Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის ბრძოლა ეფექტიანი


შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა წარმოებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2008 წლის ხუთ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლები დანაშაული მოხდა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი გაიზარდა, თუმცა, ამგვარი წარმატებების მიუხედავად, სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს ისეთი დანაშაულის მატება, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. თანაც ამ ტიპის დანაშაულის ზრდა უცნაურად დაემთხვა ოპოზიციის აქტივისტების გახშირებულ ცემასა და გატაცებას. ასევე შექმნილი მდგომარეობის სირთულეზე მეტყველებს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ავტომობილის აფეთქება. არის თუ არა დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის ბრძოლა ეფექტიანი?

"მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელიც 24 ივნისს ლესელიძის ქუჩაზე - სასტუმრო „მეიდან-პალასის“ წინ - აფეთქდა, კომპანია ''სელფორდ ჯორჯიას'' გენერალურ დირექტორს ირაკლი რუხაძეს ეკუთვნოდ ( სხვათა შორის, „სელფორდ-ჯორჯიას“ მსხვილი აქციონერი იყო ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ბიზნესმენი, აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილი). არც დაზარალებული და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. არადა, ინციდენტი დილის 11 საათზე ხალხმრავალ ადგილას მოხდა.

[მოქალაქის ხმა] „ორგანიზაციის შენობაში ვიყავი, როცა ჰაერში აიწია მანქანა. იმისთანა ძლიერი ხმა იყო, რომ ყველანი გარეთ გამოვცვივდით. რა იყო და რა მოხდა, ამას, ალბათ, ექსპერტიზა და პოლიცია გაარკვევს.“ (სტილი დაცულია)

პოლიციაში მართლაც აცხადებენ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რომ მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა პოლიცია დაახლოებით ამავე შინაარსის განცხადებებით შემოიფარგლებოდა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, როცა ნიღბიანი ადამიანები სატიკად უსწორდებოდნენ ოპოზიციის აქტივისტებს. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ეჭვობს, რომ პოლიცია დანაშაულის გახსნით იყოს დაინტერესებული:

[სოზარ სუბარის ხმა] „ჩვენ თვითონ ამ ადამიანებს, ორის გარდა, ჩამოვართვით ახსნა-განმარტებები. ყველა დანაშაული ჩადენილია მკაფიოდ გამოხატული ერთი ფორმით. რაც შეეხება გამოძიებას, იგი დაწყებულია, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქმეები გამოუძიებელი დარჩება. იმიტომ რომ, ვინც უნდა გამოიძიოს, მგონია, რომ მისივე ჩადენილია ეს დანაშაული და, ბუნებრივია, ისინი არ გამოიძიებენ.“(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარმა ამგვარი ვარაუდი „ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილის გატაცების ფაქტის გაანალიზების შემდეგ გამოთქვა. საქმე ის არის, რომ დავითაშვილი, რომელიც 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის შემდეგ გაიტაცეს, ეგრეთ წოდებულ დახურულ ობიექტზე - ჰოსპიტლის ტერიტორიაზე - აღმოჩნდა:

[კობა დავითაშვილის ხმა] „მოხდა ადგილზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია ხალხმა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ფაქტიურად, მძევლად აეყვანათ და მისი დახმარებით გაეკეთებინათ საქმე. მიმიყვანეს გორში, სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სამოქალაქო პირებს არ უშვებენ.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ამგვარი გარემოების მიუხედავად, კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული დღემდე გაუხსნელია, ისევე როგორც გაუხსნელია ახალი მემარჯვენეების აქტიური წევრის, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის გიორგი თავდგირიძის, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდლის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გიორგი შერვაშიძისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის, ზურაბ გიგუაშვილის, ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. არადა, ორიოდე წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ასეთ დამაიმედებელ განცხადებას აკეთებდა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „საქართველოში ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვეღარ დაატერორებენ. ჩვენ არ შევდრკებით, გავაათმაგებთ მუშაობას და ვიქნებით აქტიურები, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები.“

თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეების ინტერესების დაცვა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება. ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ საქართველოში შექმნილი კრიმინოგენური მდგომარეობა საგანგაშოა. მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს დანაშაულის გახსნის დაბალი მაჩვენებელი:

[გია მეფარიშვილის ხმა] „დარეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა დიდია ძალიან, ხოლო გამოვლენილ დანაშაულთა რაოდენობა (როცა დამნაშავე დადგინდა) არის ძალიან დაბალი - სხვათა შორის, გაცილებით დაბალი, ვიდრე არის აღმოსავლეთ ევროპაში. ევროპის ქვეყნებში საშუალო სტანდარტი არის 35-40 პროცენტი, განვითარებულ ქვეყნებში - 55-60 პროცენტი. საქართველოში კი წელს არის 23 პროცენტი, რაც, დამეთანხმებით, რომ შემაშფოთებელია.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG