Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”საუკეთესო ვარიანტი პირდაპირი დიალოგია” - ამ სათაურით ”24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზასთან,

რომელიც ამბობს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები შიშს ბადებს, რომ სასაცილოა როკის გვირაბის ერთობლივი მონიტორინგის არარსებობა და რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები აშკარა პროვოკაციაა. ”აღნიშნული კონფლიქტები მთელი ეს წლები გაყინული იყო, მაგრამ თავად რუსეთმა, თავისი ქმედებებით, მათი გალღობა დაიწყო. ჩვენ, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რათა რუსეთმა არა მხოლოდ არ ჩაშალოს პირდაპირი დიალოგის პროცესი, არამედ მოუწოდოს აფხაზებს პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ ქართულ მხარესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან საშიშ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და საქართველოს ხელისუფლება მოვლენათა განვითარების ორი მიუღებელი სცენარის წინაშე დადგება: ან დაუშვას აფხაზების გააქტიურება, ან თავად მიიღოს მკაცრი ზომები, რაც, ალბათ, არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის”, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”დასავლეთი გვირჩევს თავის შეკავებას და ამასობაში თავად ცდილობს რუსეთთან მოლაპარაკებას. მაგრამ ჩანს, რომ ჯერჯერობით ამ მოლაპარაკებას რუსეთთან შედეგი არა აქვს. რუსეთი ახალ-ახალ ნაბიჯებს დგამს, ერთი მხრივ, საქართველოს გასაღიზიანებლად და იმისათვის, რომ აფხაზეთი რაც შეიძლება დამოკიდებული გახადოს მასზე”, - ამბობს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა დღევანდელი ”რეზონანსის” მთავარი თემა გუშინ, შუადღისას, თბილისის ცენტრში მომხდარი აფეთქება გახლავთ. პირველ გვერდზე წაიკითხავთ სათაურს: ”რა კავშირი აქვს აფეთქებას პატარკაციშვილის ოჯახთან? ირაკლი რუხაძე, რომელიც პატარკაციშვილის აქტივებს მართავდა, დღესაც ოჯახის მხარესაა” - სათაური გაზეთისთვის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გოგა ხაინდრავას მიერ მიცემულ კომენტარს ეფუძნება. ”რეზონანსმა” მომხდარზე აზრის გამოთქმა სთხოვა ექსპერტ გია ხუხაშვილსაც, რომელიც ამბობს: ”ვფიქრობ, რომ ამ აფეთქების მიზანი არ იყო ირაკლის ფიზიკური განადგურება. უბრალოდ, ეს იყო გაფრთხილება. მე არა ვარ გამომძიებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი დაშინება აწყობს და, პირველ რიგში, ეჭვმიტანილები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, ვინც პატარკაციშვილის ქონებაზე აცხადებენ დაუსაბუთებელ პრეტენზიებს. მე არ ვამბობ, რომ ეს უეჭველად ის ადამიანები არიან, მაგრამ ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს”, - ამბობს ხუხაშვილი.

”ვერსია” ნინო ბურჯანაძეზე წერს: ”ერთ-ერთი მისი ყველაზე სუსტი წერტილი, ალბათ, მისი გუნდი იქნება. ძნელი დასაჯერებელია, რომ საინტერესო და საქმიან გუნდს შექმნის. იგი შეეცდება დასავლეთსაც მოაწონოს თავი, შეეცდება დასავლეთისთვის გახდეს მშვიდობის პარტიის ლიდერი, ”ნაციონალები” კი ომის პარტიად დააფიქსიროს. ბურჯანაძე შეეცდება ამაზე ითამაშოს. ამ კარტის გათამაშების სურვილი მან ერთხელ უკვე დააფიქსირა. მის გარემოცვაში ხშირად გაიგებთ, რომ ნინო სიების გამო კი არ გადადგა, გადადგა იმიტომ, რომ არ უნდოდა ომი აფხაზეთში. გვიამბობენ, რამდენჯერ და როგორ შეუვარდა სააკაშვილს კაბინეტში და სოხუმისკენ მიმართულ ქართულ იარაღს მიმართულება შეუცვალა”, - წერს ”ვერსია” ნინო ბურჯანაძის შესახებ.

”ვერსიაში” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ პარტია ”იმედის” ლიდერ ირინა სარიშვილთან, რომელიც, გაზეთის ცნობით, გააქტიურებას სასექტემბროდ გეგმავს. ”პარლამენტის დატოვებას აზრი ერთადერთ შემთხვევაში ჰქონდა, თუკი მანდატებზე ყველა ოპოზიციონერი უარს იტყოდა და ქუჩის აქციები აღარ დაიშლებოდა. ამათ კი ალტერნატიული ორგანოსთვის შენობის ძებნა დაიწყეს. ოპოზიციას ხალხი სახლში აღარ უნდა გაეშვა, რისკზე უნდა წასულიყო და რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა. ახლა ყველაზე კარგ მდგომარეობაში ”რესპუბლიკელები” არიან, რომლებიც გარეთ მარტონი არ დარჩენილან და, შესაძლოა, ახალი ოპოზიციური ძალა ამ პარტიის ირგვლივ ჩამოყალიბდეს”, - ამბობს სარიშვილი, რომელსაც ”ვერსიის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის ძალების რეორგანიზაცია, გადაწყობა, გადაჯგუფება და ახალი ძალებით შეტევა... ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომი უნდა მოვიგოთ”, - ამბობს კახა კუკავა ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს: ”საერთოდ, ყველა ბრძოლას ვერავინ იგებს... ჩვენ შევძელით სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება გარკვეულ დონეზე, მაგრამ რაღაც მომენტში, ვფიქრობ, ჩვენც მოვეშვით. საერთოდ, 21 მაისისთვის ოპოზიცია ბოლომდე მზად არ იყო”, - ამბობს კუკავა, რომელთან ინტერვიუსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს.

”საქართველო სიღარიბის გარეშე - ეს არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა და მას არავითარი შინაარსი არ გააჩნია” - ლადო პაპავას სიტყვები გახლავთ ეს. მას ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა. პაპავა ამბობს: ”სიღარიბე, როგორც ფარდობითი მოვლენა, ყველა ქვეყანაშია. რაც შეეხება ინფლაციას, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, რაზეც სჭირდება მთავრობას ყურადღების გამახვილება”, - აცხადებს პაპავა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG