Accessibility links

logo-print

ევროკავშირისა და რუსეთის სამიტის დაწყების წინ რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი მიიღო


საქართველომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროკავშირისა და რუსეთის სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შესვლას.

სამიტი ქალაქ ხანტი- მანსიისკში 26-27 ივნისს მიმდინარეობს.. საქართველო ელოდა და ელის, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებით ევროპის კავშირისა და შეერთებული შტატების მზარდი დაინტერესება რუსეთს აიძულებს შეცვალოს ბოლოდროინდელი ხისტი პოლიტიკა საქართველოს ამბოხებული რეგიონების მიმართ.. თუმცა უშუალოდ სამიტის წინ მომხდარმა ფაქტმა ბევრი დააეჭვა იმის მოლოდინის საფუძვლიანობაში, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პრობლემის შემქმნელის რეპუტაციას პრობლემის მომწესრიგებლის რეპუტაციას ამჯობინებს: რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედვემა მოსკოვში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მიიღო...

სერგეი ბაღაფში, რომელსაც დმიტრი მედვედევთან გამართული შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობაში კრემლის პრეს-სამსახური აფხაზეთის პრეზიდენტად მოიხსენიებს, მოსკოვში 2 დღის წინ ჩავიდა. თავდაპირევლად ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს.. შეხვედრა ბაღაფშთან უშუალოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინიმ გამართა.. მოგვიანებით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურს თვით რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა... ამ შეხვედრის შესახებ გავრცელებული ცნობა ძალიან მოკლედ იუწყება, რომ საუბრის დროს განხილულ იქნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები.. ამასთან, კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ პრობლემის მოწესრიგების გზაზე პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მხარეთა შორის ადრე მიღწეული შეთანხმებების დაცვა - უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის 1994 წლის მაისის შეთანხმების. სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში მშვიდობა მთლიანად რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერაა უზრუნველყოფილი და გამოხატა მადლიერება რუსეთის ფედერაციის მიმართ აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის გამო. ამ შეხვედრას თბილისში პროვოკაციული ელფერის მქონე შეხვედრა უწოდეს... თუმცა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას არ გამორიცხა, რომ მოსკოვში გამართული პროვოკაციული ელფერის შეხვედრა, იმავდროულად, სხვა ნიშნის მატარებელიც იყოს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ” მე მგონია, რომ თუკი ევროკავშირიდან ზეწოლა იზრდება, რუსეთი დაიწყებს ზრუნვას გამოსავლის ძებნაზე იმ თვალსაზრისით, რომ გამოვიდეს უხერხული მდგომარეობიდან. ვარაუდის დონეზე ვიძახი, რომ შეიძლება რუსეთმა დაიწყოს ზრუნვა აპრილ-მაისში გადადგმული ნაბიჯების შეცვლაზე, მაგრამ თან ამის გაკეთება ისე უნდა, რომ რამენაირად სახე შეინარჩუნოს.. ”(სტილი დაცულია)

რუსეთმა საკუთარი ქმედებებით გამოააშკარავა პრობლემის შემქმნელის სახე... საქართველოს ხელისუფლება უტოვებს მას შანსს ეს რეპუტაცია პრობლემის მომწესრიგებლის რეპუტაციით შეიცვალოს და ამისთვის, პირველ რიგში, პუტინის 16 აპრილის ცნობილი გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს. საქართველოს მოთხოვნები დმიტრი მედვედევს ამ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრისას გააცნო, უშედეგოდ. ამ ზაფხულს რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები მეორე ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ.. რუს პოლოტოლოგ სერგეი მარკედონოვს ნაკლებ მოსალოდნელად მიაჩნია, რომ მომავალმა შეხვედრამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში სერიოზული ცვლილება შეიტანოს.. ” თუ საქართველო ელის, რომ რუსეთი მას დაუთმობს აფხაზეთს, ეს არასდროს მოხდება..პუტინის 16 აპრილის განკარგულება ის წერტილია, რომლსაც მედვედევი ვერ უგულებელყოფს. ამგვარ ნაბიჯს მას რუსეთში წაგებად ჩაუთვლიან” - ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს რუსი პოლიტოლოგი სააგენტო ”ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ევროკავშირის და რუსეთის სამიტის დაწყების წინ რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიღებამ ქართველ ექსპერტებში სკეპტიციზმი გააძლიერა.. პოლიტოლოგმა არჩილ გეგეშიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ეს ფაქტი უფრო იმის ნიშნად მიიჩნია, რომ რუსეთი ახლო მომავლისთვის არ გეგმავს აფხაზეთის მიმართულებით პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას. არჩილ გეგეშიძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის გააქტიურება - მათ შორის, ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე საქართველოს საკითხის დასმა - შედეგებს უმალვე ვერ მოიტანს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” ჩემი აზრით, არც უნდა მოველოდეთ პირველივე სამიტის შემდეგ ცვლილებებს. ეს უნდა იყოს პროცესი, კარგად გათვლილი, კოორდინირებული, მათ შორის - ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. რუსეთის გადარწმუნებასაც დრო სჭირდება.. ”

მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ჩქარობს.. დასავლეთს ისედაც დააგვიანდა იმის გაცნობიერება, რომ რუსეთი აფხაზებსა და ქართველებს შორის ნეიტრალური შუამავლი არ არის. ოფიციალური თბილისი მედვედევის და ბაღაფშის შეხვედრას ამის კიდევ ერთ ნათელ გამოხატულებად მიიჩნევს.. ”სეპარატისტ ლიდერებს ასე აშკარად, კამერების წინ, ვლადიმირ პუტინიც კი არ შეხვედრია”,- განაცხადა 26 ივნისს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამ.. თუმცა შეხვედრა კამერების მიღმა იყო: ვლადიმირ პუტინმა 2005 წლის აპრილში სოჭის რეზიდენციაში ერთდროულად ორი სეპარატისტი ლიდერი მიიღო - ბაღაფში და კოკოითი. მკაცრად გასაიდუმლოებული ამ შეხვედრის შესახებ ცნობები მოგვიანებით გავრცელდა.. მანამდე პუტინი არასაიდუმლოდ, ასე ვთქვათ, საჯაროდ, ისევ სოჭში, რაულ ხაჯიმბას შეხვდა, როცა ის აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

XS
SM
MD
LG