Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HSBC საქართველოს ბაზარზე დაბალპროცენტიანი კრედიტებით შემოვიდა


ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესი ევროპული ბანკი HSBC (ეიჩ-ეს-ბი-სი) საქართველოში დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემას იწყებს.

ეს მაშინ, როდესაც საქართველოს საბანკო სფეროში კრედიტების საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა და მთელ მსოფლიოში საკრედიტო რესურსების დეფიციტია. რის საფუძველზე აპირებს უმსხვილესი ევროპული ბანკი საქართველოში დაბალპროცენტიანი საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებას და რას მოუტანს ეს საქართველოს საბანკო ბაზარს?

ბოლო წლებია საქართველოს საბანკო ბიზნესი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ადგილობრივი ბანკები სულ უფრო მეტ მომსახურებას სთავაზობენ ინდივიდუალურ თუ კომერციულ მომხმარებელს. საბანკო სფეროს განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ გაიაფებული საკრედიტო რესურსით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეთა სულ უფრო ფართო ფენამ დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ კი კრედიტების საპროცენტო განაკვეთის გაიაფების ტენდენცია გაძვირებით შეიცვალა. ამ დღეებში კი უმსხვილესი ევროპული ბანკის ეიჩ-ეს-ბი-სის საქართველოს ფილიალმა დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა გამოაცხადა. ეიჩ-ეს-ბი-სი საქართველოს გენერალური დირექტორის ენტონ ტერნერის განცხადებით, ყველაზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 17 პროცენტს შეადგენს:

[ენტონ ტერნერის ხმა] ”ვფიქრობ, ჩვენი ინტერესი იქნება ორი ძირითადი სეგმენტი - საკრედიტო ბარათები და იპოთეკური სესხები, რომელთა მოცულობა 50 ათასიდან 500 ათასი ლარის ფარგლებს არ გადააჭარბებს. ჩვენი სტრატეგია ასეთია: მრავალ მილიონიან კრედიტებს არ გავცემთ, გვირჩევნია სანდო მოქალაქეებს ვასესხოთ შედარებით მცირე თანხები.”

ენტონ ტერნერის განცხადებით, ეიჩ-ეს-ბი-სი საქართველო იაფფასიან საკრედიტო რესურსებს თავისი სათავო ოფისებიდან მოიზიდავს და, შესაბამისად, მათ დაბალი საპროცენტო განაკვეთით გაასესხებს.

ბაზრის ზოგიერთმა მოთამაშემ ეიჩ-ეს-ბი-სის ამ გადაწყვეტილებაში ბაზრის დესტაბილიზაციის საშიშროება დაინახა, თუმცა საჯაროდ ეს შეშფოთება არავის გამოუთქვამს. ამ ბრიტანული კომპანიის საპროცენტო განაკვეთებში საშიშროებას ვერ ხედავს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გიორგი ქადაგიძე:

[გიორგი ქადაგიძის ხმა] ”მე არა მგონია, რომ ეიჩ-ეს-ბი-სიმ დაბალპროცენტიანი კრედიტი გასცეს ისეთი პროცენტით, როგორითაც ის ოპერირებს ევროპის და ამერიკის ბაზრებზე. თუ ის იქნება დაბალ პროცენტიანი, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია.”

დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოჩენაში საფრთხეს ვერც ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი ხედავს. მისი აზრით, ეიჩ-ეს-ბი-სი საქართველოს კრედიტების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში დიდად არ განსხვავდება ადგილობრივი ბანკების განაკვეთებისგან:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”ჯერჯერობით ვერ ვხედავ რაღაც ისეთი დიდი განსხვავება იყოს პროცენტებში, რომ რაღაც კატასტროფა გამოიწვიოს. ეიჩ-ეს-ბი-სი ორიენტირია ქართული ბანკებისთვის. თუმცა ჯერჯერობით მე ეიჩ-ეს-ბი-სის მომხმარებელი არ გავხდები კომფორტის თვალსაზრისით.”

ჯერჯერობით ეიჩ-ეს-ბი-სი საქართველოს ბაზრის 1 პროცენტსაც არ ფლობს, რადგან სულ ახლახან დაიწყო საქმიანობა. მას საქართველოში მოქმედ ადგილობრივ ბანკებთან სრულფასოვანი კონკურენციის გასაწევად ჯერჯერობით არც ინფრასტრუქტურა გააჩნია. ეიჩ-ეს-ბი-სი საქართველოს ხელმძღვანელების განცხადებით, ისინი ნელ-ნელა შეეცდებიან დამკვიდრებას და ვარაუდობენ, რომ ბაზრის ჯერ 5-ს, შემდეგ კი 10 პროცენტს დაიკავებენ. გაცნობებთ, რომ 14 წლიანი მუშაობის შემდეგ სომხეთში ეიჩ-ეს-ბი-სი ბაზრის 30 პროცენტის მფლობელი და ყველაზე მსხვილი ბანკი გახდა.
XS
SM
MD
LG