Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აწამებენ თუ არა ადამიანებს საქართველოში


26 ივნისს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

საქმე ისაა, რომ ზუსტად ოცდაერთი წლის წინ, 1986 წლის 26 ივნისს, ამოქმედდა გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ადამიანის წამება ან დამცირება. წამებას და არაჰუმანურ მოპყრობას ასევე კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, საქართველოში დღემდე აწამებენ ადამიანებს. რა არის წამება და ვინ გვევლინება ყველაზე ხშირად ჯალათის როლში?

განმარტების თანახმად, წამება არის გარკვეული მიზნით განხორციელებული ისეთი ქმედება, რომელიც ადამიანს აყენებს მძიმე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტკივილს. წამება მიზნად ისახავს არა მსხვერპლის მოკვლას, არამედ მის მორალურ დაცემას.

[სოსო პაპუშვილის ხმა] „მიშველეთ, ვიტანჯები! მიშველეთ! ხალხი ხომ ხართ, დამეხმარეთ!..“

ეს ახალგაზრდა, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქციაში წამების მსხვერპლის როლს თამაშობს, იურისტი სოსო პაპუაშვილია. მისი თქმით, კანონის გამკაცრების მიუხედავად, საქართველოში ადამიანებს დღემდე აწამებენ, რისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა სახის მეთოდი და იარაღი, რომელთა ჩამონათვალი, თუ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს უჩა ნანუაშვილს დავუჯერებთ, წლიდან წლამდე უცვლელია:

[უჩა ნანუშვილის ხმა] „ესენია: ხელბორკილები, ეგრეთ წოდებული „დუბინკა“, აირწინაღი, ელექტროშოკის აპარატი, ანუ ნივთები, რომლებიც კვლავ მოქმედებაშია და კვლავ გამოიყენება ადამიანთა საწამებლად. გვინდა მივაქციო საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღება იმ პრობლემაზე, რომ არსებობენ წამების მსხვერპლნი საქართველოში, რომ წამებას კვლავ აქვს ადგილი და საჭიროა მეტი ყურადღება და ზრუნვა ამ ადამიანებისადმი.“(სტილი დაცულია)

ამ ადამიანებზე, ანუ წამების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე, ზრუნვა იმიტომაცაა საშური, რომ, როგორც წესი, ისინი ვერ ბედავენ ხმის ამოღებას. ლელა ცისკარიშვილი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ საშუალო სტატისტიკური მსხვერპლი გრძნობს დანაშაულსა და სირცხვილს, რაც გამოწვეულია მის მიერ გადატანილი დამცირებით.

[ლელა ცისკარიშვილის ხმა] „ისეთი ზემოქმედება აქვს წამებას ადამიანის ფსიქიკაზე, სხეულზე, რომ იგი თავის თავში იკეტება და ცდილობს თავი აარიდოს გარესამყაროსთან ზედმეტ კონტაქტებს. გვყავს ყოფილი პატიმრები... მეტი წილი მსხვერპლი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდანაა, არადა ადრე მეტი ნაწამები იყო პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში... ძირითადა ადგილი აქვს სასტიკ ცემას, ზემოდან ფეხებით დახტომას, ხელებში ხელკეტის ჩარტყმას ჟა ასე შემდეგ...“

თუმცა, ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად, სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ ზოგადად უკანასკნელი წლების განმავლობაში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას სულ უფრო იშვიათად აქვს ადგილი. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით რიგითი თბილისელები?

[ქალბატონის ხმა] „თუ ხმას ამოიღებენ, ალბათ, აწამებენ, მაგრამ გაჩუმებულია ყველა, პირი აიკერა ხალხმა და ამიტომ ვერ აწამებენ, უფრო სწორად აღარ აწამებენ“.

[მამაკაცის ხმა] „ადრე კი სცემდნენ, ვიღაცა პატარა რამეს დააშავებდა და ამის გამო ურტყამდნენ. ახლა ეგეთი რამეები აღარ არის“.

[ქალბატონის ხმა] „წამება და ადამიანის წვალება იყო შევარდნაძის დროს. რა შედარებაა! შედარება არ შეიძლება იმ პერიოდთან“.

შევარდნაძის პერიოდთან შედარება მართლაც არ შეიძლება, თუმცა როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, თავი იჩინა სულ სხვა ტიპის პრობლემამ.

[სოზარ სუბარის ხმა] „მართალია წამებამ იკლო, მაგრამ როცა წამების საქმებია გამოსაძიებელი, გამოძიება ან არ ხდება, ან არასრულყოფილად ხდება. აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია, რომ გამომძიებელი, სასამართლო, ბრალდება დგას მწამებლის მხარეს. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მწამებელი არ დაისაჯოს ან საჯელი იყოს მინიმალური. მაგალდითად, ახალგორში არასრულწლოვანი ბავშვების წამებისთვის ორი პოლიციელს მისაჯათ პირობითი სასჯელი, ანუ მათ ციხეში არ გაუტარებიათ არცერთი დღე და აკმარეს მინიმალური ფულადი ჯარიმა, მაშინ როცა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, რაც 15 წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს“.

პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე და მათ შორის პოლიციელიც თანაბარია. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის თქმით, კანონის დარღვევის გამო არაერთმა პოლიციელმა აგო პასუხი.

[შოთა ხიზანიშვილის ხმა] „სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის პოლიციელები განთავისუფლდენენ სამსახურიდან. ნაწილს დისციპლინარული სასჯელი მიესაჯა, ნაწილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, ნაწილი კი დააკავეს“.

თუმცა, 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღეს ითქვა, რომ სამინისტროსა და ხელისუფლების ძალისხმევა არასაკმარისია. ასევე ითქვა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილე მსხვერპლსა და ჯალათს აკლდათ დამაჯერებლობა, რაც ბუნებრვია, აქციის მნივშნელოაბას სულაც არ აკნინებს. ორგანიზატორთა თქმით, მთავარია, რეალურ ცხოვრებაში არ იყვნენ ჯალათები და მართლა არ აწამებდნენ ადამიანებს.

[„მსხვერპლის“ ხმა]„მიველეთ! ხალხო, გამათავისუფლეთ...“

[„ჯალათის“ ხმა] „მე მაქვს მწვალებლის როლი და უნდა დავანახო აქ შეკრებილებს ის, თუ როგორ აწამებენ უსამართლო ადამიანები სხვა ადამიანებს.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG