Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვიან ნარკომანიას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას საქართველოში


საქართველოში უკვე რამდენიმე წელია 26 ივნისს ნარკომანიასთან და ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ნარკომანიით დაავადებულ პირთა რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ამჟამად 50 000-ს გადააჭარბა. მაგრამ, ექსპერტთა შეფასებით, ეს რაოდენობა ვერ ასახავს საქართველოში შექმნილ რეალობას. მათივე ვარაუდით, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა რაოდენობა დღესდღეობით 500 000-ს აღწევს. რა მდგომარებაა და როგორ ებრძვიან ნარკომანიას საქართველოში?

ნარკომანიასთან და ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ტრადიციისამებრ, ანტინარკოტიკული სფეროს ექსპერტებმა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის სამხრეთკავკასიური ანტინარკოტიკული პროექტის კონფერენციაზე.

ექსპერტული შეფასებით, საქართველოში ნარკომანიისა და ნარკოტიკების ბრუნვის პრობლემის გამწვავებას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს. რამდენიმე მათგანზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე აკაკი გამყრელიძე:

[აკაკი გამყრელიძის ხმა] ”გარშემო მოცული ვართ იმ ქვეყნებით, სადაც საკმაოდ სერიოზულად ხდება ნარკოტიკების ტრაფიკი და, რაც მთავარია, ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიები, სადაც არა მარტო ხდება ტრანზიტი, არამედ გვაქვს ინფორმაციაც, რომ იქ ამზადებენ კიდეც.”(სტილი დაცულია)

აკაკი გამყრელიძის აზრით, ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გარკვეული ეფექტი იქონია და საქართველოში მოხმარებული ნარკოტიკების თვალსაზრისით მდგომარეობა თანდათან იცვლება. კერძოდ, იკლო ძლიერმოქმედი ნარკოტიკების რაოდენობამ, ხოლო იმატა იაფი, ეგრეთ წოდებული დისკოთეკური, ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების დონემ.

მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების შედეგებზე ნარკობიზნესის რეაგირების შესახებ საუბრობს გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის სამხრეთკავკასიური ანტინარკოტიკული პროექტის ექსპერტი ხათუნა თოდაძე:

[ხათუნა თოდაძის ხმა] ”უამრავი თვითონ ნარკომანი თვითონ გახდა დილერი. ასევე ჩაერთო საზოგადოების ისეთი შრე, რომლებიც არ იყვნენ ნარკომაფიის წარმომადგენლები. საზოგადოების პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია იმაზე, რაც ახლა ხდება.”(სტილი დაცულია)

თუ რას უპირისპირებს ამ ტენდენციებს საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის კომენტარიდან შეიტყობთ:

[ალექსანდრე კვიტაშვილის ხმა] ”სამწუხაროდ, ნარკომანიის პრობლემა საკმაოდ დიდი არის, მაგრამ უკვე სახელმწიფო დაფინანსება ამ კუთხით დიდი არის, მომავალ წელს გაფართოვდება. მოქმედებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა. ასევე გვსურს, რომ გავაფართოოთ და გავაძლიეროთ რეაბილიტაციის პროგრამა.”(სტილი დაცულია)

დაფინანსებისა და სახელმწიფო პროგრამების გაზრდასთან ერთად ანტინარკოტიკული სფეროს ექსპერტები პრევენციული ზომების აუცილებლობაზეც საუბრობენ. უმთავრეს ამოცანად კი საკანონმდებლო ბაზის ცვლილება რჩება. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის კომენტარი:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”ახალი პროექტი არის წარდგენილი... ფაქტი ერთია, უნდა შეიცვალოს მიდგომა მომხმარებლებთან მიმართებაში და გამსაღებლებთან დაკავშირებით. დღეს არსებული კანონი, რომელიც მთლიანად ეფუძნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ჩვენთვის სასურველ შედეგს არ იძლევა.”(სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG