეყნიდან გაატაროს, ირანისა და რუსეთის ჩათვლით. მიტჩეკმა ამაზე რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ამ ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე კი ნაბუქოს პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ქვეყნის - შეერთებული შტატების - წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა ვენაში განთავსებული კონსორციუმი საჯაროდ გააფრთხილა, არ გამოიყენოს ირანის გაზი.

დასრულების შემდეგ ნაბუქოს გაზსადენი აღმოსავლეთ თურქეთიდან ევროპის შუაგულამდე გაიჭიმება და რუსეთს მთლიანად აუვლის გვერდს. მარშრუტი დადგენილია - აი, გაზის მიმწოდებელი ქვეყნები კი ჯერჯერობით საბოლოოდ გარკვეული არ არის.

და სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე მწვავე თემას.

მიმდინარე თვის დასაწყისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ სააგენტო ”როიტერს” ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევს ნაბუქოს გაზსადენის ირანული გაზის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებას. ბრაიზას ეს განცხადება პასუხი იყო თურქეთის გაზსადენების სახელმწიფო კომპანიისა და ნაბუქოს მეწილის, ბოტან ეიესის ხელმძღვანელის სიტყვებზე, რომ საკმარისი გაზის მოსაპოვებლად პროექტს მომავალში ირანის მსგავს ქვეყნებთან მოუწევს თანამშრომლობა.

ბრაიზამ ამას პირდაპირი პასუხი გასცა. ”ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ნაბუქოს მიერ ირანული გაზის ტრანსპორტირებას”, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მაგრამ ნაბუქოს გაზსადენის პროექტის ხელმძღვანელი რაინჰარდ მიჩეკი ამბობს, რომ, შეერთებული შტატების პოზიციის მიუხედავად, ვენაში განთავსებული გაზსადენის ჯგუფი გაზს ყველა იმ წყაროდან მოიპოვებს, რომელსაც მისი მომარაგება შეეძლება:

[მიჩეკი]
”ჩვენი უნიკალური მახასიათებელი სწორედ მომწოდებელთა მრავალფეროვნება იქნება. ჩვენ გაზის მიღებას ვვარაუდობთ აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან, ირანიდან, ერაყიდან, ეგვიპტიდან, რუსეთიდან - და სწორედ იმიტომ, რომ მომწოდებელთა სურათი ასეთი მრავალფეროვანი იქნება, მათგან რომელიმე ერთზე სრულად დამოკიდებული არ ვიქნებით. ეს კი ევროპაში გაზის შემსყიდველი ძალებისთვის ძალიან მომხიბლავი ასპექტია.”

ნაბუქოს დამთავრება 2013 წლისთვის იგეგმება. დასრულების შემდეგ გაზსადენი 3,300 კილომეტრზე გაიჭიმება და აღმოსავლეთ თურქეთიდან, ბულგარეთის, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით, ავსტრიაში - ბაუმგარტენში - ჩავა. გაზსადენი ყოველწლიურად 31 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს.
ნაბუქოს მეწილეებს ექვს ქვეყანაში - თურქეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და რუმინეთში - მოქმედი კომპანიები წარმოადგენენ.

ნაბუქოს პროექტი, მოგეხსენებათ, საქართველოსაც ეხება - ის ნაბუქოსთან დაკავშირებული გაზსადენის პროექტებში სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს.

პროექტი ევროპაში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. მას შეერთებული შტატებიც უჭერს მხარს - თუმცა, როგორც მეთიუ ბრაიზას განცხადებაშიც გამოიკვეთა, ეს მხარდაჭერა, შესაძლოა, უპირობო არ აღმოჩნდეს.

ნაბუქოს პროექტს, ტრადიციულად, რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირების გზად სახავენ. მაგრამ ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომ ნაბუქოს პროექტში, სავარაუდოდ, რუსული და ირანული კომპანიებიც ჩაერთვებიან, როგორც გაზის მიმწოდებლები. თუმცა მათი მონაწილეობა სხვა ფორმითაც შეიძლება განისაზღვროს - რუსეთის გაზპრომი, მაგალითად, ბაუმგარტენის გაზის ტერმინალში 50 პროცენტიანი წილის მფლობელია.

რაინჰარდ მიჩეკის თქმით, ნაბუქოს გაზსადენი მიმწოდებლებთან შესყიდვების თაობაზე შეთანხმებებს არ გააფორმებს - ის მხოლოდ გამყიდველიდან მყიდველამდე გაზის მიმწოდებელი იქნება. ამასთან, მიჩეკი აღნიშნავს, რომ ევროპაში გაზზე მოთხოვნილება მალე გაორმაგდება:

[მიჩეკი]



”მოხმარებული გაზის რაოდენობა ევროპაში - ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში - შარშან 500 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდა. აქედან 300 მილიარდი კუბური მეტრი იმპორტირებული იყო, 200 მილიარდი კუბური მეტრი კი ევროპაში წარმოებული. მომავალი 10-15 წლის განმავლობაში გაზის მოხმარება 500 მილიარდი კუბური მეტრიდან 700 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. პარალელურად, ევროპული წარმოება დაიკლებს - 200 მილიარდი კუბური მეტრიდან 100-მდე ჩამოვა. ამდენად, მომავალში 600 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტირება გახდება აუცილებელი, დღევანდელი 300 მილიარდი კუბური მეტრისგან განსხვავებით. შესაბამისად, გაზის იმპორტი გაორმაგდება და ტრანსპორტირების საჭიროებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.”

ასევე გაიზრდება გაზის მიმწოდებელთა დივერსიფიკაციის აუცილებლობა და ასეთ ქვეყნებს შორის, შესაძლოა, ირანიც აღმოჩნდეს.

ვაშინგტონი ირანს უწოდებს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყანას, რომელიც, შესაძლოა, საიდუმლოდ ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდეს. მაგრამ გაზის სამომავლო მიწოდების საკითხზე საუბრისას - და იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ექნება თუ არა შუა აზიას საკმარისი გაზი იმისათვის, რომ ევროპას სითბო შეუნარჩუნოს - მიჩეკი ამბობს, რომ, პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ირანი, სავარაუდოდ, ნაბუქოს პროექტის ერთ-ერთი მიმწოდებელი იქნება:

[მიჩეკი]
”ირანს და თურქეთს გაზსადენი აკავშირებს და ირანიდან თურქეთში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შედის ყოველწლიურად. ჩვენ ვიცით, რომ ირანს სურს გააუმჯობესოს და გაზარდოს ტრანსპორტირების შესაძლებლობები სამხრეთიდან ჩრდილოეთში - სამხრეთის ფარსის მინდვრებიდან თეირანში და, ასევე, თურქეთის საზღვარზეც. ამდენად, მე ვთვლი, რომ ირანმა, შესაძლოა, ბუნებრივი გაზი ევროპაში დაინტერესებულ მყიდველსაც შესთავაზოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ნაბუქო გაზის მყიდველი არ არის, ნაბუქო მხოლოდ გაზსადენის გამოყენებას გახდის შესაძლებელს აღმოსავლეთ თურქეთის საზღვრიდან ან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან და ირანისა და თურქეთის საზღვრიდან.”

ევროპა ამ დრომდე თავს არიდებს ირანთან ენერგეტიკული შეთანხმებების გაფორმებას. მაგრამ ენერგეტიკაზე მზარდი მოთხოვნილება ზოგიერთ კომპანიას იძულებულს ხდის გადახედოს ურთიერთობას ირანთან, რომელსაც, არსებული შეფასებით, 23 ტრილიონი კუბური მეტრი გაზი აქვს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა შვეიცარიულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ირანთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

შეერთებულმა შტატებმა ეს შეთანხმება გააპროტესტა, თუმცა, შვეიცარიის წარმომადგენლების თქმით, ირანის ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების ჩადებას ამჟამად საერთაშორისო სანქციები არ კრძალავს. ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს შემთხვევა ერთგვარ პრეცედენტს დაამკვიდრებს და ირანთან შეთანხმებებს სხვა ევროპული კომპანიებიც გააფორმებენ. რაინჰარდ მიჩეკი კი აცხადებს, რომ თუ ეს მართლა მოხდა, ნაბუქოს გაზსადენი მზად იქნება გაზი ევროპამდე ჩაიტანოს.

ირანის გარდა, ნაბუქოს პროექტი ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად კასპიის რეგიონს ხედავს.

გაზი, მოგეხსენებათ, კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე აზერბაიჯანსაც აქვს. მაგრამ ამაზე დიდი რაოდენობით გაზი ზღვის მეორე მხარეს მოიპოვება:

[მიჩეკი]
”მე ვიტყოდი, რომ თურქმენეთისა და ყაზახეთის გაზი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც აზერბაიჯანის, ახლო აღმოსავლეთის ან სხვა რეგიონების გაზი. ჩვენ ვიცით, რომ თურქმენეთში რესურსების დიდი პოტენციალი არსებობს. ნაბუქოს პროექტში ჩართულ კომპანიებს წარმომადგენლობები აქვთ ყაზახეთში. ამდენად, ჩვენ ვიცით, რომ იქ მოპოვების და წარმოების პოტენციალი ძალიან მაღალია.”

ნაბუქოს მესვეურებს იმედი აქვთ, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ტრანსკასპიური გაზსადენის შესახებ, რომელიც თურქმენეთიდან ყაზახეთში ზღვის ფსკერზე გაივლის. მიჩეკის თქმით, ეს პერსპექტივა ოპტიმისტურად გამოიყურება და არც ევროპელი კომპანიების დაინტერესება იქნება რთული ამ პროექტში ინვესტიციების ჩასადებად.

ამჟამად ევროკავშირი იმპორტირებული გაზის დაახლოებით 25 პროცენტს გაზპრომისგან იღებს - კომპანიისგან, რომელსაც, მოგეხსენებათ, გაზის ექსპორტის საკითხი არაერთხელ გამოუყენებია პოსტსაბჭოთა მეზობლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ იარაღად. ევროპის სურვილი შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულების ხარისხი, ნაწილობრივ სწორედ ამით არის განპირობებული.

ამასთან, გაზპრომი აპირებს ააგოს ახალი გაზსადენი - ”სამხრეთის ნაკადი”, რომელიც დიდწილად ნაბუქოს მარშრუტს იმეორებს. მედიაში ბევრი ითქვა ამ ორი გაზსადენის პროექტის შესახებ - ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მათგან რეალურად მხოლოდ ერთი განხორციელდება.

თუმცა რაინჰარდ მიჩეკი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ევროპაში გაზზე მოთხოვნილება იმდენად გაიზრდება, რომ მიწოდებისთვის ორივე გაზსადენის გამოყენება გახდება საჭირო.

მიჩეკის თქმით, ევროპულ კომპანიებსა და გაზპრომს შორის კონტრაქტების გაფორმებაზე მართლაც არსებობს კონკურენცია, თუმცა ისინი თანამშრომლობენ კიდეც. მიჩეკს ამის მაგალითად მოჰყავს ”ცისფერი ნაკადის” გაზსადენი, რომელსაც რუსული გაზი შავი ზღვის გავლით თურქეთში ჩააქვს და რომელიც, შესაძლოა, მომავალში ნაბუქოს მიმწოდებლადაც იქცეს:

[მიჩეკი]
”თუ ”ცისფერ ნაკადს” განვიხილავთ, ის თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიმწოდებელ ხაზს წარმოადგენს. იმ ასპექტის გათვალისწინებით, რომ თურქეთიდან ევროპაში ჯერჯერობით გაზსადენით კავშირი არ არსებობს, ამ ეტაპზე ის, უბრალოდ, გაზსადენია, რომელიც გაზს თურქეთს აწვდის. მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ - როდესაც ნაბუქოს გაზსადენი ამუშავდება, მაშინ, რასაკვირველია, მას გაზი ”ცისფერმა ნაკადმაც” შეიძლება მიაწოდოს მისი ტრანსპორტირების მიზნით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, ავსტრიასა და ევროპის სხვა რეგიონებში.”

მეტიც - ნაბუქოს გაზსადენის პროექტის ხელმძღვანელი რაინჰარდ მიჩეკი ფიქრობს, რომ ევროპაში გაზზე მზარდი მოთხოვნილება მომავალში კიდევ უფრო მეტი ახალი გაზსადენის აშენებას გამოიწვევს.






  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG