Accessibility links

logo-print

ეჭვები ტელეკომპანია ”მზის” რეორგანიზების პროცესის შესახებ


26 ივნისს ტელეკომპანია ”მზის” ეთერში საინფორმაციო გამოშვებები აღარ გასულა.

უკვე ცნობილია, რომ რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და ”მზე” პროფილის შეცვლას გეგმავს. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელეარხის სამომავლო მიმართულება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად განისაზღვრება. მოვლენათა ამგვარ განვითარებას გარკვეული წრეები თავისუფალი სიტყვის შევიწროებად აღიქვამენ. მეთვალყურეები კი ფიქრობენ, რომ მსგავსი ეჭვები მედიის გაშემო არსებული საერთო ფონით არის განპირობებული.
ტელეკომპანია ”მზის” ეთერი ამიერიდან მხოლოდ ბიზნეს-პროგრამებს, შემეცნებით-გასართობ გადაცემებსა და ფილმებს დაეთმობა. მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება საინფორმაციო გამოშვება ”მზერა”, რომელიც ეთერში ყოველ საათში ერთხელ გადიოდა.
(მზერა - მუსიკა )
”მზისთვის” ”მზერის” ჩამოშორების იდეის ავტორებად არხის ხელმძღვანელობა და მფლობელები სახელდებიან. როგორც მათ მიერ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, "მზე" შედის ჰოლდინგში, სადაც უკვე არსებობს მისი მსგავსი პროფილის ტელევიზია და არ შეიძლება ჰოლდინგში ერთნაირი პროფილის მედიასაშუალებები შედიოდეს. "მარკეტინგისთვის მიუღებელია ორი მსგავსი ტიპის ტელევიზიის არსებობა ერთ ჰოლდინგში," - განაცხადა ჰოლდინგის ხელმძღვანელმა ზაზა თანანაშვილმა.
თუმცა აქვე ვთქვათ, რომ ტელეკომპანიები ”მზე” და ”რუსთავი 2” უკვე კარგა ხანია ერთი და იმავე მფლობელების ხელშია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, აქციები თითქმის თანაბარი პროპორციით არის გადანაწილებული ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა” და ”გეო მედია გრუპს” შორის. მეთვალყურეები ვარაუდობენ, რომ ტელეკომპანია ”მზე” საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას ვეღარ მიიღებს და, შესაბამისად, საინფორმაციო გადაცემების ეთერში გაშვებას სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ ტელეკომპანია ”მზესთან” დაკავშირებით ამჟამად ”კომისიაში არავითარი ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს” და ის, რაც ხდება, არხის შიდა საკითხებია. აქვე გეტყვით, რომ რადიო ”თავისუფლების” მიერ დასმულ მომდევნო შეკითხვებზე პასუხების მოსაძიებლად კომისიის პრეს-სამსახურმა დრო ითხოვა.
ტელეკომპანია ”მზის” ეთერში საინფორმაციო გამოშვებების გაუქმებას ბევრი მხოლოდ მარკეტინგის მოთხოვნებს არ მიაწერს. მათ შორის არის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, რომელიც ბოლოდროინდელ დაკვირვებას გვიზიარებს:
(გიორგი გუგავას ხმა) ”მზემ ბოლო პერიოდში, საინფორმაციო გამოშვებებს ვგულისხმობ, აქცენტები გააკეთა მწვავე სოციალურ პრობლემებზე. წარმოაჩინა სიღრმისეულად ეს პრობლემატიკა. აი, ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა მზის საინფორმაციო პოლიტიკაში სწორედ ეს აქცენტები.” (სტილი დაცულია)
გუგავა ვარაუდობს, რომ სოციალური პრობლემების წამოწევამ ხელისუფლებაში ვიღაც-ვიღაცები გაანაწყენა და ამას შესაბამისი ნაბიჯი, კერძოდ, საინფორმაციო გადაცემის დახურვა მოჰყვა.
მეთვალყურეების აზრით, რომ არა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ბოლო დროს გააქტიურებული კამათი, მითქმა-მოთქმა და არასახარბიელო საერთო ფონი, ამა თუ იმ ტელეარხის მარკეტინგულ მოსაზრებებს ეჭვქვეშ არავინ დააყენებდა. მედიასა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საერთო ფონს საკმაოდ საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი:
(სოზარ სუბარის ხმა) ”ვარდების რევოლუციის შემდეგ კანონმდებლობის დონეზე არის სერიოზული წინსვლა, მაგრამ პრაქტიკა არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მხარეს. სიტყვის თავისუფლება ახლა არის თითქმის სრულიად კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ და მცდელობა, რომ სრულად გაკონტროლდეს, არის ასევე ძალიან სერიოზული.” (სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG